საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ნორვეგიის ნაკრებთან ფრეთი - 1:1 დაიწყო.
პირველი ნახევარი სტუმართა დიდი უპირატესობით წარიმართა. მე-16 წუთზე ანგარიში ალექსანდერ სიორლოტმა გახსნა.
მეორე ტაიმი ქართველების აქტიურობით დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ პირველ ტაიმთან შედარებით თითქოს სხვა გუნდი გავიდა მოედანზე. ძალიან კარგად შევიდნენ თამაშში შეცვლაზე შემოსული: ზივზივაძე, ლობჟანიძე და გოჩოლეიშვილი. ჩვენი გუნდის აქტიურობის შედეგად, მე-60 წუთზე ანგარიშის გაქვითვა შევძელით. კვეკვესკირის პასს გიორგი მიქაუტაძის ბრწყინვალე სპრინტი და გოლი მოჰყვა. ტაიმი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. კარისკენ დარტყმა მოახერხეს საბა ლობჟანიძემ და ხვიჩა კვარაცხელიამაც, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს. არაერთი შანსი ჰქონდა მეტოქესაც, თუმცა საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი საუცხოოდ თამაშობდა და რამდენიმე ურთულესი დარტყმა მოიგერია.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ნორვეგიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა სწორედ მისი კარგი თამაში აღნიშნა.
"საქართველის ნაკრებს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია. მეორე ტაიმში ბურთი რამდენჯერმე დავკარგეთ და საქართველოს ნაკრებმა კარგი კონტრშეტევები განახორციელა.
როცა სტუმრად 7 საგოლე მომენტს ქმნი, ხოლო მასპინძლებს 2-3 შანსი აქვთ, ეს არ მიუთითებს ცუდ თამაშზე.
მიქაუტაძეც არ იყო სიურპრიზი. გამაოცა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც შესანიშნავი თამაში ჩაატარა".
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ კი განაცხადა:
“პირველი ტაიმით, განსაკუთრებით, საწყისი 20-25 წუთით, უკმაყოფილო ვარ. ვერ ვთამაშობდით ჩვენ თამაშს, ბურთს ხშირად ვკარგავდით. თამაშის გამოსწორება პირველ ნახევარში ვცადეთ, მეორე ტაიმში კი, მცველი ფორვარდით შევცვალეთ და ამან შედეგი გამოიღო. სისტემის ცვლილებამ შეხვედრის მიმდინარეობა შეცვალა. განსხვავებული იყო ფეხბურთელების დამოკიდებულებაც, უფრო ამბიციურები იყვნენ, მეტ ორთაბრძოლას იგებდნენ". ნახეთ სანიოლის კომენტარი სრულად
საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 17 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ ჩაატარებს.
იხილეთ ასევე: