ავტორი:

"უბრალოდ, ვერ იტანს უსამართლობას, ამის გამო ბავშვს უმწარებთ ცხოვრებას?" - რას წერს ლაზარე გრიგორიადისის მამა?

"უბრალოდ, ვერ იტანს უსამართლობას, ამის გამო ბავშვს უმწარებთ ცხოვრებას?" - რას წერს ლაზარე გრიგორიადისის მამა?

21 წლის ლაზარ გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მისი შვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება. ახალგაზრდა პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა.

"ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ჩემი შვილის პოლიტპატიმრის სტატუსს, არადა, არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ არის და არც ყოფილა, ყოველთვის გადიოდა აქციაზე იმის მერე როცა დაინახავდა რობოკოპების ძალის გადამეტებას, უბრალოდ, ვერ იტანს უსამართლობას, ამის გამო ბავშვს უმწარებთ ცხოვრებას? მე ვარ ძალიან ცუდად ამ ყველაფერმა ჩემს ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა, არა უშავს ავიყვან თავს ხელში და ბოლომდე ვიბრძოლებ ხალხთან ერთად, სანამ ჩემი ლაზარე იქნება თავისუფალი... იმედს ვიტოვებ მთავრობა არ გასწირავს ჩემს შვილს", - წერს ბექა გრიგორიადისი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, პატიმრობა შეეფარდა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წაიკითხეთ ასევე: