ავტორი:

ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს“ ცნობით, დიდ დიღომში, 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი განადგურებულია - ოჯახის ადვოკატები დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დედის ცნობას ითხოვენ

ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს“ ცნობით, დიდ დიღომში, 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი განადგურებულია - ოჯახის ადვოკატები დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დედის ცნობას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოსთვის", რომელიც 17 მარტის ღამეს დიდ დიღომში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს ოჯახის ინტერესებს იცავს, განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ვარაუდით, ანას ცხედრის გადამალვა სცადეს.

"მშობლების განმარტებით, არსებობს არაერთი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ მოზარდის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა ვერ იქნებოდა. კერძოდ, გარდაცვლილის ტელეფონი ნაპოვნია გვამისგან მოშორებით. წარმოდგენილი ფოტოსურათებით იკვეთება, რომ გოგონას აღენიშნებოდა სახის, შუბლის, ყურის და ზურგის არეში ნაკაწრები და დაზიანებები. დაზიანებული იყო ასევე ბავშვის ტანსაცმელი. გარდა ამისა, გოგონას გვამის განლაგება ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

"უფლებები საქართველო“ მოითხოვს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ გარდაცვლილი გოგონას დედის ცნობას.

აქვე აღნიშნულია, რომ იმ ადგილზე, სადაც 12 წლის ანა იპოვეს, ახლა კეთილმოწყობის სამუშაოებია დაწყებული:

"დღეს, დანაშაულის ადგილზე მისულ დედას და "უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს, დანაშაულის ადგილი სრულიად სახეცვლილი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებისგან თანხმობის მიღების შემდეგ, დანაშაულის ადგილზე თბილისის მერიის ადგილობრივმა გამგეობამ, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო, რამაც საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება გამოიწვია.

2023 წლის 05 აპრილს, „"უფლებები საქართველოს“ იურისტებმა, მიმართეს პროკურატურას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დედის ცნობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებით. ამასთან, დღეს დანაშაულის ადგილზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეწყდეს იმგვარი ქმედებები, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დააზიანოს დანაშაულის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება".

ცნობისთვის, მოზარდი 17 მარტის ღამეს დიღომში, განმარტოებულ ადგილას იპოვეს უგონო მდგომარეობაში. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.

ანას ოჯახის წევრები თავიდანვე ძალადობის ვერსიას განიხილავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აწარმოებს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე იხილეთ: