სამების საკათედრო ტაძარში მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის რიტუალი სრულდება. მსახურება სიმბოლურად ჯვარცმული იესო ქრისტეს დაკრძალვასა და დატირებას ასახავს.
რიტუალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მესაყდრე მეუფე შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან ერთად აღასრულებს.
დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.
მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - „საფლავი“, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული.
დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.