2014 წლის 8 მარტს, მალაიზიის ავიახაზების რეისი MH370 საჰაერო მოძრაობის კონტროლის სარადარო ეკრანებიდან გაქრა, მასთან ერთად გაუჩინარდა ბორტზე მყოფი 239 ადამიანი.
ტრაგედიიდან ცხრა წლის შემდეგ, ბორტზე მყოფთა ოჯახის წევრები, მეცნიერები, გამომძიებლები და მთელი საზოგადოება კვლავ ეძებს პასუხებს. პასუხებს ეძებს "ნეტფლიქსის" მიერ გადაღებული სამნაწილიანი სერიალი "MH370: თვითმფრინავი, რომელიც გაუჩინარდა", რომლის პირველი ნაწილი ახლახან ნახა მაყურებელმა.
"ეს არის ყველა დროის უდიდესი საავიაციო საიდუმლო", - ამბობს ფილმის რეჟისორი ლუიზ მალკინსონი და იქვე აგრძელებს: "სამყაროში, სადაც გვაქვს მობილური ტელეფონები, რადარები, თანამგზავრები და ლოკაციის განმსაზღვრელი სისტემები, მომხდარიდან 9 წლის მერეც არაფერი ვიცით მომხდარზე - ეს ძალიან უცნაურია..."
რეისი MH370, Boeing 777, კუალა ლუმპურის აეროპორტიდან პეკინის მიმართულებით, 2014 წლის 8 მარტს, ადგილობრივი დროით 12:41 საათზე გაემგზავრა. ბოლო ხმოვანი კომუნიკაცია კაბინიდან, აფრენიდან ერთ საათზე ნაკლებ დროში გაისმა - "ღამე მშვიდობისა, Malaysian 370“ ამის შემდეგ, სახმელეთო კონტროლთან კავშირი შეწყდა.
სამხედრო რადარის მონაცემებით, თვითმფრინავმა მარშრუტს აფრენიდან ორი საათის შემდეგ გადაუხვია, გაურკვეველი მიზეზის გამო, მოულოდნელად დაბრუნდა მალაიზიაში, შემდეგ კი ინდოეთის ოკეანისაკენ გაემართა. არ ყოფილა ცნობები უამინდობის ან უბედური შემთხვევის შესახებ.
საგამოძიებო მოქმედებები გაუჩინარებიდან 12 საათის შემდეგ დაიწყო. მალაიზიისა და ჩინეთის ხელისუფლებამ სამძებრო სამუშაოებში 142 მილიონი დოლარი დახარჯა. ძიების არეალის გაფართოების შედეგად მათ კიდევ 26 ქვეყანა შეუერთდა, მაგრამ თვითმფრინავის კვალს ვერავინ მიაგნო.
2014 წლის მარტში, ავიაკომპანიამ თვითმფრინავს ჩამოვარდნის ფაქტი აღიარა და ბორტზე მყოფი ყველა წევრი დაღუპულად მიიჩნია.
ერთი წლის შემდეგ, 2015 წლის ივლისში, კუნძულ რეიუნიონზე, MH370-ის ფრთის ფრაგმენტი იპოვეს. წლების განმავლობაში Boeing 777 - ის სავარაუდო ჩამოვარდნის ერთადერთი დამადასტურებელი კვალი სამი ფრთის ფრაგმენტი იყო, რომლებიც ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე, მადაგასკარში, რეიუნიონის კუნძულსა და ტანზანიაში გამოირიყა.
ფიქრობენ, რომ შაჰმა მეორე პილოტს, ფარიკ აბდულ ხამიდს კაბინის დატოვება აიძულა, 01:20 საათზე თვითმფრინავის მთელი ელექტრონიკა გამორთო, რის გამოც იგი ავიადისპეტჩერთა ეკრანებიდან გაქრა და თვითმფრინავი უკან, მალაიზიის ნახევარკუნძულისკენ მიმართა.
შაჰი თვითმფრინავის მართვას საწვავის ამოწურვამდე აგრძელებს, ექვსი საათის შემდეგ ძრავა ითიშება და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი იღუპება.
2014 წლის 17 ივლისს, მალაიზიის ავიახაზების მეორე რეისი, სახელწოდებით MH17, რუსეთის მიერ კონტროლირებადმა ძალებმა ჩამოაგდეს, აღმოსავლეთ უკრაინაში. რის შედეგადაც ახალი თეორია გაჩნდა: ვარაუდობდნენ, რომ MH370-ის გაუჩინარებაში რუსი ჯაშუშები იღებდნენ მონაწილეობას. შემდგომი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბორტზე სამი რუსი მგზავრი იმყოფებოდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ გაუჩინარების დღეს MH370-ის ახლოს, ამერიკულ AWACS თვითმფრინავები დააფიქსირეს, რომლებმაც შაჰს, ტვირთის შემოწმების მიზნით, დაშვება სთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს, შედეგად, MH370 სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე ჩამოაგდეს.
წლების გასვლის შემდეგაც კი, თვითმფრინავის გაუჩინარების რეალური მიზეზი უცნობია. არ არსებობს მისი ჩამოვარდნის არანაირი მტკიცებულება.
რეალურად რა მოხდა ბორტზე, სცადეს თუ არა მისი გატაცება, ვინ გამორთო გადამცემი და შეცვალა რეისის მიმართულება... ეს კითხვები დღემდე პასუხგაუცემელი რჩება.