საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე, ვლადიმერ კაკაბაძე სანქცირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს. ის კოლეგა ლევან თევზაძის პოსტზე აკომენტარებს საკუთარ მოსაზრებას და ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვს, ისიც დაასანქცირონ.
"ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერაა მიღებული რომლის მორალი კარგად იკითხება აშშ-ს ერთ-ერთი პრეზიდენტის ცნობილ გამონათქვამში „ის ძაღლის შვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლის შვილი“ ("Somoza may be a son of a bitch, but he's our son of a bitch."). ამიტომ ჩვენი სამშობლოს თუ სასამართლო სისტემის მშვიდობიანად, დამოუკიდებლად და სტაბილურად განვითარების მოწინააღმდეგე სუბიექტების მხარდაჭერა სიმართლე გითხრა, აშშ-ს ზოგიერთი წარმომადგენლისგან აღარც მიკვირს.
ცივი ომის "საუკეთესო ტრადიციების" სტილში მიღებული ეს გადაწყვეტილება კი მახსენებს სამწუხარო რეალობას, რომ ბევრ ქვეყანაში და მრავალი ადამიანის მიერ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ჟანდარმის სტატუსში აღიქმება, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანასწორი პარტნიორობის ნაცვლად საკუთარ მოკავშირეებს უხეში ფორმით კარნახობს მხოლოდ მისთვის სასურველ თამაშის წესებს. სამწუხაროდ ამგვარი დამოკიდებულება უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მიმართაც ვლინდება რაც გულდასაწყვეტი და დასაფიქრებელია. პ.ს. დიდი ხანია გასული, რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ, ბატონო ბლინკენ!?იმედია მეც დამასანქცირებთ!!!" - წერს კაკაბაძე.
ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.
ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს.
სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
ნახეთ ასევე: