ავტორი:

"ჩამოყვანოთ და წავცხოთ, დავაინვალიდოთ" - ქურდული გარჩევა დავის მოგვარების მიზნით: შსს-მ  4 პირი დააკავა, ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა (ვიდეო)

"ჩამოყვანოთ და წავცხოთ, დავაინვალიდოთ" - ქურდული გარჩევა დავის მოგვარების მიზნით: შსს-მ  4 პირი დააკავა, ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი - "ხავთასა“, „ლეკვი“, „ხონსკი“ და „მოლა“ დააკავა, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მათივე ცნობით, დაკავებულები წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი.

"ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის დაკავებული არიან: 1977 წელს დაბადებული ი.ხ. (მეტსახელად „ხავთასა“), 1983 წელს დაბადებული ზ.გ. (მეტსახელად „ლეკვი“) და 1976 წელს დაბადებული ლ.ა. (მეტსახელად „მოლა“). 1978 წელს დაბადებული მ.ჩ. (მეტსახელად „ხონსკი“) კი „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით არის დაკავებული.

რაც შეეხება 1977 წელს დაბადებულ ჯ.კ.-ს, ვინაიდან იგი საზღვარგარეთ იმყოფება, მას „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ხ.-ს, ზ.გ.-ს და ლ.ა.-ს, ფინანსური დავის ნიადაგზე, დაპირისპირება მოუხდათ მ.ჩ.-სთან, რის გამოც აღნიშნული დავის მოგვარება ე.წ. ქურდული გარჩევის გზით სცადეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თავის მხრივ, მ.ჩ.-მ მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ჯ.კ. (მეტსახელად „ჯეირანა“), რომელმაც მოდავე მხარეებს ე.წ. ქურდული გარჩევის მოწყობა მოსთხოვა.

თბილისში, ლ.ა.-ს საცხოვრებელ ბინაში მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევა, რომელშიც მოდავე მხარეები მონაწილეობდნენ, ხოლო „კანონიერი ქურდი“ ჯ.კ. შეხვედრაში დისტანციურად ჩაერთო.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერი ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

,,კანონიერი ქურდობის", „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.