ავტორი:

"იმის გამო გვლანძღავენ, ტაძარში რატომ დადიხართ, ხვიჩა პატრიარქს რატომ ესტუმრაო... კიდევ ჩვენზე ფიქრობს. დედას ურეკავს ხოლმე: შენ და მამამ არ ინერვიულოთო" - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელიას მამა?

"იმის გამო გვლანძღავენ, ტაძარში რატომ დადიხართ, ხვიჩა პატრიარქს რატომ ესტუმრაო... კიდევ ჩვენზე ფიქრობს. დედას ურეკავს ხოლმე: შენ და მამამ არ ინერვიულოთო"  - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელიას მამა?

ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ხვალ თავისი კარიერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩს ითამაშებს. "კვარას" გუნდი "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხეთფინალური ეტაპის მეორე მატჩში შინ "მილანს" მიიღებს. პირველი თამაში ნეპოლელებმა 1:0 წააგეს. დიდი იმედი გვაქვს, რომ კვარაცხელიას "ნაპოლი" მოახერხებს "მილანის" დამარცხებას და ნახევრაფინალში გასვლას. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გთავაზობთ ამონარიდებს ხვიჩა კვარაცხელიას მამის ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა:

- ხვიჩას პატარა ასაკიდან ეტყობოდა ფეხბურთის სიყვარული?

- რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის, მურთაზ შელიას ქალიშვილმა ანამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს 2-3 წლის ხვიჩა, რომელიც ლოგინშია და დასაძინებლად ემზადება. ანა ოთახში შედის, ხვიჩა კი ბურთს ესვრის და ყვირის, გოლ, გოლი გავიტანეო! ეს ვიდეო შემთხვევითი არ არის - მართლაც ბურთთან ერთად იძინებდა და იღვიძებდა. როცა ჩვენი ოჯახი ქალაქგარეთ გადიოდა, დიღმის მასივის მეორე კვარტალის ეზოში სიწყნარე იყო, ბავშვებიც არსად ჩანდნენ... მაგრამ დავბრუნდებოდით თუ არა, ხვიჩა მაშინვე ეზოში გარბოდა, მეზობლის ბავშვებს შეკრებდა და იწყებოდა ფეხბურთის თამაში, ჟივილ-ხივილი. თუ ვინმე იკითხავდა, რა ხდებაო? უპასუხებდნენ, ალბათ, კვარაცხელიები დაბრუნდნენო...

- გამოდის, ბავშვობაში ხვიჩა დიღმის მასივს "აღვიძებდა" ხოლმე, ახლა ქართული ფეხბურთი გამოაცოცხლა! ის თვისებები, რაც აქვს, ის ტექნიკა და სილაღე, თანდაყოლილია?

- ეს უფლისგან ნაჩუქარი თვისებებია, ასეთ რაღაცას ვერ ისწავლი... რაც "ატალანტასთან" გააკეთა, თანდაყოლილი, ინტუიციური ნიჭია. ასეთ დროს წამის მეასედში, ინსტინქტურად ხდება ბურთის გადატანა, ფეხის ან მთლიანი სხეულის მიმართულების შეცვლა... ხშირად ბურთის მიღებამდეც იცის ხოლმე, რა უნდა გააკეთოს. ოღონდ თავდაუზოგავი შრომის გარეშე ნიჭი მხოლოდ ნიჭად დარჩება. ნიჭიერი ადამიანების უმეტესობა ზარმაცია და მიხარია, რომ ხვიჩა იშვიათი გამონაკლისია. ნიჭი არც მე მაკლდა, მაგრამ ზარმაცი ვიყავი, ზოგი ჩემი თანაგუნდელი რომ ვარჯიშობდა, მე მეძინა... თამაშის დროს შეიძლება მაინც მასზე მეტი გამეკეთებინა, მაგრამ ბევრი რომ მევარჯიშა, გაცილებით მეტს არ მივაღწევდი?! ხვიჩას კი არასდროს ეზარებოდა ვარჯიში. დედაც ხელს უწყობდა: მე არასდროს მეცალა და დარი იყო, წვიმა თუ თოვლი, ვარჯიშზე თითქმის სულ დედას დაჰყავდა. ხვიჩა დილით ადრე მიდიოდა "დინამოს" ბაზაზე, ვარჯიშის შემდეგ დაიბანდა, ისაუზმებდა და სკოლას მიაშურებდა.

- "ნიუ-იორკ თაიმსის" ჟურნალისტმა დაწერა: ხვიჩა კვარაცხელიას ვარსკვლავის სტატუსმაც ვერაფერი დააკლო, ისეთივეა, როგორიც იტალიაში ჩასვლამდე იყოო. ეთანხმებით?

- ხვიჩას ისე უყვარს ფეხბურთი, ვერაფერი შეცვლის! ფეხბურთის გარდა, არაფერზე ფიქრობს. ოღონდ ახლა გაცილებით დინჯია, უფრო ძლიერი, თავდაჯერებული... მოთმინების უნარიც ბევრად მეტი აქვს! იმდენად დიდი, რომ ხშირად შემცოდებია კიდეც - ხანდახან მაინც გადააწყდება ბოღმით სავსე ადამიანების (აღარ მინდა მათი გვარები ვახსენო და რეკლამა გავუკეთო) შეფასებებს და აქეთ მე მაწყნარებს, ნუ ნერვიულობო! სამწუხაროა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი გინებით იკეთებენ "რეკლამას", ამ გზით ცდილობენ ყურადღების მიქცევას... გულწრფელად გეტყვით - განვიცდი, როცა ჩემს შვილზე ვკითხულობ ისეთ რაღაცებს, რაც არც სიმართლეა და არც დაუმსახურებია. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ გვაბრალებენ ათას სისულელეს, მიმაჩნია, რომ ასეთი სიბინძურის, ბოღმის მატარებელი ადამიანები, ყველაფერი კარგი და წმინდა რომ აღიზიანებთ, პირდაპირ რომ ებრძვიან მართლმადიდებელ ეკლესიას, ერისთვის არიან სახიფათო, რუსეთზე საშიშები არიან ჩვენი ქვეყნისთვის! როგორი მწერალი, ჟურნალისტი თუ "ფილოსოფოსი" ხარ, შენი ქვეყანა თუ არ გიყვარს, ქართველების წარმატება თუ არ გიხარია?! ხვიჩა კი მაწყნარებს ხოლმე, შენ ნუ ნერვიულობ, ასეთი რაღაცები უფრო მაძლიერებსო, მაგრამ... მაინც ძალიან რთულია. მით უმეტეს, ფაქტობრივად, ვერ გამოდის სახლიდან. მარტო არასდროს ვტოვებთ: თითქმის სულ მის გვერდით არიან ნიცა (ხვიჩას საცოლე ნიცა თავაძე - რ.შ.) ხვიჩას მეგობრები, დეიდაშვილი, ფიზიოთერაპევტი, ჩვენც ხშირად ჩავდივართ ნეაპოლში. ვცდილობთ სულ ოჯახურ სიტუაციაში გრძნობდეს თავს, რადგან გარეთ ვერ გადის. ნეაპოლის ქუჩებში მისი გასვლის შანსი არ არის!

- "როცა ხვიჩა არ თამაშობს, საქართველო მოწყენილია!" - ეს ფრაზა 100%-იანი სიზუსტით გამოხატავს იმ რეალობას, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ხდება ჩვენ გარშემო... თქვენმა შვილმა მოკლე პერიოდში მოახერხა და ქართველების უდიდეს ნაწილს მისი თამაშიდან თამაშამდე "აცხოვრებს"! საქართველო მისი თამაშის გარეშეა მოწყენილი, მაგრამ თვითონ ხვიჩა როდის არის ხოლმე უხასიათოდ, რამ შეიძლება გაუფუჭოს გუნება?

- თუ არ ვარჯიშობს, თამაშისთვის არ ემზადება, ვერ დაელაპარაკები! არასდროს დამავიწყდება, როგორ მდგომარეობაში იყო 2020 წელს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიული მატჩის წინ, როცა "კოვიდ-19" დაუდასტურდა... ოჯახის დანარჩენი წევრები ჩემს უფროს ვაჟთან გადავბარგდით, ხვიჩა კი მარტო იყო სახლში. საქართველოს ნაკრების დამარცხებაზე ისე ინერვიულა, ტელეფონითაც კი არ გველაპარაკებოდა... როცა ვარჯიშის და თამაშის შესაძლებლობა არა აქვს, მაშინ არის ყველაზე ცუდად. ეს არის მისი "მოწყენილობა".

- ფანტასტიკური საფეხბურთო მონაცემების გარდა, ხვიჩას ჰქონია იშვიათი უნარიც - ყურადღება არ მიაქციოს მის გარშემო ატეხილ უდიდეს აჟიოტაჟს... როგორ უმკლავდება საყოველთაო ყურადღებას?

- ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით! ხვიჩასთვის პირველ პლანზე არის ფეხბურთი და შემდეგ ყველაფერი სხვა. უფრო სწორად, ჯერ სიყვარულისა და თანაგრძნობის უნარი, შემდეგ კი - ფეხბურთი და სხვა დანარჩენი. ამდენი უსაფუძვლო კრიტიკის შემდეგ კიდევ ჩვენზე ფიქრობს. დედას ურეკავს ხოლმე: შენ და მამამ არ ინერვიულოთ, ეს ყველაფერი უფრო მაძლიერებსო. არადა, როგორი გასაძლებია, რაც "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ ხდებოდა?! წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად