ავტორი:

რა იკვეთება დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის სისხლის სამართლის საქმის დოკუმენტებში და როდის იქნება ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა - რას აცხადებს ადვოკატი

რა იკვეთება დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის სისხლის სამართლის საქმის დოკუმენტებში და როდის იქნება ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა - რას აცხადებს ადვოკატი

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ უახლოეს პერიოდში ცნობენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოჯახის ადვოკატმა ელისო რუხაძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, დღეს, თბილისის პროკურატურაში ხელმძღვანელი პირები გარდაცვლილი გოგონას დედას შეხვდნენ. რუხაძის თქმითვე, უწყებამ მათ საქმის მასალებიც უკვე გადასცა.

ადვოკატის განმარტებით, გამოძიება ორ ვერსიაზე, როგორც მკვლელობის, ასევე, უბედური შემთხვევის ვერსიაზე მუშაობს, თუმცა, როგორც რუხაძე განმარტავს, ამ მომენტისათვის რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოკვეთილი არ არის. გოგონასათვის ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები კი, დაახლოებით 10 დღეში იქნება.

„ჩვენ დედის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, საქმის მასალებზე წვდომა და რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოვითხოვეთ. ჩვენი და მედიის აქტიურობის შემდეგ, პროკურატურის პირველი პირების ინიციატივით, დღეს დილით მათ შევხვდით და ჩვენი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა. დაგვპირდნენ, რომ უახლოეს დღეებში, საუბარია, ხვალინდელზე, დედას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობენ. თავდაპირველად თავი შეიკავეს, თუმცა, ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საქმის მასალებიც გადმოგვცეს, 3 ტომი მასალაა, ფიზიკურად შეუძლებელია, ასე მოკლე დროში მას გაეცნო, თუმცა, ჯერჯერობით, რამე მნიშვნელოვანი, რაც მიუთითებს, რომ ბავშვი მოკლულია, საქმის მასალებში არ იკვეთება. ექსპერტიზის დასრულებას დაახლოებით, 10 დღეში ვარაუდობენ.

ორი ვერსია მუშავდება, ეს არის მკვლელობისა და უბედური შემთხვევის ვერსია. მკვლელობის ვერსიაში შეიძლება ძალადობის ამბავიც მოიაზრებოდეს, თუმცა, რამე კონკრეტული გამოკვეთილი არ არის, რადგან ექსპერტიზის დასკვნა არ გვაქვს და სიკვდილის მიზეზი არ ვიცით, არც ვიდეოჩანაწერების გაშიფვრის შედეგად ვინმე კონკრეტული ადამიანი არ ჩანს, რომელიც შეხებაში იქნებოდა კონკრეტულ საზარელ ფაქტთან. ჯერჯერობით, მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ. ოჯახი პირველივე დღიდან, ცალსახად აცხადებს, რომ ბავშვი კონკრეტული პირის, ან პირების მიერ იმ უდაბურ ადგილას შეყვანილი და შემდეგ, გვამი გადამალულია.

რამდენიმე ვერსია არის ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთან დაკავშირებით, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა რუხაძემ.

ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე იხილეთ: