პატარა, მაგრამ ულამაზესი ბაღი აქვს. საკუთარი ხელით მოაწყო. ამ შედეგის მისაღწევად ბევრი იმუშავა. მუშაობას ისევ განაგრძობს, იდეებს რა დალევს და საკუთარ ბაღს მუდმივად რაღაც სიახლეს სძენს. ნუკრი მანძულაშვილი ფერმწერია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მონათესავე პროფესია, ფოტოგრაფია აღმოაჩინა. პირველი გაყიდული ნახატებით კი ფოტოაპარატი იყიდა და ფოტოგრაფიის შესწავლა თავისით დაიწყო. ახალმა საქმემ ისე შეიყოლია, რომ პირველი შეკვეთაც აიღო. ამ ყველაფერში მხატვრობა დაეხმარა. ფერები, განათება, რასაც ტილოზე აკეთებდა, ფოტოშოპშიც იმავეს გაკეთება გადაწყვიტა.
"ფოტოგრაფია თავიდან როგორც ხელოვნება, ისე მაინტერესებდა, შემდეგ კომერციაც მოვიდა, ოღონდ ბალანსი უნდა დაიჭირო ფოტოგრაფიას, როგორც ხელოვნებას, და ფოტოგრაფიას, როგორც კომერციას შორის. ამ ბალანსს ვიჭერ, რითაც კომერციულ ფოტოგრაფებს უკვირთ, ამდენი შეგიძლია და მეტ ფულს რატომ არ შოულობო? ბალანსიც ზუსტად ეგ არის, ხელოვნებას ვერ ვღალატობ. ეს ყველაფერი ბედნიერებას მანიჭებს, რადგან გულიდან წამოსული სურვილია და არა დაკვეთილი", - გვეუბნება ნუკრი მანძულაშვილი, რომელიც ლოტკინზე, მამაპაპისეულ ეზო-კარში ულამაზესი ბაღის პატრონია. რა თქმა უნდა, ეს ბუნების სიყვარულმა გააკეთებინა და კიდევ იმან, რომ პორტრეტებს ბუნებაში იღებდა და იღებს.
- ფოტო მშრალი რომ არ გამოვიდეს, კადრში სულიერი აუცილებლად უნდა ჩანდეს. სახასიათო ტიპაჟი ან სილუეტი, ცხოველი - კომპოზიციის შექმნა მიყვარს. ჩემთვის ეს საქმე სულიერი საზრდოა. სწორედ ფოტოგრაფიამ მიბიძგა, რომ ფოტოსესიებისთვის ბაღი გამეკეთებინა. მერე ბაღს ინვენტარი სჭირდებოდა, მაგრამ ისეთი, მე რომ მომეწონებოდა, საქართველოში ვერ აღმოვაჩინე. ამიტომ ჩემით დავიწყე გაკეთება. ეს მსიამოვნებდა. საკუთარი ნამუშევარი რაღაც განსხვავებული, საინტერესო, არაჩვეულებრივი მინდა იყოს. ხის დეტალებისგან ვაწყობ კომპოზიციებს, ნივთებს, საგნებს, ინვენტარს. ამჯერად არაორდინარული ბაღის სკამების კეთებით ვარ გატაცებული, მხოლოდ ხის, არანაირი რკინისა და პლასტმასის. ხე შეიძლება მალე გაფუჭდეს, მაგრამ მირჩევნია, ცოტა ხანს იყოს ასეთი არაჩვეულებრივი, ვიდრე დიდხანს და ზედ არავინ უყურებდეს.
- ესე იგი, ბაღი იმის გამო გააშენე, რომ ფოტოგადაღებისთვის შესაბამისი ადგილი გჭირდებოდა, რომ შენს გემოვნებას მორგებოდა?
- კი, მინდოდა მოდელი განსაკუთრებულად გადამეღო, რათა ღრმა სახასიათო პორტრეტი მიმეღო. სანამ ბაღს გავაშენებდი, გადაღებისთვის ვუცდიდი იმ პერიოდს, როცა, მაგალითად, სოსანი აყვავდებოდა, თან უნდა მომეძებნა ის ადგილი, რომელსაც ან ვიპოვიდი, ან ვერა. თუ გამიმართლებდა, ხომ კარგი. თუმცა ჩემს ბაღში გადასაღებად ყველაზე ეფექტური ვარდი აღმოჩნდა, საუკეთესო ფონს იძლევა.
- ბაღი და სახლი ლოტკინზე გაქვს. დიდი ხანია, ამ უბანში ცხოვრობ?
- როდესაც ლოტკინზე ხალხმა გასული საუკუნის 40-იან წლებში დასახლება დაიწყო, პირველი მოსახლე პაპაჩემი იყო. ძველი სახლია, მაგრამ მყარი, პაპამ სამშენებლო საქმე კარგად იცოდა. ამიტომ სახლს მხოლოდ კოსმეტიკური რესტავრაცია ჩავუტარე. დიდი ოჯახი ვართ, მყავს დები, დისშვილი, დედა, მამა - ყველანი აქ ვცხოვრობთ. ყველაფერი მარტომ გავაკეთე, რადგან ჩემი ოჯახის წევრებს სხვა ინტერესები აქვთ. ხელოვნებასა და ბუნების სიყვარულში მარტო მე ვარ "ჩახარშული". თუმცა ბოლოს ყველას მოეწონა.
- ბაღი რა პრინციპით შექმენი?
- პაპაჩემმა სახლი რომ ააშენა, იქვე მიაშენა პატარა ოთახებიც, რომლებიც შემდგომ მდგმურებისთვის იყო განკუთვნილი. ამიტომ ეზოში ადგილი არც იყო და მეც ძველი შენობები დავშალე და ეზო გავაფართოე.
- ამის ნებართვა ოჯახმა მოგცა?
- მდგმურების გაშვების თემა ცალკე პრობლემა იყო, ამიტომ სანამ ბაღს დავიწყებდი, დიდი "ომი" გადავიტანე. შემდგომ, როდესაც მცენარეების სამყაროში გადავეშვი, ცოტა დავიბენი, ყველა მცენარე მინდოდა მქონოდა. შეუსწავლელად ხელი არც ერთისთვის არ მომიკიდია. საერთოდ, იმის მიხედვით უნდა შეარჩიო, რომელიც საუკეთესო შედეგს მოგცემს. მაქვს ვარდი და მისი კომპანიონი ფუტკარა ვარდს გვერდს უმშვენებს. არის დელფინიუმი, სოსანი. შრომას ყველაზე კარგად ესენი მიფასებენ.
- შენს ეზოს პატარა გუბურაც უხდება... ამ პატარა სივრცეში როგორ მოახერხე ასეთი ესთეტიკის ბაღის შექმნა?
- ჩემს წარმოსახვაში რამაც გაიელვა, ყველაფერი აქ გადმოვიტანე. მიკროკლიმატი შევქმენი. გუბურა ერთი კვადრატული იქნება და ამ გარემოში მართლა ლამაზად ჩაეწერა. ძალიან მარტივად გავაკეთე: ორმო ამოვთხარე, მისი კედლები წყალგამძლე ცემენტით ამოვლესე, სადაც მერე წყალი დაგუბდა. გუბურა ლოტოსისთვის გავაკეთე. საერთოდ, ლოტოსის დიდი ოჯახი არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი ნიმფასთვის შეიქმნა.
- ეტყობა, რომ ბაღს მოვლასაც არ აკლებ...
- თავიდან ცოტა მეზარებოდა, რად უნდა მცენარეებს ამდენი შეწამვლა-მეთქი, მაგრამ ისევე საჭიროა, როგორც ადამიანისთვის კვება. ახლა კვირაში ერთხელ ვწამლავ. ბოლო დროს ძალიან გახშირდა სოკოვანი დაავადებები და თან ძალიან გამრავალფეროვნდა, შეიძლება ვარდს ისე შეეპაროს, ვერც შეამჩნიო. მოკლედ, პრევენციისთვის კვირაში ერთხელ მცენარის ფოთლებს ვწამლავ ბუნებრივი საწამლავით (შაბიამანი), საკვებად კი ბორდოს ხსნარს, "ემპეკას" ვიყენებ. მასში შედის ფოსფორი, კალციუმი, რასაც გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე ვაწვდი. ბაღი წვეთოვანი სისტემითაც დავქსელე. როცა ზაფხულში უსაშველო, მიწის გამოფიტვამდე გვალვაა, წყალს მოვუშვებ და მთელი ღამე ვტოვებ. მარტში ვარდებს ვსხლავ, სანამ კვირტები წამოვა, და მხოლოდ შემდეგ ვწამლავ. სხვა მცენარეები 2-3-წლიანია. სულ უნდა დათესო, ბაღში რომ გქონდეს. პირველ წელს ყვავილს არ იკეთებს, მხოლოდ მეორე წელს. ამიტომ მუდმივად რომ მქონდეს, ყოველ წელს ვთესავ. თადარიგს ვიჭერ.
- ბაღის მოვლას დილით იწყებ?
- დილა საამისოდ საუკეთესო დროა, საღამოს კი უნდა დაჯდე და შედეგით დატკბე.
- ბაღში კიდევ რით იწონებ თავს?
- იმით, რომ ყველაფერი ჩემი ნახელავი და ექსკლუზიურია, ბუნებრივი მასალისგანაა შექმნილი. ვისაც აქაურობას ვათვალიერებინებ, სახე უნათდებათ, მოსწონთ, იმიტომ, რომ ყველაფერი ბუნებრივია და ერთმანეთში შერწყმული. ჩემი ახალი გატაცება მარადმწვანე მცენარეებია, კერძოდ, ნაძვები. სოფელი ალპურ ზონაში მაქვს, ახლახან ვიყიდე გოსტიბეში მიწა, სადაც დეიდაჩემი ცხოვრობს. ნაძვნარის, ვერცხლისფერი ნაძვის ტყის გაშენება მანდ მაქვს გადაწყვეტილი, ჩემს ეზოში კი პატარა კაფეს ვაწყობ. ამისთვის შენობა აშენებულიც მაქვს. მინდა, პატარა ხის სახელოსნოც. იდეა სულ არის და მეც ამ ყველაფერს მივყვები.