წელს მონტენეგროში გამართულ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატზე პირველ ადგილზე ქართველი მერი არაბიძე გავიდა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
მერი არაბიძემ 11-დან 8,5 ქულით არ დაუთმო პირველობა პოლონელ ოლივია კიოლბასას. 29 წლის მერი არაბიძე მეორე ქართველია (ნანა ძაგნიძის შემდეგ), რომელმაც კონტინენტის პირველობა მოიგო. არაბიძე 6 წლიდან სწავლობს ჭადრაკს სამტრედიაში, ბოლო 5 წელია, რაც ზურაბ სტურუასთან მუშაობს. გასულ წელს მერი სპორტის უნივერსიტეტში მწვრთნელთა ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
წინ მსოფლიო თასის დიდი ტურნირია, რომელიც 29 ივლისიდან ბაქოში გაიმართება.
ambebi.ge ევროპის ჩემპიონ მერი არაბიძეს ესაუბრა:
-1-2 ადგილზე გამსვლელებმა თანაბარი ქულები დავაგროვეთ, დამატებით მაჩვენებლად ითვლებოდა პირადი შეხვედრა, რომელშიც პოლონელ ოლივია კიოლბასას მოვუგე და ამის გამო ავტომატურად პირველ ადგილზე გავედი. მესამე ადგილზეც პოლონელი გავიდა. პრაქტიკულად, ათეულში ქართველები და პოლონელები დომინირებდნენ. ქართველებიდან ასევე კარგად ითამაშეს სალომე მელიამ (მე-5 ადგილზე გავიდა) და ლელა ჯავახიშვილმა (მე-7 ადგილი). საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ ამ ტურნირიდან მე ისედაც მქონდა მსოფლიო თასის საგზური, სალომე მელიას და ლელას არ ჰქონდათ და მათაც აიღეს. მსოფლიო თასი წელს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება (29 ივლისს იწყება და აგვისტოს თვეში გადადის) და საქართველოს ნაკრების მთელი შემადგენლობა გამოვა, ყველას აქვს უკვე საგზური მოპოვებული - ნანა ძაგნიძეს, ნინო ბასიაშვილს, სალომე მელიას, ლელა ჯავახიშვილს, ლელა ხოტენაშვილს და მე.
- როდის დაიწყეთ ჭადრაკის სწავლა?
- 29 წლის ვარ და აქედან 23 წელია ჭადრაკს ვთამაშობ. 6 წლიდან დავიწყე სწავლა და ეს დედას ინიციატივა იყო. როგორც თვითონ ამბობს, ბავშვობიდან კარგი მეხსიერებით გამოვირჩეოდი და ამიტომ ჩათვალა, რომ ჭადრაკი ჩემთვის "ზედგამოჭრილი იქნებოდა“ და ზუსტად გაამართლა მისმა ალღომ, დედამ მიპოვა ის საქმე, რომელიც მართლა კარგად გამომდის, მეც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ..
ჭადრაკის სწავლა დავიწყე სამტრედიაში ანზორ მაჩიტიძესთან, მისი გარდაცვალების შემდეგ 2 წელი გოჩა ჩაჩუასთან ვმეცადინეობდი, შემდეგ 1 წელი ბესო ლეჟავასთან, 12 წლის ასაკიდან კი უკვე ალექსანდრე არსენიძესთან გადავედი ქუთაისში და, პრაქტიკულად, 13 წელი მასთან ვმეცადინეობდი (პარალელურად, სხვა წამყვან მწვრთნელებთან). რადგან დასავლეთში ვცხოვრობდი, სამტრედიაში და თბილისში პერიოდულად ჩამოვდიოდი (მარტივად შესაძლებელი არ არის მუდმივად დიდოსტატებთან მუშაობა), პატარაობიდან ასეთ რეჟიმში ვიყავი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ბოლო 5 წელია თბილისში ვცხოვრობ და აქ ვმუშაობ ზურაბ სტურუასთან - ჭადრაკის ფედერაციამ დამინიშნა პირადი მწვრთნელი. ამ პერიოდში საკმაოდ ბევრი წარმატება იყო, მაგრამ ევროპის ჩემპიონობა ყველაზე დიდი კარიერული მიღწევაა ჩემთვის.
- სხვა მიღწევებზეც გვიამბეთ...
- ასაკობრივ კატეგორიებში 20 წლამდე ევროპაზე და მსოფლიოზე სულ 14 მედალი მაქვს აღებული. აქედან 7 ოქროა, 6 - ვერცხლი, ერთი კი მესამე ადგილი. ასევე, გუნდურ ჩათვლაში, 2015 წელს საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონები გავხდით და ეს იყო ისტორიაში პირველი, როცა საქართველო გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მახარებს, რომ მისი გუნდის ახალი წევრი ვიყავი. ასევე, შარშან ოლიმპიადაზე მეორე ადგილი ავიღეთ, წინა ოლიმპიადაზე ბათუმში - მესამე. ოლიმპიური ვერცხლი და ბრინჯაო გვაქვს, ახლა ოქროს ჯერი მოდის და ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
23 წლის განმავლობაში ქართველებს მხოლოდ ერთი ევროპის ჩემპიონი გვყავდა - ნანა ძაგნიძე, რომელმაც 2017 წელს მოიგო ევროპის ჩემპიონატი. სპორტის სხვა სახეობებში უფრო განებივრებულები ვართ ქართველები, მაგრამ ჭადრაკში ძალიან დიდი კონკურენციაა მსოფლიოს მასშტაბით, აქ ცოტა ჭირს წარმატების მიღწევა, თუმცა გუნდურში იშვიათია, რომ ქართველი ქალები მედლის გარეშე დავრჩეთ.
- ემოციურად როგორ შეხვდით ამ დიდ გამარჯვებას?
- ეს ყველაფერი მართლაც ემოციური იყო. წლების განმავლობაში ძალიან ახლოს ვიყავი სამეულთან, მაგრამ რაღაცნაირად არ გამოდიოდა, ალბათ სპორტული იღბალიც გჭირდება, გააჩნია, როგორ წავა სატურნირო მდგომარეობა, კენჭისყრა და სხვა. ჩემპიონობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ჩემი პარტია დამთავრებული მქონდა და პირველ დაფას ველოდებოდი, სავარაუდოდ, ვიცოდი, რომ ყაიმი იქნებოდა, თუმცა შედეგი რომ დაფიქსირდა, მაშინღა გავიაზრე, რომ ჩემპიონი გავხდი... მოჭადრაკეებს სხვა სპორტთან შედარებით, არ გვჩვევია ემოციების გამოხატვა, მაგრამ სახლში, მარტო რომ დავრჩი, ემოციისგან ავტირდი. მერე, რამდენიც ვინმემ დამირეკა - ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჩემმა მასწავლებელმა, თუ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ყველა დარეკვაზე თავიდან ვტიროდი, იმდენად ემოციური იყო ჩემთვის ევროპის ჩემპიონობა. თან, როგორც ვთქვი, ეს მეორე ფაქტია საქართველოს ისტორიაში, იშვიათი მოვლენა და დიდი შედეგია. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ტურნირი გამომივიდა.
ახლა ფედერაციისა და სამინისტროს ხელშეწყობით მსოფლიო თასისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით და დარწმუნებული ვარ, იქაც წარმატებული გამოსვლა გვექნება არა მარტო მე, ზოგადად, ქართველ მოჭადრაკეებს.