„ერთი კვირა ერთ ოთახში“ - ეს თათული ღვინიანიძის ახალი წიგნია, რომლის მარაგიც წიგნის მაღაზიების ნაწილში დახლებზე გამოჩენის დღესვე ამოიწურა. წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია კი 11 აპრილს, 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ (კანდელაკის 7) გაიმართება. თათული „პალიტრა L-ის“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულია. მისი პირველი წიგნი „აღიარება ხელისგულზე“ რამდენიმე წლის წინ გამოვიდა და დღემდე ბესტსელერების სიაშია. ამჯერად კი ცნობილი ბესტსელერის ავტორი მკითხველს ახალ წიგნს წარუდგენს. წიგნის ფართო საზოგადოებისთვის ოფიციალურ წარდგენამდე თათული მის შესახებ თავად გვესაუბრება.
მოგვიყევით თქვენს ახალ წიგნზე...
ორ ძირითად ასპექტს გამოვყოფდი: 1. წიგნით „ერთი კვირა ერთ ოთახში“ მინდოდა დავხმარებოდი ადამიანებს, რომლებიც მენტალური გამოჯანმრთელების რთულ გზას გადიან. მსურდა მათთვის მდგომარეობა შემემსუბუქებინა და იმედი მიმეცა; მეჩვენებინა, რომ მარტო არ არიან; დამენახებინა, რომ ამ ბრძოლის მოგების დიდი შანსი აქვთ და საბოლოო ჯამში, მათი ცხოვრება არათუ ძველ კალაპოტს დაუბრუნდება, არამედ უკეთესი გახდება; იმიტომ, რომ როცა საკუთარ თავთან ამხელა ომს იგებ, შეუძლებელია სამყარომ არ დაგაჯილდოვოს; მთავარი ჯილდო კი შენი რეზისტენტულობაა; ისევე როგორც, ყველა იმ შეკითხვაზე პასუხი, რომელმაც ფასეულობათა სისტემა შეგიცვალა, ახლებურად დაგანახა სამყარო და გამოგბრძნიდა. ჩემი მიზანი იყო, საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, როგორ აისახება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმები ინდივიდებზე, რომლებიც აღნიშნული გამოწვევის წინაშე დგანან, ან უკან ჩამოიტოვეს ეს მძიმე პერიოდი.
2. ასევე, მიზნად დავისახე მშობლებსა და შვილებს შორის ჩატეხილი ხიდების აღდგენა. „უფროსები“ და „უმცროსები“თითქოს ერთ ენაზე საუბრობენ, მაგრამ მაინც არ ესმით ერთმანეთის, რაც ხშირად სიტუაციას ართულებს, ზოგჯერ კი გაუსაძლისს ხდის მას; გაუგებრობებით სავსე „ყრუ პროცესები“ - დაპირისპირება, ერთმანეთის დადანაშაულება, განკითხვა და გულისტკივილი - აუცილებლად აისახება პიროვნებაზე ზრდასრულობაში - უმარავი შინაგანი კონფლიქტის სათავე ხდება. ვფიქრობ, წიგნის წაკითხვის შემდეგ შვილები მშობლების შესახებ იმას შეიტყობენ, რაც ჩვეულებრივ, მხოლოდ მას შემდეგ ხდება ნათელი, როცა თავად ხდებიან დედები ან მამები; ზრდასრულები კი იმ ლიბრს ჩამოიხსნიან, რომელიც თვალთახედვის არეალს უზღუდავს და შვილების თვალით აღქმულ რეალობას აღმოაჩენენ; ეს რეალობა მათ სუბიექტურ რეალობასთან ერთად თანაარსებობს, თუმცა, საკუთარ შეუმცდარობაში დარწმუნებულებს ყურადღების მიღმა რჩებათ. შედეგად, ორივე მხარე - შვილებიცა და მშობლებიც - თითო ნაბიჯს გადადგამენ ერთმანეთისკენ.
სწორედ ამიტომაა გამორჩეული და განსაკუთრებული რომანი „ერთი კვირა ერთ ოთახში“.
როგორ შეურჩიეთ რომანს სახელი?
პერსონაჟებმა (ლუკასმა და მატილდამ) თავად აირჩიეს წიგნის სათაური. მე და ჩემს გმირებს სპეციფიკური ურთიერთობა გვაქვს - ისინი ისეთივე ცოცხლები და ნამდვილები აირან როგორც თავად ვარ (მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია); ასე რომ მათი ქმედება - რომელიც ზოგჯერ „ჟამთააღმწერლის“ ან „მემატიანის“ როლში უფრო მამყოფებს, ვიდრე შემქმნელის - საშუალებას იძლევა თავადვე დაასათაურონ თავიანთი ამბავი. ზედგამოჭრილი სახელია იმ ისტორიისთვის, რომელიც წიგნშია მოთხრობილი.
რით განსხვავდება თქვენი ახალი წიგნი პირველი წიგნისგან „აღიარება ხელისგულზე“?
თუკი პირველ წიგნში კონცენტრირებული ვიყავი ამბავსა და სიმბოლიზმზე (რომელიც, სამწუხაროდ, დიდწილად აღუქმელი დარჩა), ამჯერად ყურადღება მიმართულია ადამიანის სულიერი სიღრმისკენ. რაკურსი შეცვლილია იმდენად, რამდენადაც პირველ წიგნში პროტაგონისტთან ცოდნა მოდიოდა გარესამყაროსგან, მეორე წიგნში კი ვაწყდებით ამ ცოდნის საკუთარ თავში აღმოჩენის წარმატებულ მცდელობას. მნიშვნელოვანია, რომ პერსონაჟები მეტად დროს უთმობენ რეტროსპექტივასა და თვითანალიზს. თუკი წინა წიგნში, გმირთა სიბრძნე სხვათა ამბების რეფლექსიის ანარეკლი იყო, ამჯერად თვითჩაღრმავება განაპირობებს ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებებთან მიახლოებას.
ამჯერად პროტაგონისტი ბიჭია და ნაწარმოები კვლავ პირველ პირშია დაწერილი. რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული მამაკაცის თვალებით სამყაროს აღქმა?
წიგნში პროტაგონისტის სამი ასაკია გამოყოფილი: სკოლის პერიოდით წარმოდგენილი „მორჩილების ეპოქა“; ველური სტუდენტობით წარმოჩენილი „გათავისუფლება“ და „დაღვინებული მდგომარეობა“ - ოჯახით დაგვირგვინებული ზრდასრულობა (როცა მეუღლე და მამაა); ლუკასი სწორედ ზრდასრულობის გადმოსახედიდან იხსენებს განვლილ ცხოვრებას, აღწერს წარსულ მოვლენებს და აფასებს მის საქციელებსა თუ სულიერ წიაღსვლებს, რომლებმაც მიიყვანა იმ კონკრეტულ წერტილში, საიდანაც მოვლენათა ამგვარი შეფასება შეუძლია. გარდა იმისა, რომ დიდი გამოწვევა იყო მამაკაცის ტყავში შეძრომა, ამას თან დაერთო ლუკასის ასაკის, მსოფლმეხვეობისა და თვითაღქმის ცვლილება; უნდა წარმომეჩინა, როგორ ვითარდებოდა. მომიწია მასთან ერთად ვყოფილიყავი სხვადასხვა ასაკის, გადამელახა გარდატეხის პერიოდი, შემებიჯებინა სტუდენტობაში და საბოლოოდ „დავკაცებულიყავი“ კიდეც; მესაუბრა შესაბამისი მანერით ყოველ ჯერზე, რადგან განსხვავებული ცხოვრებისეული ეტაპები მისგან გასხვავებულ ლექსიკას, თავდაჭერასა და ემოციებს მოითხოვდა, ისევე როგორც მოვლენების ავთენტურ შეფასებას. არ ვიტყვი რომ მარტივი იყო, მაგრამ ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო თავგადასავლად მიმაჩნია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ცხოვრებაში კაცად ყოფნაც „დავაგემოვნე“.
პირველი წიგნი ქალებს ეძღვნებოდა და მათ გაძლიერებას ემსახურებოდა. ვის უძღვნით მეორე წიგნს და რატომ?
მეორე წიგნს მშობლებს ვუძღვნი, მათ შორის საკუთარსაც (შანსს გამოვიყენებ და ორივეს ვეტყვი, რომ მთელი არსებით მიყვარს და მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებიათ). მშობლებსა და შვილებს შორის, ჩვეულებრივ, ძალიან რთული, ჩახლართული ურთიერთობა ყალიბდება. მაშინაც კი, თუ ერთმანეთთან ახლოს არიან, აუცილებლად დგება მომენტი, როცა განხეთქილების ვაშლი ჩამოვარდება, რაც ხშირად იმითაა განპირობებული, რომ მშობელს შვილისთვის ხელის გაშვება უჭირს და მას დამოუკიდებელ პერსონად ვერ აღიქვამს. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი და ცოტა არ იყოს ეგოისტური მიდგომაა. მეორე მხრივ, შვილი ვერ აცნობიერებს (ან გვიან აცნობიერებს), რომ როგორც მეცნიერულად (გენეტიკა მშვენიერი მაგალითია), ასევე ეზოთერიკულად 50%-ით დედაა და 50%-ით მამა; მათი სიმბიოზით რაღაც ინდივიდუალური და დამოუკიდებელი იქმნება, თუმცაღა მაინც ორივე მშობლის „შემცველია“ (ეს თავიდან აურიდებელი გარდაუვალობაა); ამიტომ საკუთარი თავის შესაყვარებლად და მისი სრული პოტენციალის გამოსამჟღავნებლად საჭიროა ორივე მხარე მიიღოს, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით.
ახალი წიგნის ტირაჟის დიდი ნაწილი მის ოფიციალურ წარდგენამდე გაიყიდა. ელოდით გაყიდვების ამ მაჩვენებელს?
„ერთი კვირა ერთ ოთახში“ პირველივე დღეს „ბიბლუსის“ ყველა იმ ფილიალში ამოიყიდა, სადაც კი შევიტანეთ. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიები ყოველდღიურად მარაგდებოდა, მთელი კვირის განმავლობაში წიგნი დეფიციტში იყო, რადგან დილითვე იწურებოდა დღიური მარაგი.
მოგეხსენებათ, სადებიუტო რომანი „აღიარება ხელისგულზე“ ბესტსელერი გახდა და დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა როგორც საკუთარი თავის, ასევე ჩემი უსაყვარლესი მკითხველებისა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ წინაშე. გულწრფელად რომ ვთქვა, ცოტა შემეშინდა; ვაითუ, გულშემატკივრებისთვის იმედი გამეცრუებინა?! ამიტომ დაახლოებით ექვსწლიანი პაუზა ავიღე. ამ პერიოდში საკუთარ თავს დრო მივეცი გასაზრდელად, ნელ-ნელა ვწერდი და ვმუშაობდი, პერიოდულად ამონარიდებს ვაქვეყნებდი სოციალუ ქსელში, რომ მკითხველი წერა-რედაქტირების პროცესში მაქსიმალურად ჩართული ყოფილიყო. სხვანაირად ცოცხალია პროცესი, როცა თხზულების გულის პულსაციას მკითხველიც უგდებს ყურს. ეს იყო დრო პიროვნული განვითარებისთვის, პროფესიული ზრდისთვის; როგორც ზოგადი, ასევე სპეციფიკურ მიმართულებათა ცოდნის გასაღრმავებლად. მთელი ამ დროის განმავლობაში „აღიარება ხელისგულზე“ გაყიდვას განაგრძობდა და არ ტოვებდა წლის ბესტსელერების თაროს; მეორე რომანის წერის პროცესსაც მეტი და მეტი ადამიანი ადევნებდა თვალ-ყურს; ასე რომ იზრდებოდა და იზრდებოდა რომანის „ერთი კვირა ერთ ოთახში“ მიმართ ინტერესიც. შედეგი, რომელიც საბოლოოდ მივიღეთ გაყიდვების სახით, იყო ლოგიკური დაგვირგვინება.
თქვენ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული ხართ. რაში და როგორ დაგეხმარათ ეს გამარჯვება?
გულწრფელები რომ ვიყოთ, 2017 წლამდე თანამედროვე ქართველი ავტორები (განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა) ჩრდილში იმყოფებოდნენ. კონკურსმა „გახდი ბესტსელერის ავტორი“ საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ მოგვაქცია მწერლები, რომლებიც შესაძლოა მუდამ ინტერნეტ-სივრცეში გაბნეულები დავრჩენილიყავით. ეს წამოწყება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, რადგან რთული იყო გამოცემულ ნაწარმოებთა ბედის წინასწარმეტყველება, თუმცა, ადრე თუ გვიან, რომელიმე გამომცემლობას აუცილებლად უნდა მოეკრიბა გამბედაობა... და მოიკრიბა კიდეც „პალიტრა L-მა“. კონკურსში გამარჯვება იყო ჩემი სამწერლობო კარიერის ტრამპლინი, ხორცშესხმული ოცნება. „გახდი ბესტსელერის ავტორი“ დამეხმარა სამყაროსგან დაკისრებული მისიის შესრულებაში - ათასობით მკითხველთან მიღწევასა და მის დახმარებაში.
კონკურსში მონაწილეობის დროს თუ წარმოიდგენდით, რომ თქვენი წიგნი მართლაც ბესტსელერი გახდებოდა?
ბრძოლას ყოველთვის გამარჯვების იმედით იწყებ. თუ თავიდანვე დამარცხებისთვის განეწყობი, იარათის მოქნევას რაღა აზრი აქვს?.. ყველა წიგნს საკუთარი ბედი დაანათლა სამყარომ. ყოველთვის ვიცოდი, რომ „აღიარება ხელისგულზე“ გამორჩეული იყო და ბედისწერაც განსაკუთრებული ექნებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვაგზავნიდი ქართულ გამომცემლობებში და არავინ აქცევდა ყურადღებას. შემეძლო უამრავჯერ ჩამექნია ხელი და დავნებებულიყავი, ჩამეთვალა, რომ ტყუილად ვიშრომე, მაგრამ რწმენა შევინარჩუნე. იმედია, ეს ამბავი ბევრ ადამიანს შთააგონებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ეჭვი ეპარება, სწორ გზას ადგას თუ არა... სათანადოდ ნიჭიერია თუ არა...
როგორ გაიზარდა თათული ღვინიანიძე, როგორც მწერალი 2017 წლიდან დღემდე?
რამდენად გაზრდილია თათული ღვინიანიძე, ამაზე ალბათ მკითხველებმა უნდა იმსჯელონ; ჯერჯერობით გამოხმაურება მაქსიმალურად პოზიტიურია და მიჩენს განცდას, რომ მივაღწიე ჩემს მთავარ მიზანს - „დავამარცხე“ საკუთარი თავი... სანამ წიგნს გამომცემლობაში გადავაგზავნიდი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩემს თავთან სერიოზული დიალოგი მქონდა. საბოლოოდ, ჩამოვყალიბდი, რომ ვინაიდან თავად მიმუშავია რედაქტორად, გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემეძლო მეტნაკლებად ობიექტურად შემეფასებინა საკუთარი ტექსტიც... და მეთქვა, რომ პირველ წიგნს ნამდვილად ვაჯობე. ახლა, როცა დაბეჭდილი ვერსია მიჭირავს ხელში და ვკითხულობ ხოლმე იმის ძიებაში, დღევანდელი გადმოსახედიდან რას დავწერდი უკეთესად, მოზომილი კმაყოფილების განცდა მეუფლება; რაც მარწმუნებს, რომ დაუღალავ შრომას ყოველთვის მოსდევს შესაბამისი შედეგი.
რას ეტყოდით თქვენს მკითხველებს?
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ გამომძერწეთ იმ ავტორად, რომელიც ყოველთვის მინდოდა გავმხდარიყავი და ჩემი ახდენილი ოცნების განუყოფელ, უმშვენიერეს ნაწილად გადაიქეცით! მთელი გულით მიყვარხართ და ვიცი, არასდროს მომცემთ დანებების საშუალებას, კალმის დადების უფლებას; მეც, ჩემი მხირვ, ყოველთვის ისეთ წიგნებს დავწერ, რომელიც თქვენი ბრძოლისუნარიანობის მოტივაცია გახდება და გაგახსენებთ, რამხელა საჩუქარია სიცოცხლე!