ცნობილი ინფექციონისტი მარინა ენდელაძე ჟურნალ „სარკესთან“ პანდემიის პერიოდზე, ორჯერ გადატანილ კორონავირუსზე და გარდაცვლილ შვილზე, ირაკლი ძიმისტარიშვილზე საუბრობს. ინფექციონისტი ამბობს, რომ კოვიდი ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა ის სეზონური გრიპის ვარიანტს დაემსგავსა
კორონავირუსზე...
- ჯერ არ დამთავრებულა კორონავირუსის გავრცელება, ისევ არის, მაგრამ სეზონური გრიპის ვარიანტს ჰგავს. გარკვეული სიმძიმეები ისევ ახლავს, მაგრამ რა შედარებაა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ და ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში გვიწევდა მუშაობა, დატვირთულები ვიყავით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც, უარყოფითად მაინც არ ვიხსენებ იმ დროს, რადგან მაინც ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ. იყო ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე , რამაც გაგვაძლებინა და გადაგვატანინა ის პერიოდი.
ტრაგიკული დღეც ბევრი გვქონდა. მძიმე განცდები ახლდა პაციენტების გარდაცვალებას, რაც ნებისმიერი ექიმისთვის ძალიან ძნელია, მაგრამ გადარჩენილი და მადლიერი პაციენტები რომ ჭარბობს, ეს მნიშვნელოვანია და გაძლიერებს კიდეც.
ორჯერ გადატანილი ომიკრონი
- ორჯერ გადავიტანე კორონავირუსი, ოღონდ ბოლო შტამი, ომიკრონი. ეტყობა ბოლოს მეც მოვდუნდი და შემხვდა. როდესაც ძალიან ბევრი ავადმყოფი გვყავდა კლინიკაში მაშინ არ შემხვედრია. როგორც კი შემხვდა მაშინვე დავიწყე ანტივირუსული მკურნალობა და მსუბუქად გადავიტანე. პირველად რემდესივირი გადავისხი, მეორედ პლაქსოვიდი. ვინც გადაიტანა, უმეტესობა უჩივის მეხსიერების დაქვეითებას. მე კი ეს და სხვა გართულებები არ მქონია და ეს ანტივირუსული პრეპარატების დამსახურებაა.
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება
- ეს ბიჭი ჩვენს კლინიკაში არ წოლილა და ამ საქმეში ღრმად არ ვარ ჩახედული, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ექიმებმა რაიმე პრეპარატი ტყუილად გაუკეთეს. ნარკოტიკი მძიმე შემთხვევაში პროტოკოლით იყო მოწოდებული. რაც შეეხება რაოდენობას... კლინიკაში, სადაც ის იწვა, ვერ წარმომიდგენია, რომ რაიმე არასწორად და ტყუილად უკეთდებოდა. სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის და გადარჩენისთვის იბრძვის ყველა ექიმი. ის ბიჭი ნარკოტიკით გარდაცვლილი არ არის და არ მჯერა.
20 წლის ბიჭის გარდაცვალება ყველასთვის მტკივნეულია და, მით უმეტეს, ჩემთვის, რადგან თავს ძალიან მძიმე ტრაგედია მაქვს დატეხილი და ყველას გარდაცვალებას განვიცდი. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, რომ ამდენი ნარკოტიკი გაუკეთდა? შეიძლება სწორად არ არის ამოღებული აღნიშნული ინფორმაცია ავადმყოფობის ისტორიიდან. ვერ დავიჯერებ. რაოდენობაზე ვერ გეტყვით ვერაფერს, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენ. მჯერა, რომ შეგნებულად მას არაფერს დაუშავებდნენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ექიმები ყველას სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვით და, მით უმეტეს, 20 წლის ბიჭის.
სამწუხაროდ, არა მხოლოდ ეს ახალგაზრდა გარდაიცვალა კოვიდით, აბსოლუტურად ჯანმრთელი ახალგაზრდები დაიღუპნენ. შეიძლება აბსოლუტურად ჯანმრთელი იყოს, პატარა გენეტიკური ცვლილება მოხდეს ვირუსის დროს და სიკვდილით დამთავრდეს. უშეცდომო არავინ არის, მაგრამ ექიმებს ნუ დავაბრალებთ.
შვილიშვილის შესახებ...
- ჩემი შვილის ტრაგედია დამავიწყა იმ დღეებმა, ისე მძიმედ ვიყავი ადამიანების გარდაცვალების გამო. შვილიშვილი ჩემი შვილის ასლია გარეგნობით, ყველაფრით. მისთვის ვცხოვრობ… 27 მარტი ჩემი შვილის გარდაცვალების დღეა და ძალიან მძიმე დღეები მაქვს ახლა. ყველა დღე ძალიან მძიმეა, მაგრამ ამ დროს ორგანიზმში რაღაც უფრო ძალიან მწვავდება… სხვა წვაა.
ცოტნე, რომელიც ძალიან ჰგავს მამას, 13 წლის ასაკში უკვე ცნობილი ჩოგბურთელი იყო. მსოფლიოში მესამე და ევროპაში პირველი გახლდათ რეიტინგში 14 წლამდე ასაკში. 13 წლის იყო, მამამისის რომ გარდაიცვალა. ცოტნე მამამისივით ძალიან ნიჭიერი, არაორდინარული და განსხვავებულია. მამის გარდაცვალების შემდეგ ჩოგბურთის გაგრძელება აღარ მოუნდა. მამამისი მისთვის ყველაფერი იყო, სულ ერთად დადიოდნენ ტურნირებზე…
ცნობისთვის, 2017 წლის 28 მარტს მარინა ენდელაძის ერთადერთი შვილი იურისტი ირაკლი ძიმისტარაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. ირაკლი ანტალიაში დაიღუპა, სადაც 13 წლის შვილი საჩოგბურთო ტურნირზე ჰყავდა წაყვანილი.
იმ პერიოდში ძიმისტარაშვილი მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა ტელეწამყვან ნელი აგირბასთან და წყვილის ერთწლიანი ქორწინება სამწუხაროდ, უდიდესი ტრაგედიით დასრულდა.