ავტორი:

10 ფილმი, რომლის ყურებასაც მუსიკოსი დინი ვირსალაძე გვირჩევს

10 ფილმი, რომლის ყურებასაც მუსიკოსი დინი ვირსალაძე გვირჩევს

როდესაც ცნობილ მუსიკოს, ჯაზ - შემსრულებელ დინი ვირსალაძეს ვკითხე, კინოს რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში-მეთქი? - მიპასუხა, კინოზე ვგიჟდებიო.

მაშ, ასე: 10 ფილმი, რომლის ყურებასაც დინი ვირსალაძე გვირჩევს:

1. "დიდი ქალაქის ჩირაღდნები"

  • ჩარლი ჩაპლინს ყველა დროის კლასიკა-ფილმი, რომელიც შესულია 100 საუკეთესო ფილმის სიაში. პატარა უსახლკარო მამაკაცი ხვდება ლამაზ, უსინათლო გოგონას, რომელიც ქუჩაში ყვავილებს ყიდის. გოგონას ის შეცდომით მდიდარი ვაჭარი ეგონება. ჩაპლინის ეს უკვდავი ფილმი 1931 წლის 30 იანვარს გამოვიდა ეკრანებზე და დღემდე არაერთი ადამიანის გული დაიპყრო.

2. "ამარკორდი"

  • ფედერიკო ფელინის1973 წლის იტალიური ფილმია. "ამარკორდი" - ფელინის მშობლიური ქალაქის რიმინის დიალექტზე ნიშნავს "მე ვიხსენებ“. ეს არის ნახევრად ავტობიოგრაფიული კომედიური ჟანრის ფილმი მოზარდ ბიჭუნაზე, დრამის ელემენტებით. მოქმედება ხდება 1930-იან წლებში, ფაშისტურ იტალიაში. ფილმს აღებული აქვს 3 ოსკარი: საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო ორიგინალური სცენარისათვის.

3. "Stealing Beauty" ("გაქცეული სილამაზე")

  • ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმში დედის თვითმკვლელობის შემდეგ, ამერიკელი გოგონა იტალიაში მიემგზავრება. ფილმი 1996 წელს გამოვიდა ეკრანებზე, მასში მთავარ როლებს ლივ ტაილერი და ჯერემი აირონსი თამაშობენ. მელოდრამამ მსოფლიოს უდიდესი კინო-თეატრები გამოსვლისთანავე დაიპყრო და წლების განმავლობაში ეკრანებიდან არ ჩამოსულა.

4. "განქორწინება იტალიურად"

  • პიეტრო ჯერმის 1961 წელს გამოსული ეს შედევრი არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კომედია. სიცილიელი ბარონი, ფერდინანდო, რომლის როლსაც ლეგენდარული მარჩელო მასტროიანი ასრულებს, 40 წლის დაოჯახებული მამაკაცია. ის დაქორწინებულია როსალიაზე უკვე 12 წელია, მაგრამ ფერდინანდოს ახალგაზრდა გოგონა ანჟელა შეუყვარდება. ბარონი გადაწყვეტს როსალიას გაეყაროს, მაგრამ იტალიაში განქორწინება თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ცოლის მოკვლის გეგმას შეიმუშავებს.

5. "ნათლია"

  • ფრენსის ფორდ კოპოლას 1972 წლის, "ოსკარის" მფლობელი ფილმი, რომელიც გადაღებულია მარიო პიუზოს ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. ფილმში მთავარ როლებს, ოსკაროსანი მსახიობები: მარლონ ბრანდო და ალ პაჩინო ასრულებენ. მასში მოთხრობილია კორლეონეს კრიმინალური ოჯახის შესახებ. ის მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე შასანიშნავ და გავლენიან ფილმად მსოფლიო კინომატოგრაფიაში. ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ფილმი 1975 წლამდე ინარჩუნებდა ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სტატუსს. "ნათლიამ" მოიგო სამი "ოსკარი", საუკეთესო სურათის, საუკეთესო მსახიობი მამაკაცისა (მარლონ ბრანდო) და საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიებში, ხოლო ექვს სხვა კატეგორიებში, "ოსკარის" ნომინაცია მიიღო. ფილმს მოჰყვა ორი გაგრძელება:“ ნათლია 2 (1974წელი) და "ნათლია 3" (1990 წელი).

6. "ერთხელ ამერიკაში"

  • სერჯო ლეონეს 1984 წლის ფილმი. მთავარ როლებში: რობერტ დე ნირო და ჯეიმზ ვუდსი. ფილმში ასახულია ებრაელი მოზარდების ცხოვრება ნიუ-იორკის გეტოში. სიუჟეტში წამოწეულია მეგობრობის, სიყვარულის, ვნების, სიხარბის, ღალატისა და ტკივილის თემები. ასევე ნაჩვენებია ამერიკულ საზოგადოებაში განგსტერების გამოჩენა. ფილმი ჰარი გრეის მოთხრობის "The hoods”- ის ადაპტაციაა. აღსანიშნავია, რომ ფილმის მუსიკა შექმნილია უდიდესი კომპოზიტორის ენიო მორიკონეს მიერ.

7. "ეშმაკის ადვოკატი"

  • ჰეკფორდ ტეილორის ეს ფილმი1997 წელს გამოვიდა ეკრანებზე და მთავარ როლებს“ ალ პაჩინო, კიანო რივზი და შარლიზ ტერონი ასრულებენ. ფილმში ასახულია ახალგაზრდა ადვოკატის, კევინ ლომაქსის ცხოვრება, რომელიც ნიუ-იორკში ჩადის.

8. "მმართველი კლასი"

  • პიტერ მედაკის გადაღებული შავი კომედია, 1972 წელს გამოვიდა ეკრანებზე, მთავარ როლში პიტერ ო,ტულით. უნგრელმა რეჟისორმა1967 წელს გააფორმა კონტრაქტი "PARAMAOUNT PICHERRS-თან მხატრული ფილმების გადასაღებად. მისი პირველი ფილმი იყო "ნეგატივები"(1968) და ამის შემდეგ კი გადაიღო "მმართველი კლასი", რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა მის შემოქმედებაში.

9. "იყო შაშვი მგალობელი“

  • ოთარ იოსელიანის ეს შედევრი 1970 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე და მაშინვე დაიპყრო მაყურებლის გული, ფილმი არის ადამიანზე, რომელიც წვრილმანებზე ხარჯავს თავის ენერგიას და კარგავს დროს. ამით სურს გაექცეს "უაზრო სინამდვილეს“, რადგან არ უნდა იმ რეალობაში ცხოვრება, რომელშიც ის დაიბადა. მთავარ როლს ფილმში გელა კანდელაკი ასრულებს.

10. "უხამსი წინადადება"

  • ედრიან ლაინის ფილმი 1993 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მასში მთავარ როლებს: რობერტ რედფორდი, დემი მური და ვუდი ჰარელსონი ასრულებენ. ახალდაქორწინებულ წყვილს, რომელიც დიდი ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, მილიონი დოლარის შოვნის შანსი უჩნდება. გოგონას სილამაზით მოხიბლული მილიონერი მზად არის, მასთან ერთი ღამის გატარების სანაცვლოდ, მილიონი გადაიხადოს.

იხილეთ ასევე:

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი