საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რიკოთის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილების გატარება დაიწყეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად ახალი რეჟიმი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ამ დროისთვის აღნიშნულ გზაზე, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში დაშვებულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მობილიზებული არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, გამართულ საავტომობილო მოძრაობას უზრუნველყოფენ და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით საგზაო მოძრაობას არეგულირებენ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა 13 აპრილის 07 საათიდან აღდგება.
"2023 წლის 13 აპრილიდან ყოველდღე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი რეჟიმებით:
მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირთო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად.
ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნახეთ ვიდეო - შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის სახაზო განყოფილების უფროსის, დავით გვიმრაძის კომენტარი: