ავტორი:

პორნოვარსკვლავისა და ტრამპის სკანდალური საქმე - ვინ არის ქალი, რომლის სიჩუმის სანაცვლოდ გადახდილი თანხაც შესაძლოა, ექსპრეზიდენტს პატიმრობად დაუჯდეს

პორნოვარსკვლავისა და ტრამპის სკანდალური საქმე - ვინ არის ქალი, რომლის სიჩუმის სანაცვლოდ გადახდილი თანხაც შესაძლოა, ექსპრეზიდენტს პატიმრობად დაუჯდეს

მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა.

კონკრეტული ბრალდებები ჯერჯერობით უცნობია, რადგან საბრალდებო დასკვნა არ გასაჯაროებულა, მაგრამ ცნობილია, რომ გამოძიება ეხებოდა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს პორნოვარსკვლავისთვის თანხის გადახდას იმის სანაცვლოდ, რომ ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ საუბარი შეეწყვიტა.

  • რა არის ცნობილი საქმეზე?

გამოძიების მტკიცებით, ტრამპმა 2016 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს, პორნოვარსკვლავს სიჩუმის სანაცვლოდ, თანხა გადაუხადა. საუბარია ყოფილ პორნომსახიობზე, სტორმი დენიელსზე. დენიელსი აცხადებს, რომ მას და ტრამპს სექსი ჰქონდათ და რომ მან ტრამპის ადვოკატისგან, მაიკლ კოენისგან, დუმილის სანაცვლოდ, 2016 წელს 130 000 დოლარი მიიღო. ადვოკატი მაიკლ კოენი მოგვიანებით, სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს.

ქალმა საჯაროდ ამ თემაზე საუბარი 2018 წელს დაიწყო. დონალდ ტრამპი მის ბრალდებებს უარყოფს.

  • რას ამბობს სტორმი დენიელსი

ყოფილი პორნომსახიობი, სტორმი დენიელსი, რომლის ნამდვილი სახელია სტეფანი კლიფორდი, მედიასთან ამბობს, რომ დონალდ ტრამპს გოლფის საქველმოქმედო ტურნირზე 2006 წლის ივლისში შეხვდა.

ქალის თქმით, ტრამპთან სექსი ერთხელ ჰქონდა, ექსპრეზიდენტის სასტუმრო ოთახში. მაშინ ტრამპის მეუღლე მელანია არ ესწრებოდა ტურნირს, რადგან ახალი ნამშობიარები იყო.

  • მუქარა და ფული სიჩუმის სანაცვლოდ

დენიელსის თქმით, 2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ტრამპის ადვოკატმა, მაიკლ კოენმა მას 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ ჩუმად ყოფილიყო და ტრამპთან დაკავშირებით არაფერი ეთქვა. ქალი იხსენებს, რომ მან ეს შეთავაზება მიიღო, რადგან ოჯახის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა.

დენიელსის თქმით, მას დაემუქრნენ, რომ თუ არ გაჩუმდებოდა, კანონთან პრობლემები შეექმნებოდა, ასევე დაემუქრნენ ფიზიკური განადგურებითაც.

2011 წელს, მას შემდეგ რაც სტორმი გამოცემა TOUCH-ს ინტერვიუზე დათანხმდა და გეგმავდა, რომ ტრამპთან ურთიერთობის შესახებ მოეყოლა, უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა ქალს და მის ჩვილ გოგონას ლას-ვეგასში, მანქანის პარკინგზე და უთხრა, რომ ტრამპისთვის თავი დაენებებინა.

"ეს მშვენიერი პატარა გოგონაა და სირცხვილი იქნება თუ დედამისს რამე დაემართება, - მითხრა მან“, - ჰყვებოდა სტორმი დენიელსი 2018 წელს CBS-თან ინტერვიუში.

CBS-სთან ინტერვიუს შემდეგ, იურიდიული კომპანია, რომელიც დაკავშირებულია ადვოკატ კოენთან, დაემუქრა დენიელსს, რომ უჩივლებდა და 20 მილიონის გადახდა მოუწევდა კომპენსაციისთვის, რათა მან დაარღვია გარიგება გაუთქმელობის შესახებ.

  • არის თუ არა კონკრეტული ინფორმაციის გამოუქვეყნებლობის, სხგვაგვარად თუ ვიტყვით, სიჩუმის სანაცვლოდ ფულის გადახდა უკანონო?

აშშ-ში უკანონო არ არის ვინმესთვის კომპენსაციის გადახდა კონკრეტული ინფორმაციის გაუთქმელობის სანაცვლოდ, თუ მხარეები შეთანხმდებიან. თუმცა იმის გამო, რომ დენიელსს სიჩუმის სანაცვლოდ თანხა გადაუხადეს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პერიოდში, შესაძლოა, ეს მიჩნეული იყოს კამპანიის წესების დარღვევად.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის აგვისტოში, დონალდ ტრამპის ადვოკატმა კოენმა თავი დამნაშავედ ცნო ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა გადასახადებისთვის თავის არიდებას და საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების წესის დარღვევას. ეს დარღვევა კი ნაწილობრივ დაკავშირებულია დენიელსისთვის თანხის გადახდასთან და სავარაუდოდ, ტრამპის კიდევ ერთი საყვარელი ქალისთვის თანხის მიცემასთან.

თავდაპირევლად კოენმა თქვა, რომ დონალდ ტრამპს არანაირი კავშირი არ ჰქონდა თანხის გადახდასთან, მაგრამ მოგვიანებით ჩვენებაში აღნიშნა, რომ 2016 წელს სწორედ ექსპრეზიდენტმა დაავალა სიჩუმის სანაცვლოდ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარი გადაეხადა.