ავტორი:

"ინფორმაცია, თითქოს გამგეობამ დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა, სრული სიცრუეა" - თბილისის მერია

"ინფორმაცია, თითქოს გამგეობამ  დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა, სრული სიცრუეა" - თბილისის მერია

დედაქალაქის მერია სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, "თითქოს, გამგეობამ კეთილმოწყობის სამუშაოების შედეგად, დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა“.

როგორც უწყებაში განმარტავენ, პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარედ, სადაც გაველურებული ხე-მცენარეებისა და ეკალ-ბარდების სხვლა-ფორმირება ჩატარდა, საგამოძიებო მოქმედებების შესაძლო მიმდინარეობის არანაირი ნიშანი არ არსებობდა.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა თითქოს გამოიწვია 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება იყო სრულიად შეუზღუდავი და არ იყო შემოსაზღვრული სპეციალური ნიშნით.

რაც შეეხება საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებულ სამუშაოს, 4 აპრილს, დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მდებარე კოლეჯის, 186-ე საჯარო სკოლისა და "ლელო არენას“ ორივე მხარეს, ბილიკების მიმდებარედ დაიწყო გაველურებული ხე-მცენარეებისა და ეკალ-ბარდების სხვლა-ფორმირება. მსგავსი სამუშაოები ასევე ჩატარდა პეტრიწის ქუჩა N12 კორპუსის მიმდებარედ არსებულ ე.წ. წითელ ხაზებში, რადგან კორპუსის ამხანაგობის მხრიდან შემოსული იყო წერილი ტერიტორიის მოწესრიგების მოთხოვნით. ამასთან, ანალოგიური მოთხოვნა გავრცელდა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის“ ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში, რომელიც დიდი დიღმის მცხოვრებლებს აერთიანებს.

ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ, დიდ დიღომში, ჯამში, დაახლოებით, კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთზე საგამოძიებო მოქმედებების შესაძლო მიმდინარეობის არანაირი ნიშანი არ არსებობდა. შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, გამგეობამ კეთილმოწყობის სამუშაოების შედეგად, გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა, არის სრული სიცრუე“,- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე იხილეთ: