ავტორი:

"ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები“ - ზემო აჭარლების ცხოვრება ფოტოპროექტად და ფოტოგრაფი, რომელმაც "ევროკავშირის" მხარდაჭერილ კონკურსში გაიმარჯვა

"ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები“ - ზემო აჭარლების ცხოვრება ფოტოპროექტად და ფოტოგრაფი, რომელმაც "ევროკავშირის" მხარდაჭერილ კონკურსში გაიმარჯვა

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმმა ფოტოკონკურსის "ოჯახური კავშირები“ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა.

ფოტოკონკურსში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, მონაწილეობას იღებდნენ პროფესიონალი ფოტოგრაფები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან - აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. მათ "ოჯახური კავშირების“ თემაზე შექმნილი ფოტოსერიები წარადგინეს და თითოეული ქვეყნიდან თითო გამარჯვებულმა 1 000 ევროს ოდენობის ჯილდო მიიღო.

გამარჯვებული საქართველოდან ნათელა გრიგალაშვილი გახდა პროექტით, "ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები“.

დაჯილდოების ცერემონიას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი დაესწრო, რომელმაც გამარჯვებულებს ჯილდოები თავად გადასცა.

ელჩის თქმით, ამ ფოტოკონკურსის დახმარებით ევროკავშირი სიამაყით ადასტურებს მის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს კულტურათაშორის ურთიერთობას და ფოტოგრაფიის, როგორც "რეალობის ასახვისა და ცვლილებების იარაღის, ძალის წარმოჩენას“.

"ოჯახისა და ოჯახური კავშირების თემა ხაზს უსვამს ჩვენი საზიარო ღირებულებების მნიშვნელობას და იმ როლს, რომელსაც ოჯახი საზოგადოებათა ფორმირებაში ასრულებს... ვულოცავ ყველა ფოტოგრაფს, რომ მათ ამ თემის ასე შემოქმედებითად და შთამბეჭდავად ინტერპრეტირება შეძლეს“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ქართველი გამარჯვებული ნათელა გრიგალაშვილი, თბილისში მცხოვრები დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია. ის, ძირითადად, საქართველოს სხვადასხვა სოფელში გრძელვადიან დოკუმენტურ პროექტებზე მუშაობს. უკვე 30 წელზე მეტია, რაც ფოტოგრაფია, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა გამოცემებში პრესის ფოტოგრაფად, ბოლო 15 წელია კი თავისუფალი ფოტოგრაფია. მისი გამარჯვებული პროექტი, “ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები”, მაღალმთიანი აჭარის მომთაბარე ოჯახების ცხოვრებას იკვლევს.

- რას ნიშნავს თქვენთვის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ამ ფოტოკონკურსში გამარჯვება?

- საერთოდ, როდესაც კონკურსში მონაწილეობ იმედი მაინც გაქვს რაღაცის, თუმცა, მე ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ ხოლმე და ნაკლებად ვფიქრობ, რომ გავიმარჯვებ, მაგრამ რაც შეეხება ამ კონკურსში გამარჯვებას, ეს არის ძალიან დიდი სტიმული. სტიმული იმისთვის, რომ გააგრძელო კიდევ, მეტი სიხარულით წახვიდე, მეტი ენერგია გქონდეს. გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა დაინტერესდა იმ თემით, ვიღაცას მოეწონა, თუმცა ყოველგვარი გამარჯვების გარეშე ისედაც გავაგრძელებდი მუშაობას, მაგრამ ახლა უფრო მეტი ხალისით გავაგრძელებ.

- თქვენ ფოტოები აჭარის რეგიონში გადაიღეთ და თქვენს ამ სერიას "ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები“ ჰქვია. რატომ გადაწყვიტეთ ამ თემაზე მუშაობა და რისი თქმა გსურდათ საზოგადოებისთვის ამ საკითხზე მუშაობით?

- ძირითადად საქართველოს რეგიონებში ვმუშაობ და ძალიან მაინტერესებს იქაურების ყოფა, ფოტოკამერის საშუალებით ერთგვარ კვლევას ვატარებ, რეგიონებში მცხოვრები ადამიანების შესახებ. რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, ვფიქრობ, რომ ამ რეგიონმა და კონკრეტულად იმ ხეობამ, სადაც მე ამ სერიას ვიღებდი, ყველაზე მეტად შეინარჩუნა ყოფის ძველებური წესი. იქაც, რა თქმა უნდა, საყოველთაო გლობალიზაცია ყველაფერს ნელ-ნელა შლის, ამას ჩვენ ვერ შევაჩერებთ, მაგრამ კამერას აქვს შესაძლებლობა ისტორიას შემოუნახოს დღევანდელობა, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება. რამდენიმე წლის წინანდელ ყოფასთანაც კი ბევრი რამ უკვე შეიცვალა, მაგალითად, ადამიანები ნელ-ნელა ტოვებენ სოფლებს და გადადიან ქალაქში საცხოვრებლად. ისინი თუნდაც წლების შემდეგ უკანაც რომ დაბრუნდნენ, რა თქმა უნდა, ეს იგივე ყოფა აღარ იქნება, ისინი ბევრ რამეს დაკარგავენ, თუნდაც რაღაც ტრადიციას უკვე ნელ-ნელა დაივიწყებენ. მინდა, რომ ჩემი კამერის საშუალებით სხვა ადამიანებს მოვუყვე ამ გენიალური ხალხის შესახებ. საოცარი ხალხია მართლაც - მათ შეინარჩუნეს ის, რაც ჩვენ, ქალაქში მცხოვრებლებს, უკვე აღარ გაგვაჩნია: მეტი სიყვარული, ადამიანების გვერდში დგომა, სტუმარ-მასპინძლობა და ბუნების დიდი სიყვარული.

- საიდან მოვიდა იდეა, რომ თქვენი ფოტო სერიისთვის "ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები“ დაგერქმიათ?

- მაღალმთიანი აჭარა ის ადგილია, სადაც შენარჩუნებული აქვთ მომთაბარე ცხოვრება. წელიწადში, ზოგი ორ, ზოგი ოთხ ადგილს იცვლის, ანუ ზამთარში ცხოვრობენ სოფელში, შემდეგ თოვლი როგორც კი დნება ადიან ზემოთ, იმ ადგილებს ჰქვია ყიშლები. ცოტა პესიმისტურია ამ პროექტის სათაური, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ორმხრივად შეგვიძლია გავიგოთ - ნელ-ნელა გვინდა, არ გვინდა მომთაბარეობის ეს წესიც იშლება და ამავე დროს, დღეს მარტო მათ აქვთ შენარჩუნებული მომთაბარეობის ასეთი წესი. ისინი საცხოვრებლად მიდიან მთელი ოჯახებით და ასეთ მოძრაობაში არიან.

- რამდენი ხანი მოანდომეთ ამ ფოტოპროექტზე მუშაობას?

- 2016 წლიდან დავიწყე გადაღება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სულ მაღალმთიან აჭარაში ვარ... ამას მე საკუთარი შესაძლებლობით ვაკეთებ - მთელი წელი ვაგროვებ ფულს, რომ მერე იქ წავიდე. ბოლოს, მაგალითად, იქ ერთი თვე დავყავი. ძალიან მინდოდა, რომ ზამთარშიც წავსულიყავი, მაგრამ ჯანმრთელობის გამო ვერ მოვახერხე. ვიმედოვნებ, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება და ისევ ჩავალ...

ფოტოპროექტი ნახეთ სრულად აქ

  • ექვსი გამარჯვებული ხუთი წამყვანი სპეციალისტისგან შემდგარმა საერთაშორისო ჟიურიმ 400-ზე მეტ მონაწილეს შორის არჩეული 18 ფინალისტიდან გამოავლინა. თითოეული ქვეყნიდან არჩეული სამ-სამი ფინალისტი თბილისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე მიიწვიეს. ფოტოკონკურსის დანარჩენი გამარჯვებულები არიან: ნაზიკ არმენაკიანი (სომხეთი), ორხან აზიმოვი (აზერბაიჯანი), პაშა კრიტჩკო (ბელარუსი), კატერინა შოშევა (მოლდოვა) და მარისია მიანოვსკა (უკრაინა).

კონკურსი ორგანიზებული იყო EU NEIGHBOURS EAST პროგრამის მიერ პოლონურ Fotofestiwal-თან პარტნიორობით.

  • ავტორი: თორნიკე კაკალაშვილი