ავტორი:

"დასავლეთი არწმუნებს საქართველოს, რომ ახლა ხელსაყრელი დროა აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" კონტროლის დასამყარებლად" - ნარიშკინი

"დასავლეთი არწმუნებს საქართველოს, რომ ახლა ხელსაყრელი დროა აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" კონტროლის დასამყარებლად" - ნარიშკინი

რუსეთი ხედავს დასავლეთის მცდელობებს, დაარწმუნოს საქართველო, რომ ახლა კარგი დროა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღსადგენად. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.

"ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონის, ბრიუსელის, ლონდონის და სხვა დასავლური დედაქალაქების დაჟინებულ მცდელობებს, დაარწმუნონ საქართველოს ხელმძღვანელობა ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნაში. არწმუნებენ საქართველოს ხელისუფლებას იმაში, რომ ახლა არის სწორედ ხელსაყრელი მომენტი, როდესაც შესაძლებელია კონტროლის დამყარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე“, - განუცხადა ნარიშკინმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები აიძულებენ საქართველოს, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლას, უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით.

დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებით, დასავლეთი ხედავს, რომ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება უკრაინის სასარგებლოდ არ არის, ამიტომ ისინი ცდილობენ კონფლიქტში თბილისის ჩაბმას.