9 აპრილის ღამეს ერთ-ერთი დაღუპული ექვსი თვის ფეხმძიმე გახლდათ. ელისო ჭიპაშვილი 24 წლის იყო და რუსული სპეცრაზმის მიერ ჰაერში გაშვებულმა მომწამვლელმა აირმა გაგუდა... 9 აპრილის ტრაგედიას და ელისოს, მისი ძმა, ვახტანგ ჭიპაშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ასე იხსენებს:
"ჩემზე ხუთი წლით უმცროსი იყო. ვერცხლისწყალივით გოგო, ვერაფრით გააჩერებდი. ბავშვობაშიც ძალიან ცელქი იყო, მე კი პირიქით - წყნარი და მორჩილი. იმ ღამით ერთად არ ვყოფილვართ. ჩემი მეგობარი - გოგი მაჭავარიანი მეხვეწებოდა, რუსთაველზე წავიდეთ, იქ ხდება ყველაფერიო, მაგრამ არ წავყევი. ეს ბედისწერა იყო. შეიძლება, იმდენ ხალხში ვერც მენახა, მაგრამ... ხომ შეიძლებოდა, მენახა და გადამერჩინა?!"
- ელისო მაშინ 6 თვის ფეხმძიმე იყო. როგორ ძლებდა მიტინგებზე?
- როგორ ძლებდა კი არა, ისეთი ენერგიული იყო, დარწმუნებული ვარ, ფეხმძიმედ რომ არ ყოფილიყო, იმ საშინელებასაც დააღწევდა თავს. მიტინგებზე სიარულს ვერ დავუშლიდი, რადგან გათხოვილი იყო და თავისი საქმის თვითონ იცოდა. თუმცა ერთხელ, რუსთაველზე რომ შემხვდა, ვუთხარი: აქ რა გინდა? შინ წადი და თავს მიხედე-მეთქი... თუმცა, მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, შინ რა გააჩერებდა?!
- ელისოს გარდაცვალების ამბავი ვინ შეგატყობინათ?
- ეს 9 აპრილის დილას გავიგე. შინ დამირეკეს - მგონი, მუცელი მოეშალა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში წევსო. იქაური თანამშრომელი ქალების ლაპარაკს მოვკარი ყური, ელისოს სახელი და გვარი ახსენეს. მივვარდი - რა მოხდა-მეთქი? წამში შემომეფანტნენ. მაშინ კი ვიეჭვე, რაღაც უბედურებაა ჩვენს თავს-მეთქი. ამასობაში, ჩემი მეგობრებიც მოცვივდნენ. ამის შემდეგ ახალი სატანჯველი დაიწყო - გვამს ვერ ვპოულობდით. რესპუბლიკურის მორგში არ აღმოჩნდა... გაგვიშვეს "არამიანცში". იქამდე ძლივს მივაღწიეთ: ქუჩები, ხიდები, უბნები რუსების ტანკებით იყო სავსე და ყოველ ფეხის ნაბიჯზე რუსი ჯარისკაცები გვაჩერებდნენ. ამის მოთმენა არ გინდოდა?!
ერთმა გამაჩერა და მართვის მოწმობა და ტექპასპორტი მომთხოვა. მამაჩემის მანქანით დავდიოდი და მინდობილობა მქონდა. ჯარისკაცი მეუბნება, - თქვენს მინდობილობას ვადა გაუვიდაო. კინაღამ გავგიჟდი. მერე ჩემმა მეგობარმა უთხრა: ასეთ საქმეზე დავდივართ, რა დროს მინდობილობააო?! სხვათა შორის, იოლად გაგვიშვა. ბოლოს და ბოლოს, გვამს "არამიანცის" მორგში მივაკვლიეთ...
ძლივს ვიცანი, რადგან ჩემს დას მოგრძო სახე ჰქონდა და მომწამვლელი აირისგან სულ გასიებოდა, დამრგვალებოდა. დაჩეხესო, - ასეთი ინფორმაციაც გაავრცელეს, მაგრამ ჭრილობა საერთოდ არ ჰქონია, აირით იყო გაგუდული. გვამი არ გამოგვატანეს, ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდესო. რაღას ვიზამდით? ოღონდ სიმართლე დადგენილიყო და..წაიკითხეთ ვრცლად