ისტორიულ ტაოში, ართვინის პროვინციაში, ქართველთა შთამომავლობის ქალაქი იუსუფელი წყლით დაიტბორა... გადაწყვეტილება, რომ იქ დიდი კაშხალი ყოფილიყო, წლების წინ მიიღეს და ეს თურქეთის ყველაზე დიდი ჰესი იქნება ამ ტერიტორიაზე, რომელიც 2023 წელს უნდა გაიხსნას... მდინარე ჭოროხი აქ დაახლოებით 270 მეტრ სიმაღლეზე დაგუბდა, რომლის თავზე ხიდმა გადაიარა... ტაოელ ქართველთა შთამომავლობა კერას დაემშვიდობა და ახალ იუსუფელში გადავიდა.
ჟურნალისტი, პოეტი, ხელოვანი, გამომცემლობა "უქიმერიონის" დირექტორი და ხელოვანთა საზოგადოება "მზის თეატრის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი - ნათია ჯიმშელეიშვილი ათეული წლებია საქართველოსა და თურქეთის ქართველობის დაახლოებას ახერხებს და ამ მიმართულებით მან მრავალი პროექტი განახორციელა...
ნათია ჯიმშელეიშვილი ჩაძირულ მხარეზე გვესაუბრა:
- ტაო-კლარჯეთი ჩემთვის და ალბათ ყველა ქართველისთვის ძალიან მტკივნეული და ემოციური ნაწილია... ტაოში, კერძოდ, ართვინში ქალაქი იუსუფელი განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილი იყო. მე სულ ორჯერ ვარ ნამყოფი, პირველად ოთხი წლის წინ, მეორედ კი მაშინ, როცა უკვე გავიგე, ბოლო დღეებს ითვლიდა მისი არსებობა. ჭირუსუფალივით განვიცადე, ვტიროდი კიდეც და დღემდე ვტირი, რაღა დაგიმალოთ.
როცა გავიგე, რომ მალე წყლით დაიტბორებოდა, მოვძებნე ყველა უკანასკნელი სახსარი, დავუკავშირდი იქ მცხოვრებ ჩემს მეგობარს და "გამოსამშვიდობებლად" წავედი. ჩასვლიდან პირველი ღამე სასტუმროში გავათიე, გავათიე არა, უფრო სწორად, გავათენე, რადგან თვალი არც კი მომიხუჭავს.. შუქი ავანთე და ვაკვირდებოდი კედლებს, იატაკს და თითქმის ყველა უმნიშვნელო წერტილი დავიმახსოვრე, თვალში და გულში ჩავიტოვე, რადგან იმაზე ფიქრი არ მასვენებდა, რომ მალე ეს ყველაფერი წყლის ქვეშ მოექცეოდა. რომ არა ეს სევდა, ალბათ მანამდე ვერც კი შევნიშნავდი, რომ ოთახის კუთხეში, იატაკზე დამწვრობის მცირე კვალი შემორჩენოდა, რადგან ის სასტუმრო დაწვას გადაურჩა ცოტა ხნის წინ.
მოკლედ, დავდიოდი მეგობართან ერთად და ქუჩებს ვემშვიდობებოდი, საფლავების სევდა მამძიმებდა, იმ ხეების სიცოცხლე და მსხმოიარეობა მენანებოდა, რომელსაც მზერას ვატოვებდი, ნატვრის ხეზე შებმული ფერადი ლენტივით.
რაც შეეხებათ იქ მცხოვრებთ, უკვე შეჰგუებოდნენ, თუმცა სინანული იპყრობდათ. შეჰგუებოდნენ, რადგან იუსუფელის ისტორიაში ის სწორედ მეხუთე ადგილი იყო, სადაც სიცოცხლეს კვლავ ემშვიდობებოდა განწირული ქალაქი.
- თუ ეწვიეთ ქართულ ტაძრებს, ციხეს?
- იმ დროს მხოლოდ ქალაქი იუსუფელი იყო გასაჭირში, რასაკვირველია, მე ვერაფერს ვშველოდი, მხოლოდ გულს ვიოხებდი, რომ გამომშვიდობების გარეშე არ დამრჩენოდა... ამიტომ ტაძრებს არ ვესტუმრე, მაგრამ ვესტუმრე ქართულ სოფელ ხევაის.
იუსუფელის რაიონში 60 სოფელია, აქედან მხოლოდ სამია ქართული, ერთ-ერთი მათგანია სოფელი ხევაი. მჭედლიანთ უბანს ვსტუმრობდი, ჩემი ძვირფასი მასპინძლები იყვნენ ალი ოსნან კიბარ (მჭედლიძე ) და იაშარ გიულერ (მჭედლიძე)... ურთიერთობამ გამაოცა სწორედ, რადგან ეპოქალური სირთულეების გავლის მიუხედავად, ქართულია მათი ბევრი რამ. არც კი მიგრძვნია, რომ მათთან პირველად ვიმყოფებოდი, ჩემი ბავშვობის დანარჩენ სოფლის მთა-გორებს მივამსგავსე.
სოფელი ხევაი ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს, იქ შემორჩენილი ძველი ქართული, ტაოს დიალექტი დამსახურებაა, სწორედ იმ მიუვალი გზებისა და რთული რელიეფისა, რომელიც ოსმალეთის დროს არსებობდა. მათი კულტურა არსად არ მეორდება მთელს თურქეთში, რადგან იზოლირებულები იყვნენ ცენტრალური მდებარეობიდან. აქედან გამომდინარე, კერძებიც კი მათი "იზოლაციის კულტურის" მთავარი შემადგენელი ნაწილია.
იუსუფელი ტურისტული ქალაქი იყო, ამოდენა ხევებში მწვანედ ჩაფლული პატარა სამოთხე, სადაც მდინარე პარხალი მიედინებოდა, სუვენირებიც დამახასიათებელი იყო ქართული სიმბოლოებით. ქართულადაც გაიგონებდით საუბარს, რადგან ართვინის ოლქია და ქართული ხშირად ისმის.
ისტორიკოს იაშარ გიულერთან საუბრისას გავიგე, თუ რამოდენა პატივს სცემდნენ დღემდე მეფე თამარს, მისი სილამაზის ისტორია ხალხში დადის და ლამაზ ახალშობილ გოგოზე იტყვიან - თამარი დაიბადაო.
თამარის კვალსაც აღნიშნავენ, თუ რომელიმე ქართულ ციხე-მონასტერზე ყვებიან, თანვე მოაყოლებენ, თამარის აშენებულიაო. ეს რწმენა ერთგვარი უწყვეტი ძაფია თავის ისტორიულ სამშობლოსთან.
- ახალ იუსუფელშიც იყავით?
- ახალი იუსუფელი ახალშობილი ბავშვივით მომეჩვება, ალბათ, ასეა ყველაფერი, რაც თავიდან იწყებს არსებობას. იქაც ბევრი რამ იყო, რასაც თვალით ვისაკლისებდი, უფრო მეტად სიმწვანე, რაც სიცოცხლის უნარიანობას სძენს ქალაქს და არა მარტო... ადამიანებიც აკლდა იქაურობას, ამიტომ მხოლოდ ასანთის კოლოფებივით დადგმული ნაცრისფერი კორპუსებით დიდად ვერ მოვიხიბლე, თუმცა არც უიმედო განწყობით წამოვსულვარ.
უფრო მეტად, ზევიდან ქვემოთ, დასახრჩობად გამზადებული ქალაქისკენ გამომირბოდა მზერა. ისეთი შეგრძნება მქონდა, აი, დასაკლავად გამზადებული ხარი იწვა თითქოს ხევში, ან ჩამოხრჩობამისჯილი, წარსულზე ჩაფიქრებული პატიმარი.
როცა დატბორვა დაიწყო, იმ დღიდან მწერდნენ იქ მცხოვრები მეგობრები, მიგზავნიდნენ ფოტოებს, ვიდეოებს, მათ იციან ჩემი განცდების შესახებ და რასაკვირველია, თავადაც ჩემს თანაგანცდაში პოულობენ იმ სევდის თავშესაფარს, რომელსაც ისე აშკარად ვერ, ან არ გამოხატავენ. თუმცა მე მათ მძიმე ამოსუნთქვაში მესმის უხმო ტირილის ხმა. მე ვუცქერ ამ ყველაფერს და ხან ლექსებად დავტირი, ხან უბრალო, არაფრისმომტანი სიტყვებით.