ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ახლა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. ვინ იფიქრებდა, რომ სახელს, რომლის წარმოთქმაც იტალიელებს ძალიან უჭირდათ, ჯერ სავსე მარადონას სახელობის სტადიონზე ათასობით გულშემატკივარი ერთხმად იყვირებდა, ხოლო შემდეგ, პატარა იტალიელ ბიჭუნას ხვიჩას დაარქმევდნენ.
დანიელე ხვიჩა 31 მარტს დაიბადა. ახალშობილის მშობლები არმანდო და კლარა "ნაპოლის" გულშემატკივრები არიან. საინტერესოა, რომ ბავშვის მამას ლეგენდარული მარადონას პატივსაცემად დაარქვეს დიეგო არმანდო მარადონა.
"დიახ, ეს მართალია, ბავშვს დანიელე ხვიჩა დავარქვით. ეს გადაწყვეტილება კი იმის გამო მივიღეთ, რაც წელს "ნაპოლიში" მოხდა. მე "ნაპოლის" დიდი გულშემატკივარი ვარ და ჩემი სახელიდან გამომდინარე, მამაჩემიც ამ გუნდის დიდი ქომაგი იყო. 1986 წელს დავიბადე და ჩემმა მშობლებმა დიეგო არმანდო მარადონა დამარქვეს.
ბავშვის სახელთან დაკავშირებით მე და ჩემმა პარტნიორმა გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. ეს არის ჩვენი, ორივეს არჩევანი.
ვფიქრობ, ასეთი შესანიშნავი ფეხბურთელი რომ არ მოსულიყო ნეაპოლში და შესანიშნავი სეზონი არ ჰქონოდა გუნდს, ბავშვს უბრალოდ დანიელეს დავარქმევდით", - ამბობს პატარა ხვიჩას მამა და დასძენს, რომ "სერია ა"-ს მოგებასთან ერთად, კვარაცხელიას გაცნობა მისი ოცნებაა.
ცნობილი სპორტული იტალიური გამოცემა თავის "ფეისბუქგვერდზე" ასეთ ფოტომონტაჟს ავრცელებს: