უკანასკნელ ათწლეულებში ქართული მხატვრული ლიტერატურა სწრაფად ვითარდება და წიგნის თაროები სულ უფრო მეტი ქართველი ავტორის ნაწარმოები გვხვდება. თავისთავად, განსხვავდება მათი თემატიკაც და სხვადასხვა აქტუალურ გამოწვევასა თუ საკითხს ეხება. მიუხედავად ამისა, ლიტერატურულ წრეებში ისევე როგორც ფართო საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა სათანადოდ ვერ ასახავს ქვეყანაში მიმდინარე ისტორიულ პროცესებს და მათ ლიტერატურაში სათანადოდ გადატანას ვერ ახერხებს.
პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში გამორჩეული ნაწარმოებია ნაირა გელაშვილის „პირველი ორი წრისა და ყველა სხვა“, რომელიც მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ნაწარმოებია და მასში მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ისტორიული სინამდვილის სიღრმისეული ანალიზია მოცემული.
ნაირა გელაშვილმა რომანი 1992-1994 წლებში დაწერა. თუმცა 2008 წელს საბოლოო რედაქცია გაუკეთა და რამდენიმე პასაჟი დაამატა. პირველად რომანი 2009 წელს გამოიცა და კრიტიკოსებმა ის შეაფასეს როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების მხატვრული გააზრებისა და შეფასების უაღრესად წარმატებული მცდელობა. „მწერალი მრავალფეროვანი მხატვრული ხერხების საშუალებით თანამედროვე საქართველოს ყოფა-ცხოვრების თითქმის ყველა მხარეს გვიჩვენებს. და პასუხს სცემს უამრავ შეკითხვას, რაც აუცილებელია ერის სამომავლო პერსპექტივისათვის,” - სწორედ ასე აღწერდნენ მას.
რომანს საზოგადოებაში სათანადო გამოხმაურებაც მოჰყვა. 2010 წელს მას მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი“.
ნაწარმოებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თავად ავტორისთვისაც. წიგნის პირველი წარდგენის დროს ნაირა გელაშვილი ნაწარმოების დაწერის პირველ იმპულსებს შემდეგნაირად იხსენებდა:
„დიდი დრო რომ გადის, მერე გავიწყდება, რატომ წერდი და რა იყო იმპულსი და რა გაწერინებდა. ეს რომანი 1994 წელსაა დამთავრებული და არც მინდოდა გამოქვეყნება და რაღაცნაირად მინდოდა ის სინამდვილე დამევიწყებინა, ისევე, როგორც ბევრს სურს დავიწყება ჩვენი უახლოესი წარსულისა, რომელიც მთლიანად შედგება ტრავმების წნულისაგან. ეს განცდა მახსოვს, „დრო, დრო აღნიშნე“, გალაკტიონის სიტყვები, რომელიც თითქოს რაღაც ანდერძივითაა. მაგრამ ჩემთვის მაინც მთავარი არის ის, რომ ესაა მცდელობა დაასახელო მიზეზები, რამაც გამოიწვია საქართველოს პერმანენტული მარცხი და პერმანენტული უიღბლობა და რაც დღესაც იწვევს კიდეც, რადგან ის მიზეზები აღმოფხვრილი არც ახლა არ არის და გრძელდება“.
გამორჩეულია რომანის წერის სტილიც. ის არის მხატვრული ნაწარმოები, კლასიკური რომანი, თუმცა მასში თავს იყრის არაერთი პოეტური ნიმუში, ლექსი, მინიატურა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნაირა გელაშვილის მიერ თარგმნილი ტექსტები. ეს ყველაფერი კი ძალიან კარგად ჯდება ნაწარმოების საერთო ჩარჩოში, რადგან მოქმედება ერთ კონკრეტულ ადგილას, კონკრეტულ დაწესებულებაში „მთარგმნელობით კოლეგიაში“ ვითარდება. ის გახლდათ რეალური დაწესებულებაში, რომელიც ნაირა გელაშვილმა საკუთარი გამონაგონითაც შეავსო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, წიგნმა გამოცემისთანავე საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. თუმცა ის არც თუ ისე დიდი ტირაჟით იყო გამოცემული და მარაგი მალევე ამოიწურა. რომანისადმი დაინტერესება კი წლების განმავლობაში არ წყდებოდა. სწორედ ამიტომ გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ მისი ხელახლა გამოცემა გადაწყვიტა.
ახალი გამოცემის ანოტაცია პოეტ და მთარგმნელ გიორგი ლობჟანიძეს ეკუთვნის. ანოტაციაში ვკითხულობთ:
„რა ხდება მაშინ, როცა ვინმე იმისგან განსხვავებულად აღწერს სინამდვილეს, როგორც ჩვენ ის წარმოგვიდგენია? ვბრაზდებით თუ ვცდილობთ, განსხვავებულში სიმართლის მარცვალი მაინც დავინახოთ და მერე ეს ყველაფერი ისევ ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ?
რომანიდან ჩანს, რომ სინამდვილის ამა თუ იმ ინტერპრეტაციაზე გაბრაზებაც კი უკვე სინამდვილის გააზრებაა. და ეს უკვე კარგია, რადგან რეალურად კატასტროფა სინამდვილეზე ურეაქციობას, სინამდვილის გაუაზრებლობას და მის აუთვისებლობას მოსდევს და ისტორიაში თუ თანამედროვეობაში. ასე, გაუაზრებლად დატოვებული ნებისმიერი მოვლენა მერე სასტიკად იძიებს შურს ჩვენსავე მომავალზე.
ამიტომაც, სხვა ყველა ღირსებასთან ერთად, ნაირა გელაშვილის „პირველი ორი წრე და ყველა სხვა“ იმით არის უმნიშვნელოვანესი რომანი, რომ საქართველოს უახლესი წარსულის სიღრმისეული გააზრების მცდელობას წარმოადგენს.“
რომანი „პირველი ორი წრისა და ყველა სხვა“ უკვე ხელმისაწვდომია წიგნის მაღაზიებში.