დროა, ბატონმა ზურაბ ჩხაიძემ პოლიტიკური coming out გააკეთოს, - ასე გამოეხმაურა "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების“ შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე, "ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის კომენტარს, რომ გიორგი ჩალაძემ იცრუა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტების არ არსებობის შესახებ.
როგორც ჩალაძე აღნიშნავს, "ზურაბ ჩხაიძემ საქმე ისევ ჭორაობაში გადაიტანა და მისი სიტყვების ინტერპრეტაცია მოახდინა, რადგან მას არაფერი უთქვამს სამედიცინო დოკუმენტების არ არსებობის შესახებ“.
"პირველ რიგში, რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციას, ბატონმა ზურაბმა თავის ჩვეულ ჭრილში საქმე გადაიყვანა ჭორაობაზე. სამწუხარო არის ის, რომ "რუსთავი 2“- მა ვერ მოახერხა მომენტალურად ექსპერიმენტის განხორციელება. ჩემი "ლაივი“ ნანახი ექნება ყველას, ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს იმ წუთას და არა მომზადების შემდეგ, დილით. საუბარი არის, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი არ არის მათთვისაც კი მაშინ, როცა ეს გამოვაცხადე არა დილაუთენია. საერთოდ, რომ დოკუმენტები არ არსებობს, არსად არ თქმულა და ეს არის უგუნურება, პრიმიტიული მცდელობა, გადაიყვანოს სხვა თემაზე საუბარი. დოკუმენტები არსებობს, მაგრამ მათთვის ხელმისაწვდომი არ არის, კონტროლდება სუს-ის მიერ. მე მესმის, რომ ბატონი ზურაბი არის ახალი, დამწყები პოლიტიკოსი და ძალიან უჭირს სწორი სიტყვების მოძიება ექიმობიდან, მაგრამ მე მგონია, რომ დრო მოვიდა მისი პოლიტიკური coming out გააკეთოს“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის შევსების დროს ხდება დარღვევა და სანამ ეს დოკუმენტაცია ექიმებამდე მივა, მანამდე სუს-ის ოთახში შედის, ხდება შესწორება და ისე მიდის ექიმებამდე.
"ფიზიკურად, ეს სამედიცინო დოკუმენტაცია ინახება ოთახში, რომელიც ჩაკეტილი აქვს სუს-ს და ბატონმა ზურაბმა კარგად იცის, რომ ეს ოთახი არის მის გვერდით. ეს დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი ექიმისთვის, წესით და რიგით, ეს დოკუმენტაცია უნდა იყოს კარტოთეკაში და ნებისმიერ დროს ამას ხარისხის სამსახური უნდა აკონტროლებდეს ექიმთან ერთად. დოკუმენტში მონაცემების შეტანა ხდება მყისიერად და ეს დოკუმენტი უნდა იყოს აკინძული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ექიმისთვის, ამ შემთხვევაში ესე არ არის. ექიმის ხელნაწერები შედის ამ სპეციალურ წარმომადგენელთან, რომელიც გადის კონტროლს ურთმელიძის დაქვემდებარებულ სამსახურში და მას შემდეგ, რაც მოდის შესწორებული ვარიანტი, მხოლოდ მაშინ ეძლევა ექიმს უფლება, რომ შეიყვანოს პროგრამაში, იბეჭდება და ინახება და ეს არის დარღვევა. ჩემი ნათქვამი სიტყვა-სიტყვით რომ გადაახვიოთ არის ეს, რომ არ არის ხელმისაწვდომი სამედიცინო პერსონალისთვის და არსად არ მითქვამს, რომ არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
მისივე თქმით, ნორვეგიის ჯილდომ, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს გადაეცა ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, გამოიწვია "ქართული ოცნების“ ათ წლიანი პროპაგანდის სრულად ჩამოშლა.
"ის, რასაც ამბობენ პრეზიდენტ სააკაშვილზე, დამტკიცდა, რომ ევროპა სხვანაირად აღიქვამს. ბრალდებები, რომელიც გავრცელებული იყო "ქართული ოცნების“ მიერ, აღმოჩნდა, რომ არ არის მისაღები სრულიად ევროპისათვის და ეს აღინიშნა რეზოლუციაში, დემარშში, ჯილდოში და კიდევ აღინიშნება, როგორც დავაანონსეთ შემდეგი ორი კვირის განმავლობაში კიდევ ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ჯილდოში.
სტრასბურგზე კი ახლა ჩაციკლულები იმიტომ არიან, რომ ზუსტად ის პროპაგანდა ჩამოეშალათ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მკვლელია და ბრეივიკს შეადარა, ალბათ პრემიერ - მინისტრმა არც კი იცის, რომ თამთა ლიპარტელიანის შესახებ, რომელიც ბრეივიკმა მოკლა, ესე გამოდის და საუბრობს, მაშინ, რომ თვითონ რაფალიანცის სიკვდილით არის ხელისუფლებაში მოსული. ესე ჩამოიშლება სტრასბურგის თემაც და გამკვირვებია, როგორ საუბრობენ ასე რიხიანად "ქართული ოცნების“ ლიდერები, როდესაც წესით და რიგით ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები უნდა ჰქონდეთ იმ გადაწყვეტილებასთან, რომელიც დადგება“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.