ავტორი:

"დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, მყავს მეუღლე... გადავწყვიტე, თეთრი კაბა ესპანეთის ულამაზეს ქალაქში ჩამეცვა" - ყოფილი "ვიცე მის საქართველოს" თავგადასავლებით სავსე ცხოვრება

"დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, მყავს მეუღლე... გადავწყვიტე, თეთრი კაბა ესპანეთის ულამაზეს ქალაქში ჩამეცვა" - ყოფილი "ვიცე მის საქართველოს" თავგადასავლებით სავსე ცხოვრება

"მის სამყაროზე" მონაწილეობისას გადავწყვიტე, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩემი ბოლო ლამაზი გამოსვლა სამოდელო კარიერაში, რადგან დრო აღარ მრჩებოდა იმისთვის, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი საკუთარი თავის წინაშე, დროს რომ არ ვუთმობდი ბავშვობის ოცნებას... ერთ-ერთ ცნობილ, ქართულ მუსიკალურ შოუში ასეთი სიტყვები ვთქვი: არ მინდა ადამიანები მხოლოდ ვიზუალით მაფასებდნენ. მინდა გამიცნონ, როგორც მომღერალი, არა მხოლოდ როგორც მოდელი-მეთქი და დღესაც ამ აზრზე ვარ!" - ამბობს უმშვენიერესი ლარა იანი... იგი თავის საინტერესო ცხოვრებაზე ვრცლად გვესაუბრა...

- როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა, პრინცესულად იზრდებოდით?

- ბავშვობა ყოველთვის ტკბილად მახსენდება, რაც მშობლების დამსახურებაა. ჩემი ყველა ოცნება სრულდებოდა, რისთვისაც მათი დიდი მადლობელი ვარ! როგორც მახსოვს, ძალიან მომთხოვნი ვიყავი, უარი არ მიიღებოდა. მთელი ჩემი ცხოვრება მუსიკას და სცენას უკავშირდება, შესაბამისად სახლში, სტუმრად, ბაღში, სკოლაში, ყველგან აუცილებლად ყურადღების ცენტრში უნდა ვყოფილიყავი...

- სკოლაში სწავლითაც გამოირჩეოდით?

- სწავლას არცთუ ისე მიყვარდა. სკოლა რუსეთში დავამთავრე. მოსწავლეობის პერიოდის გახსენება არ მიყვარს. სიმართლე გითხრათ, ბავშვობაში დიდი სილამაზით არ გამოვირჩეოდი. სკოლის მოწაფეებზე რომ კომედიური ფილმებია, იქ აუცილებლად არის ასეთი პერსონაჟი: ორი ნაწნავი, სათვალე, ჩაკეტილი, მეგობრები რომ არ ჰყავს - აი, ეგეთი პერსონაჟი ვიყავი.

- ქართულის ასე სრულყოფილად ცოდნა თქვენი მშობლების დამსახურებაა?

- დიახ, მათი დამსახურებაა, ოჯახში მხოლოდ ქართულად ვსაუბრობდით. ერთი წლის ვიყავი, როდესაც საცხოვრებლად რუსეთში გადავედით. 23 წელი იქ ვიცხოვრე, საქართველოში ზაფხულობით, ერთი ან ორი თვით ჩამოვდიოდით... წლიდან წლამდე, საქართველოში ჩამოსვლამდე დღეებს ვითვლიდი. ვიცოდი, აქ როგორ მელოდებოდნენ მეგობრები, მეზობლები... უზომოდ მენატრებოდა აქაური ბუნება, ქართული ყველი, პური...

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მანქანით ვმოგზაურობდით, ყოველ წელს 2500 კილომეტრს გავდიოდით და ეს უფრო ტკბილად მახსენდება. რაც უფრო ვუახლოვდებოდით საქართველოს, მით უფრო იგრძნობოდა სითბო, როგორც სულიერი, ასევე კლიმატის... ძირითადად, კახეთში ჩავდიოდით, რადგან სოფელი იქ მაქვს. თელავშიც გვაქვს სახლი. სამწუხაროდ, მაშინ თბილისს არ ვიცნობდი და ამიტომ სურვილიც არ მქონია, აქ დამესვენა.

- თელავში გატარებული პერიოდი ალბათ, განსაკუთრებულია ბავშვობის მოგონებებიდან...

- თელავი 12 წლის ასაკში გავიცანი. ძალიან შემიყვარდა პატარა, მაგრამ უზომოდ თბილი და ლამაზი ქალაქი. საკმაოდ ცნობილია სტუმართმოყვარეობით და გულგრილს არავის ტოვებს... ალბათ დამეთანხმებით, რომ 10-15 წლის წინ ცხოვრება უფრო ფერადი იყო. ბევრად ბედნიერი ვიყავი: მეგობრებთან ერთად თეატრში დავდიოდი, ბევრი კონცერტები იმართებოდა, საღამოობით ნადიკვარზე ახალგაზრდები გიტარაზე უკრავდნენ... სურათებს რომ ვიღებდით, საერთოდ არ ვიცოდით, ფოტოებში როგორ გამოვედით, სანამ არ წავიდოდით ფირის გასამჟღავნებლად.

- პროფესია როდის აირჩიეთ?

- პროფესია ორი წლის ასაკში შევარჩიე ან თვითონ პროფესიამ შემარჩია... უნივერსიტეტში არ ჩამიბარებია და ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. მინდოდა მუსიკისთვის დამეთმო მთელი ჩემი დრო.

- მუსიკალურ კარიერაზე გვიამბეთ...

- ოჰ, ეს თემა ჩემთვის მნიშვნელოვანია. 12 წლისამ მშობლებს ვთხოვე, სადმე მიმიყვანეთ, სადაც ამ კუთხით განვითარებას შევძლებ-მეთქი. მალევე მოძებნეს მუსიკალური სტუდია... 12-დან 18 წლამდე უამრავი ჯილდო, დიპლომები შევაგროვე. მონაწილეობა საკმაოდ ცნობილ მუსიკალურ კონკურსებზე და შოუებში მივიღე, 100 სიმღერაზე მეტი ჩავწერე. საკუთარი მუსიკის წერა დავიწყე და როგორც მომღერალი, ჩამოვყალიბდი.

- გვიამბეთ თქვენს სამოდელო კარიერაზე?

- რუსეთში, საახალწლო პერიოდში სავაჭრო ცენტრში ლამაზი კაბის შესაძენად წავედი. კაბებს რომ ვიზომებდი, შევნიშნე, ერთი ძალიან ლამაზი ქალბატონი თან რაღაცებს ათვალიერებდა, თან მე მაკვირდებოდა. მაშინ 17-ის ვიყავი... როდესაც გადავწყვიტე, რაც უნდა შემეძინა, მოვიდა და მკითხა, თუ რომელი სააგენტოს მოდელი ვიყავი. როდესაც ვუპასუხე, რომ არც ერთის, სავიზიტო ბარათი დამიტოვა და მთხოვა, სილამაზის კონკურსის კასტინგი იმართება და აუცილებლად მოდიო... თურმე, სილამაზის კონკურსების ორგანიზატორი გახლდათ.

- საქართველოში როგორ აღმოჩნდით კონკურსებზე?

- "მის საქართველოს" კასტინგზე შემთხვევით მოვხვდი. რუსთაველზე ვსეირნობდი, ბევრი ლამაზი გოგო დავინახე სააგენტოს კართან. მივედი და ვიკითხე, რა ხდება-მეთქი?.. შემდეგ გადავწყვიტე, მეც მესინჯა ბედი, რადგან სამოდელო სფეროში უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა. "მის სამყარო 2018"-ში მიღწეული წარმატება დიდი ბედნიერება და პასუხისმგებლობა იყო. არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა, მაგრამ მე ეს შევძელი და ძალიან ამაყი ვარ!

სიმართლე გითხრათ, ჩემი სამოდელო კარიერა ჩემს მუსიკალურ წინსვლებს ძალიან ჰგავს... სილამაზის კონკურსებით დავიწყე, შემდეგ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვევა მივიღე, ბევრი ვიმოგზაურე, რაღაც პერიოდი მილანში სამოდელო კონტრაქტითაც ვიცხოვრე... როგორც უკვე ვახსენე, ჩემი ფინალური და ყველაზე საამაყო სილამაზის კონკურსი იყო "მის სამყარო 2018", სადაც საქართველოს სახელით გავემგზავრე.

მაშინ გადავწყვიტე, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩემი ბოლო ლამაზი გამოსვლა პოდიუმზე, რადგან დრო აღარ მრჩებოდა იმისთვის, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა! თავს დამნაშავედ ვგრძნობდი საკუთარი თავის წინაშე, დროს რომ არ ვუთმობდი ბავშვობის ოცნების ახდენას...

- როგორც ახსენეთ, თქვენთვის განსაკუთრებული იყო და დღეს როგორ გახსენდებათ კონკურსი "მის სამყარო"?

- "მის სამყარო 2018" ჩემთვის იმდენად დიდი პასუხისმგებლობა იყო, იმდენად ვნერვიულობდი, იმ ორ კვირას, რაც იქ გავატარე, მხოლოდ ფოტოებით და ვიდეოებით ვიხსენებ. იმის იქით არაფერი მახსოვს... წარმოიდგინეთ, ოდესმე რომ თქვენთვის საოცნებო ადგილას მოხვდეთ, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ თქვენი ემოციური მდგომარეობა დაგამახსოვრდებათ.

დილის 7 საათიდან თითქმის ყოველდღე, ათსაათიანი რეპეტიციები გვქონდა. საკმაოდ მკაცრი პედაგოგები გვყავდა, ყოველ წუთს კამერებით გვიღებდნენ, მონაწილეები თავს ნამდვილ ვარსკვლავებად ვგრძნობდით. გარეთ გულშემატკივრები პლაკატებით, დროშებით გველოდებოდნენ. ჩვენს სახელებს და ქვეყნებს გაჰყვიროდნენ, სასწაული იყო!

- ხშირად ისმის თქვენი მისმართით, რომ გარეგნობით ახალგაზრდა კეტრინ ზეტა ჯონსს ჰგავხართ...

- დიახ... ფილმში "ზორო" რომ თამაშობს, აი, მაგ პერიოდის კეტრინს... ძალიან სასიამოვნოა, როცა ასეთ ლამაზ და ნიჭიერ ქალს მამსგავსებენ.

- რას გვეტყვით თქვენს პირად ცხოვრებაზე?

- პირად ცხოვრებაზე არასდროს ვსაუბრობ, ამიტომაც ჰქვია პირადი... თუმცა ვაღიარებ, დღეს ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. მყავს მეუღლე, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ. მინდა ყველა ქალი ისეთი ბედნიერი იყოს, როგორიც მე ვარ!

- როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

- ჩემი დილა 9 საათზე იწყება. გაღვიძებიდან ერთ საათს აუცილებლად მხოლოდ საკუთარ თავს ვუთმობ, ეს იქნება ჩაის მირთმევა, წიგნის კითხვა თუ თავის მოვლა, ეს დრო ჩემია... არაფერია განსაკუთრებული. ვვარჯიშობ, დროს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვატარებ, მუსიკას ვწერ და ზაფხულს ველოდები... ოჯახში ახალი, პატარა მეგობარი, ძაღლი მოლი მყავს, რომელიც ასევე ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. როცა საქმე არ მაქვს, მასთან ერთად ვერთობი. ვსეირნობთ, ფოტოებს ვიღებთ.

- მოგზაურობა გიყვართ. ქორწილიც საზღვარგარეთ გქონდათ?

- დიახ, მოგზაურობა ძალიან მიყვარს, რამდენიმე თვის წინ ბარსელონასა და პარიზში ვიყავით... ქორწილი არ გვქონია. გადავწყვიტე, თეთრი კაბა ესპანეთის ულამაზეს ქალაქში ჩამეცვა. ძალიან ვიწრო სამეგობრო წრეში ლამაზი დღე გავატარეთ..წაიკითხეთ სრულად