თითქმის შვიდსაუკუნოვანი ურთიერთობის განმავლობაში, რუსეთს საქართველოსთვის ბევრჯერ უღალატია და დაუმტკიცებია, რომ "ერთმორწმუნე“ მეზობელი ყოვლად არასაიმედო და მეტიც - მტრულად განწყობილი "მოკავშირე" იყო.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური კონტაქტები ჯერ კიდევ XV საუკუნეში დამყარდა. 1483 წელს კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა მოაწყო ელჩობა მოსკოვში და დიდ მთავარს ივანე III-ს ოფიციალურად მიულოცა ოქროს ურდოს დაქვემდებარებიდან გამოსვლა. ეს რუსეთთან დაახლოების პირველი მცდელობა იყო, რომელსაც იმ ეტაპზე რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. მომდევნო ნაბიჯი ქართულ-რუსული თანამშრომლობის გზაზე გადაიდგა იმავე ალექსანდრე I-ის შვილიშვილის - ლევან კახთა მეფის მმართველობის (1518-1574) პერიოდში, როდესაც ერთი ხანობა კახეთში რუსთა რაზმიც კი იდგა. რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 21-ე საუკუნეში - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ დასრულდა. უსამართლო ომმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის დაკარგვა მოგვიტანა, რუსეთმა კი ახალი - ოკუპანტის სტატუსი დაიმკვიდრა. რუსული ღალატის ანატომიაზე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი მოგვითხრობს:
- ერთმორწმუნე რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობების ძიებამ და მის იმედად ყოფნამ ქართველი პოლიტიკური ლიდერები არაერთხელ დააღალატა. პირველად ეს მკაფიოდ გამოჩნდა XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც (1587 წლის 28 სექტემბერს) უმწვავეს საერთაშორისო ვითარებაში კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ ნაჩქარევად მოაწერა ხელი ე.წ. "ფიცის წიგნს“ რუსეთის მეფე თევდორე ივანეს ძესთან, რითაც ოფიციალურად აღიარა მოსკოვის ხელმწიფის უზენაესობა.
რუსეთისკენ "გადახრა“ ძალიან ძვირად დაუჯდა კახთ ბატონს, რომელიც მანამდე საკმაოდ წარმატებით ახერხებდა ლავირებას ირან-ოსმალეთს შორის. სპარსეთის ენერგიულმა შაჰმა აბას I-მა, რომელმაც 1603 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ ახალი ომი წამოიწყო და დიდი რევანშისათვის ემზადებოდა, კახეთში ყიზილბაშთა ჯარით გამოგზავნა ალექსანდრე II-ის უმცროსი ვაჟი (რომელიც შაჰის კარზე იყო აღზრდილი), გამაჰმადიანებული კონსტანტინე ბატონიშვილი. ფორმალურად ამ უკანასკნელს დავალებული ჰქონდა დაეყოლიებინა მამამისი და უფროსი ძმა უფლისწული გიორგი (ამავე დროს მეფის თანამოსაყდრე) შირვანში (რომელიც ამ დროს ოსმალთა კონტროლქვეშ იყო) გალაშქრებაზე, თუმცა არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ კონსტანტინე-მირზას ვოიაჟის რეალური მიზანი კახეთ-რუსეთის მოლაპარაკებების ჩაშლა იყო. ზუსტად იმ დროს (1605 წ. 12 მარტს), როდესაც ძეგამში უნდა გამართულიყო შეხვედრა რუს ელჩებთან, კონსტანტინე ბატონიშვილმა და მისმა ყიზილბაშურმა ამალამ სიცოცხლეს გამოასალმეს ალექსანდრე II და გიორგი უფლისწული. და ეს ყოველივე, ფაქტობრივად, რუსი ელჩების თვალწინ მოხდა.
ძეგამის ტრაგედიას თითქოს თვალი უნდა აეხილა რუსეთის მოიმედე ძალებისათვის, მაგრამ ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი მაინც არ ეშვებოდა მოსკოვისგან მფარველობის მოპოვების მცდელობებს. ამ მხრივ, კვლავ აქტიურობდნენ ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენლები, პირველ რიგში, თეიმურაზ I, რომელიც 1658 წელს მოსკოვშიც კი ჩავიდა, ხოლო მანამდე (1639 წელს), ხელი მოაწერა "ფიცის წიგნს“, რომლითაც ერთგულება შეჰფიცა რუსთ ხელმწიფეს. ის იყო აგრეთვე 1651 წელს მოსკოვის ხელმწიფის ერთგულებაზე იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის დაფიცების მთავარი შემოქმედი. თეიმურაზ მეფის საგარეო პოლიტიკის რუსული ვექტორის სრულ კრახად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ მისმა შვილიშვილმა - ერეკლე ბატონიშვილმა (თავის დროზე მოსკოვს გაგზავნილმა და იქ აღზრდილმა) საქართველოში თავისი პოლიტიკური ამბიციების რეალიზაცია მოახერხა არა მოსკოვის მხარდაჭერით, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დატოვა რუსეთი, ეახლა ირანის შაჰს, მიიღო იქ მაჰმადიანობა და დაიკავა ქართლის (და არა კახეთის) მეფეთა ტახტი.
ერთი სიტყვით, რუსეთის სახელმწიფოს დიპლომატიურ აქტიურობას საქართველოში XVI-XVII საუკუნეებში ქართული პოლიტიკური სამყაროსათვის არავითარი სარგებელი არ მოუტანია. პირიქით, მოსკოვის "დიპლომატიურმა ინიციატივებმა“, რომლებიც, ოდნავადაც არ იყო უზრუნველყოფილი სამხედრო-პოლიტიკური კუთხით (იმ დროს რუსეთს ამის პოტენციალი საერთოდ არ გააჩნდა) ქართულ პოლიტიკურ გაერთიანებებს ახალი საფრთხეები შეუქმნა.
- იგივე განმეორდა XVIII საუკუნეში. რუსეთზე ორიენტაციამ სრული ფიასკო განიცადა 20-იანი წლების დამდეგს, როდესაც ქართლის ხელისუფალი ვახტანგ VI რუსეთის ძლევამოსილ იმპერატორს პეტრე I-ს ენდო და მასთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირი შეკრა ირანის წინააღმდეგ. მაგრამ ამ უკანასკნელმა მოულოდნელად შეწყვიტა "სპარსეთის ლაშქრობა“ და ისპაჰანის წინააღმდეგ ამხედრებული ქართლის მეფე შუა გზაზე მიატოვა.
კრიტიკულ სიტუაციაში რუსეთის დახმარების მომლოდინე ვახტანგმა არ მიიღო ოსმალეთის შემოთავაზება სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსზე, რამაც სულთანი უკიდურესად გააღიზიანა. შედეგად ოსმალებმა თბილისი დაიკავეს, ქართლის მეფე კი იძულებული გახდა ქვეყანაც დაეტოვებინა. ამაო გამოდგა რუსეთს გახიზნული ვახტანგ VI-ის დიპლომატიური მცდელობები სანკტ პეტერბურგის სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერით ტახტი დაებრუნებინა. რუსეთის ხელისუფლება ამჯერადაც არ აღმოჩნდა მზად რეალური დახმარება გაეწია დევნილი მეფისთვის. ეს იყო პირველი დიდი ღალატი "ერთმორწმუნე რუსეთის“ მხრიდან.
- მიუხედავად განცდილი კატასტროფისა, ქართველი პოლიტიკოსები არ ეხსნებოდნენ რუსეთის იმედად ყოფნას და ჯიუტად ცდილობდნენ რუსეთის მეშვეობით მაჰმადიანური გარემოცვიდან გამოსვლის გზების ძიებას. შედეგად მივიღეთ კიდევ ერთი იმედგაცრუება - "ე.წ. "გეორგიევსკის ტრაქტატი“, რომელსაც მოჰყვა მორიგი დიდი ღალატი. მიუხედავად ტრაქტატით გაწერილი ვალდებულებებისა, რუსეთმა თითი თითზე არ დააკარა და 1795 წელს ერთი ერთზე შეატოვა ერეკლე II თბილისზე მომდგარ აღა მაჰმად ხანის მრავალრიცხოვან არმიას, რაც კრწანისის ტრაგედიით დასრულდა.
სწორედ კრწანისით დაიწყო "ერთმორწმუნე რუსეთის“ მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლის პროცესი. პირველი აქტი ამ გზაზე იყო იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ 1801 წლის 12 სექტემბერს გამოცემული მანიფესტი, რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა და აქ რუსული მმართველობა დამყარდა. XIX ს. 10-60-იან წლებში კი რუსეთის იმპერიამ ეტაპობრივად მოახდინა ქართული სამეფო-სამთავროების ლიკვიდაცია, გააქრო პოლიტიკური რუკიდან საქართველო და მის ადგილას თბილისისა და ქუთაისის რუსული გუბერნიები შექმნა.
- რუსეთის მორიგი დიდი ღალატი იყო შეიარაღებული აგრესია 1921 წლის თებერვალ-მარტში, რომელსაც მოჰყვა სუვერენული სახელმწიფოს - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა და ქვეყნის ანექსია. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთის ბოლშევიკურმა რეჟიმმა უხეშად დაარღვია 1920 წლის 7 მაისს,
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკას შორის მოსკოვში დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთმა იურიდიულად ცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და თბილისში საელჩოც გაიხსნა. ამ მოღალატური აქტის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი იყო ქართველი იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი) - საბჭოთა რუსეთის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი - ეროვნებათა საქმეთა სახალხო კომისარი (მინისტრი), ვლადიმირ ლენინის "მარჯვენა ხელი“, რომელიც მოგვევლინა ახალი რუსული სახელმწიფოს იმპერიული მოწყობის მთავარ "არქიტექტორად“. ეს სწორედ მის მიერ შემუშავებული ე.წ. "ავტონომიზაციის“ პროექტით, საქართველო (ე.წ. "ამიერკავკასიის ფედერაციის“ შემადგენლობაში, აგრეთვე უკრაინისა და ბელორუსის "სუვერენულ“ საბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად) უნდა შესულიყო რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკაში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით.
ბოლშევიკური რეჟიმის ლიდერმა ვლადიმირ ლენინმა თითქოს "დაიწუნა“ "ავტონომიზაციის“ სტალინისეული ფორმულა და ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოს იდეა წარმოადგინა, რომლის მიხედვით იქმნებოდა თანასწორუფლებიანი დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი - სსრკ. ამასთან, თითოეულ რესპუბლიკას ეძლეოდა კავშირიდან თავისუფალი გასვლის უფლება. საბოლოოდ, ლენინის ამ ჩანაწერმა "კავშირიდან თავისუფალი გასვლის უფლების“ შესახებ დაშალა სსრკ. სწორედ ამის გამო ლენინისეული ეს ჩასწორება დღემდე ვერაფრით მოუნელებია ვლადიმირ პუტინს, რომელიც ღიად ამბობს, რომ ამ ჩანაწერით "ჩაიდო ნაღმი“ რუსეთის "სახელმწიფოებრიობის ქვეშ “. ამიტომაცაა პუტინი სტალინის აგრესიული იმპერიული პოლიტიკის გამაგრძელებელი და მისი მემკვიდრე.
- რუსეთის მორიგი ღალატი - სეპარატისტული გამოსვლების ინსპირირება და შეიარაღებული კონფლიქტების გაჩაღება აფხაზეთსა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთში“ XX ს. 90-იან წლებში. მართალია, მოსკოვი, ერთი შეხედვით, ღიად არ ჩარეულა სამხედრო დაპირისპირებაში და თავს ისე წარმოაჩენდა, თითქოს მედიატორი ყოფილიყო, თუმცა ცხადზე უცხადესი იყო, რომ სწორედ რუსეთის სახელმწიფო იყო საქართველოს მიერ "დაჩაგრული“ აფხაზი და ოსი ხალხების "გმირული“ ბრძოლისა და "გამარჯვების“ მთავარი "შემოქმედი“. სამწუხაროდ, მსოფლიო თანამეგობრობამ მაშინ არ დაიჯერა (უფრო სწორად არ ისურვა დაეჯერებინა) ეს ჭეშმარიტება...
- მაგრამ მითი რუსეთის მედიატორობის შესახებ, რომლის დაჯერებას ასე მონდომებით ცდილობდა საერთაშორისო თანამეგობრობა, ერთბაშად დაამსხვრია ღია სამხედრო აგრესიამ 2008 წლის აგვისტოში. ამჯერად უკვე ყველასათვის ცხადი გახდა, თუ ვინ იდგა 1992-1993 წლებში აფხაზეთსა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთში“ მოწყობილი სეპარატისტული ამბოხებების უკან და ვინ აწარმოებდა "ჯვაროსნულ“ ომს ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. დასანანია მხოლოდ ის, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ იმჟამად მაინც ვერ შეაფასა ჯეროვნად რუსეთის გათავხედების მასშტაბები და მოსკოვთან ურთიერთობებში კვლავ ერთგვარი "დიპლომატიური შეგონების“ რეჟიმს დასჯერდა.
დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, იმჟამად დასავლეთს მკაცრ შემაკავებელ ღონისძიებებზე რომ ეფიქრა რუსეთის მიმართ და მაქსიმალურად მოეხდინა პუტინის რეჟიმის იზოლირება, არც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცება და "დონბასის ამბოხის“ ინსპირირება იქნებოდა და, რაც მთავარია, არ იქნებოდა 2022 წლის 24 თებერვალი - უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა.
2008 წლის აგვისტო იყო მთლიანად რუსეთის მიერ თავსმოხვეული ომი - ფაქტობრივად, 1921 წლის გაგრძელება, მაგრამ ამჯერად კრემლის რეჟიმმა ვერ მიაღწია დასახულ მიზანს, ვერ დაამხო საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება და ვერ დასვა თავისი მარიონეტი ("ახალი ორჯონიკიძე“) თბილისში. მეტიც, რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა ანგარიში გაეწია საერთაშორისო თანამეგობრობისათვის და ხელი მოეწერა ნიკოლა სარკოზის - საფრანგეთის (იმხანად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის) პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული და ქართული მხარის მიერ ჩასწორებული (რუსეთისათვის, ფაქტობრივად, კაპიტულანტური) შეთანხმებისათვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმად მოსკოვი ვალდებული იყო დათანხმებულიყო საქართველოს ტერიტორიიდან ჯარის გაყვანასა და 2008 წლის 7 აგვისტომდელი ვითარების აღდგენაზე.
მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ ჩვეულ ტრადიციას არ უღალატა, ამჯერადაც ფეხქვეშ გათელა (ისევე, როგორც 1801 და 1921 წლებში) მის მიერვე (ამ შემთხვევაში პუტინის პოლიტიკური თოჯინის "პრეზიდენტ" მედვედევის) ხელმოწერილი და ევროკავშირის ლიდერის ნიკოლა სარკოზის მიერ დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტი და სულ რაღაც 10 დღეში - 2008 წ. 26 აგვისტოს აფხაზეთი და ე.წ. "სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
იხილეთ ასევე: