ავტორი:

"ერთხელ ბუბამ თქვა, გაანებეთ თავი, ეგ რომ ფიქრობს, ჩვენ იმიტომ ვმხიარულობთო, ასეთი შეფასება იშვიათია" - კაცი, რომელმაც ეპოქა შექმნა: როგორ იხსენებენ ყველასთვის საყვარელ რობერტ ბარძიმაშვილს?

"ერთხელ ბუბამ თქვა, გაანებეთ თავი, ეგ რომ ფიქრობს, ჩვენ იმიტომ ვმხიარულობთო, ასეთი შეფასება იშვიათია" - კაცი, რომელმაც ეპოქა შექმნა: როგორ იხსენებენ ყველასთვის საყვარელ რობერტ ბარძიმაშვილს?

"არაფერი არ მებადა სიმღერის და ლექსის გარდა, მეგობარი მე ყოველთვის გვერდით მყავდა" - ეს რობერტ ბარძიმაშვილის ნამღერი სიმღერის ცნობილი ფრაზებია, რომელიც მისი შესრულებით მსმენელს ძალიან უყვარს. სიმღერას "გულმართალი კაცი“ ჰქვია და ეს ადამიანიც, ვის გახსენებასაც ახლა ვაპირებთ, ასე შემორჩა ისტორიას...

ქართული ესტრადის განვითარების საქმეში მას დიდი წვლილი მიუძღვის. მისი თაოსნობით 60-იან წლებში ლეგენდარული ანსამბლი "ორერა" შეიქმნა, შემდეგ იყო "ვია 75“, "ჯორჯია,“ "ბარძიმი“... სიცოცხლის ბოლომდე თავდაუზოგავად მუშაობდა და ახალი თაობის აღზრდის საქმეშიც სერიოზული წვლილი შეჰქონდა. ჰქონდა საბავშვო სტუდია „ლახტი,“ სადაც არაერთ, დღეს უკვე კარგად ცნობილ მუსიკოსს უსწავლია.

ანსამბლ "ორერას", რომელსაც წლების განმავლობაში წარმატებულად ხელმძღვანელობდა, არათუ ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სიხარულით ხვდებოდნენ. ეს მაშინ, როცა საზღვრები მილიონობით საბჭოთა მოქალაქისთვის დახურული იყო. ანსამბლი სიმღერებს უცხო ენებზეც მღეროდა, რაც იმ დროისთვის დიდი გარღვევა იყო. შეიძლება ითქვას, „ორერამ“ ყველა საბჭოთა სტერეოტიპი დაამსხვრია. ანსამბლმა იმ პერიოდში ჩვენში აკრძალული „ბითლზის“ რეპერტუარიდან სიმღერების შესრულება ინგლისურად გაბედა. ამ შემთხვევაში ცენზურა ვერ შეეხო, რადგან ანსამბლი თავდაპირველად უცხო ენათა ინსტიტუტთან არსებობდა და ინგლისურ ენაზე სიმღერა პრაქტიკაში ეთვლებოდა.

  • იყო ასეთი ეპიზოდიც - 1964 წელს, ლონდონში გასტროლებზე ყოფნისას „ორერა“ მუსიკალურ შეჯიბრში ლამის ლეგენდარულ "ბითლზს" შეეჯახა. მათი "დაპირისპირება" ბოლო წუთებში გადაიდო, რადგან „ბითლზს“ მოულოდნელად გადაღებებზე მოუხდა წასვლა.

„ორერას“ „75“ მოჰყვა, რომელზეც რობერტ ბარძიმაშვილი ამბობდა, ცოტა გვიან რომ შემექმნა, ბევრად პოპულარული იქნებოდაო. თუმცა 70-იანი წლებისთვის დიდად პოპულარული ჯგუფი იყო. პროფესიონალი მუსიკოსები იყვნენ და როკს უკრავდნენ. პირველი როკ-ოპერა „ალტერნატივა“ მათ წარმოადგინეს... კონცერტები ანშლაგებით მიდიოდა... რობერტ ბარძიმაშვილი, როგორც მომღერალი, ინსტიტუტის ლექტორმა, შესანიშნავმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ინოლა გურგულიამ აღმოაჩინა.

რობერტ ბარძიმაშვილმა თავის ბოლო ჯგუფს „ბარძიმი“ დაარქვა, რაც მის გვართან იყო დაკავშირებული. იმისთვის, რომ ჯგუფისთვის „ბარძიმი“ ეწოდებინა, თურმე პატრიარქთანაც ყოფილა, რომ ნებართვა ეთხოვა. გვარიდან გამომდინარე კი არქმევდა ამ სახელს, მაგრამ რადგან ბარძიმს ეკლესიურად სულ სხვა დატვირთვა აქვს, ამიტომაც მიაჩნდა, რომ პატრიარქთან ვიზიტი აუცილებელი იყო. უწმინდესმა ლოცვა-კურთხევა მისცა და სიმბოლურად პატარა ბარძიმიც აჩუქა. ჯგუფში მის მიერ არჩეული ბიჭები, მისი აღზრდილები გაერთიანდნენ.

"ორერა"

რობერტ ბარძიმაშვილი მისი საქმიანობიდან გამომდინარე პირველი მენეჯერი იყო, ასევე პირველი მუსიკალური კლიპის და კიდევ ბევრი პირველი პროექტის ავტორი. მაგრამ, როგორც ამბობენ, ბევრი და ხმამაღლა ლაპარაკი არ უყვარდა, მიაჩნდა, რომ ყველაფერს საქმით ამტკიცებდა. მისი სიმღერები სიყვარულსა და სიკეთეზე იყო და მათგან გამორჩეული ორი სავიზიტო ბარათი ჰქონდა - ავთო შარვაძის და მურმან ლებანიძის ლექსზე შექმნილი „წითელფეხება მტრედებო“ და „გულმართალი კაცი,“ რომელიც ვაჟა დურგლიშვილისა და ნუგზარ ერგემლიძის ტექსტზეა შექმნილი.

AMBEBI.GE-სთან რობერტ ბარძიმაშვილს მისი უმცროსი მეგობარი, მუსიკოსი ნუგზარ ერგემლიძე იხსენებს:

- რობერტმა ანსამბლ „75“-თან ერთად 1976 წლის თებერვალში პირველი კონცერტი გამართა. ეს იყო სენსაციური და ორიგინალური კონცერტების სერია... მუსიკოსები პირდაპირ დარბაზიდან სასცენო კოსტიუმების გარეშე ადიოდნენ სცენაზე. ეს საბჭოთა ესტრადისთვის სრულიად უცხო რამ იყო. ავიდნენ სცენაზე და თბილისში ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში (მაშინ ასე ერქვა) ფურორი მოახდინეს. მერე კონცერტებს რამდენიმე თვე ატარებდნენ... იყო ანშლაგები... ზაფხულში გასტროლებზე ბათუმში იყვნენ და რობერტ ბარძიმაშვილი იქ გავიცანი. მე სხვა ჯგუფით ვიყავი ჩასული, სადაც ბასისტად ვმუშაობდი. ამავე დროს „ოროველას“ კონცერტებიც იყო და საზაფხულო ფილარმონიის წინ გიტარით გავიარე. რომ დამინახა, თავისთან მიხმო - "ოროველაში“ უკრავთ? ისე დაემთხვა, რომ იმავე საღამოს ჩემი მეზობელი კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (წარმატებული მუსიკოსი, ცნობილი ქართული ფილმების არაერთი მუსიკის ავტორი, მათ შორის, სიყვარული ყველას უნდა,“ „მეტიჩარა“. მისი მეთვალყურეობით ლექსებს ვწერდი და როგორც ავტორი, ვიხვეწებოდი) ბათუმში იყო ჩამოსული. გაიგო, რომ პირველი ქართული როკოპერის დასაწერად ბარძიმაშვილთან იყო მიწვეული. სოსომ ჩემი თავი პოეტის რანგში წარუდგინა, რომელიც ამ როკოპერისთვის ლექსების დაწერას შეძლებდა... რობერტი მეორედ იმავე დღეს ვნახე, მკითხა - შეგიძლია როკოპერისთვის ლექსების დაწერა? ვუთხარი, რომ შემეძლო და შევეცდებოდი. ეს ყველაფერი გამიხარდა... ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

ნუგზარ ერგემლიძე, რობერტ ბარძიმაშვილი, რობერტ სტურუა როკოპერაზე ''ალტერნატივა'' მუშაობისას

მერე, რასაც დავწერდი, სოსო ანსამბლს ასმენინებდა, გამზადებულ მელოდიებში სიტყვებს ვსვამდი, არ იყო მარტივი ამბავი... ამ პროცესში მე და რობერტი დავმეგობრდით. ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე, ჩემს მუსიკას ჩემსსავე ლექსებზე ვასმენინებდი. შემდეგ მეორე პროექტიც გააკეთა, მესამე პროექტს „რეტრო“ დაარქვა. თანამშრომლობა მეგობრობასთან ერთად მისი სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. 20 წლით ჩემზე უფროსი იყო და ჩემთვის დიდი ადამიანი გახლდათ, რომელმაც სერიოზული როლი შეასრულა ჩემი შემოქმედების გზაზე. მისი რჩევები, სწავლებანი, ყოველთვის მეხმარებოდა. რაც მთავარია, ჩემი სიმღერები, როგორც კომპოზიტორის, ასევე პოეტის, აღიარა და საზოგადოებას წარუდგინა. როკოპერისთვის ლექსები რომ დამაწერინა, ამით ჯერ პოეტები მოიმდურა და მერე - მუსიკოსები.

- თამამი ნაბიჯები აქვს გადადგმული...

- მისმა ნაბიჯებმა ყოველ ჯერზე გაამართლა. ეს იყო ჯერ „ორერაში,“ „75“-ში, „ლახტში“ და შემდეგ „ჯორჯიაში“. ზუსტი ხედვა ჰქონდა, იცოდა, მუსიკოსებს რა უნდა ემღერათ და რა მოეწონებოდა მსმენელს. ადამიანების შერჩევაც ასევე ზუსტად იცოდა. ამ მიმართულებით გარკვეულ კვლევებსაც ატარებდა. ისეთი მეთოდები ჰქონდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ ნიუანსებში აქ თითქმის არავინ აზრზე არ იყო. სხვათა შორის, მას ყველა აფასებდა...

ანსამბლი "75"

ვახტანგ კიკაბიძესთან ვმეგობრობდი და ბუბამ ერთხელ ასეთი ეპიზოდი გაიხსენა - ავტობუსში ვისხედით, ქალაქიდან ქალაქში გადავდიოდით, „ორერას“ ბიჭები ვქეიფობდით, ვმღეროდით, რობერტი მძღოლის გვერდით იჯდა, სიგარეტს ეწეოდა, ჩვენს მხიარულებაში არ ერთვებოდაო. როდესაც უთხრეს - მოდი, რობერტ შემოგვიერთდიო, ბუბამ უთხრა - გაანებეთ მაგას თავი, ეგ რომ ფიქრობს, ჩვენ იმიტომ ვმხიარულობთ აქო. ასეთი შეფასება იშვიათია.

- მკაცრი იყო?

- ზოგს ეგონა, რომ ძალიან მკაცრი იყო. ამ შეფასებას მისი გამომეტყველების მიხედვით უფრო აკეთებდნენ, სინამდვილეში ძალიან ღია და მეგობრული იყო. ხშირად ვურეკავდი, ამბებს, ანეკდოტებს ვუყვებოდი. მამაშვილური ურთიერთობა გვქონდა. ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რობერტი მის ოჯახს კი გარდაეცვალა, მაგრამ მეც გარდამეცვალა.

- თქვენ ხართ მისი ცნობილი სიმღერის "გულმართალი კაცი" ლექსის ავტორი...

- ამ სიმღერის მუსიკა ვაჟა დურგლიშვილს ეკუთვნის. სანამ მისთვის ამ ლექსს დავწერდი, მითხრა, - სიმღერა მინდა, მეგობრობაზე რომ იყოს, სხვა თემა არ განიხილება, ამას უნდა ვუმღეროო... ასეც იყო, მასავით გულით ეს სიმღერა არავის უმღერია და მღერის.

AMBEBI.GE რობერტ ბარძიმაშვილის მოსწავლეს, "პალიტრანიუსის" ტელეწამყვანს თამთა ასათიანს ესაუბრა:

- ალბათ იღბალი იყო, რომ ბავშვობის მნიშვნელოვანი წლები (5 წლიდან) ბატონი რობერტ ბარძიმაშვილის გვერდით გავატარე. ამიტომ წარსულის გახსენებისას ერთ-ერთი მძაფრი მოგონება, რაც გონებაში მოდის, ბატონ რობერტს უკავშირდება და იმ ძალიან ლამაზ ბავშვობას, რაც სწორედ მის სტუდიაში გავატარე. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, ალბათ მაშინ სიღრმისეულად გაცნობიერებული არც მქონდა, ვისთან მქონდა საქმე - ცხადია, 5-6 წლის ბავშვისთვის რთულია ამის გაცნობიერება, თუმცა მაინც ვგრძნობდი, რომ არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. ჰქონდა უშრეტი ენერგია. არ მახსოვს, დაღლილი ყოფილიყოს, ან რაღაცაზე ეწუწუნოს. ყოველთვის დიდ ენერგიას ასხივებდა და ამას სხვებსაც გადასცემდა. ერთი მოსმენით და ბგერით შეეძლო, გაეგო, ადამიანს ამ სფეროში რამე გამოუვიდოდა თუ არა. გარდა იმისა, რომ იქ მუსიკალური თვალსაზრისით ვისწავლე და გავიზარდე, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაც მივიღე. ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი პერიოდი "ლახტს" უკავშირდება, იმ წლებს და ბატონ რობერტს...

ჩემთვის დიდი დარტყმა იყო ბატონი რობერტის გარდაცვალება. ისეთ შეგრძნება მქონდა, რომ ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგე. ახლაც კი ემოციურია ჩემთვის ამაზე საუბარი... სტუდიაში კვირა დღეს დაგვიბარა, რაღაც სიმღერა უნდა მოესმენინებინა. მე, დედაჩემი და ჩვენი ვოკალის პედაგოგი, ნანა გოგიშვილი მასთან შევედით. მახსოვს, ადგა, გარეთ გავიდა, მანქანიდან რაღაც უნდა შემოეტანა. რომ შემოვიდა, დაჯდა და სამწუხაროდ, ცუდად გახდა... ისე მოხდა, რომ ჩემს თვალწინ გადაიცვალა... სასწრაფო მალე მოვიდა, იყო დიდი მღელვარება, ემოციები... ჩემთვის დიდი სტრესი იყო, რასაც ფაქტობრივად შევესწარი... წარმოიდგინეთ, 13 წლის ასაკში პირველად შევეჯახე ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანის გარდაცვალებას. მდგომარეობიდან დიდხანს ვერ გამოვდიოდი...

ბევრი გეგმა ჰქონდა, მუდმივად სიახლის ძიებაში იყო და სულ ახალი ტალანტების აღმოჩენაში. ყველა მიმართულებით ძალიან ნიჭიერი, გენიალური ადამიანი იყო. ვოკალური სტუდია ხომ ჰქონდა, მაგრამ რაღაც ეტაპზე, მრავალფეროვნება რომ შემოეტანა, ინსტრუმენტულზე გადავედით - ბიჭები დაასაქმა. ზოგს დრამი ასწავლა, ზოგს კლავიშები, ზოგს სასულე ინსტრუმენტები...

- იცოდი, რა დამსახურების ადამიანი იყო?

- ჩვეულებრივი და სტანდარტული მასწავლებელი რომ არ იყო, ამას ასე 10 წლის 12-ის ასაკში მივხვდი. როდესაც სადმე ვიტყოდი ხოლმე, რომ რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში დავდიოდი, მაშინვე ადამიანებისგან თბილი ემოციები მოდიოდა. ვგრძნობდი, ყველას უყვარდა. ერთხელ სიმღერის ჩასაწერად მისი მანქანით წავედით. ქვეითზე რამდენიმე ქალი გადადიოდა და საჭესთან ბატონი რობერტი რომ დაინახეს, გაჩერდნენ, უყურებდნენ, კოცნას უგზავნიდნენ, მოძრაობა საერთოდ გაჩერდა. ამას რომ შევესწარი, ძალიან გაკვირვებული ვიყავი. მაშინ ოჯახის წევრებმა ამიხსნეს, რასთან გვქონდა საქმე. დღემდე რომ მესმის მასზე ამბები, ვხვდები, რომ ამოუწურავი ადამიანი იყო, ბედნიერი ვარ, რომ ეს შეხვედრა ჩემს ცხოვრებაში შედგა.

... კიდევ ერთს ვიტყვი, ბატონ რობერტს არ უყვარდა, როდესაც პატარა ბავშვები შეუსაბამო ტექსტებით მღეროდნენ, საბავშვო რეპერტუარს სიფრთხილით არჩევდა. დღემდე ასე ვარ, მისგან მომყვება, როდესაც სადმე ვმღერი, ვცდილობ, სწორად შევარჩიო სიმღერა და რასაც ვმღერი გავითავისო, მასში მთელი გრძნობა და ემოცია ჩავდო. რაც მისგან ვიცი, ისაა, რომ ემოციური, მელოდიური, თბილი ხმით მღერა მნიშვნელოვანია... ხშირად მახსენდება ის სიმღერები, რომელსაც თვითონ ასრულებდა. დაკრძალვის დღეს, როდესაც ტაძრიდან გამოასვენეს, მისი სიმღერა - „გულმართალი კაცი“ ჟღერდა.