ავტორი:

"პალიტრა მედიის“ იურიდიული დეპარტამენტის მიმართვა

"პალიტრა მედიის“ იურიდიული დეპარტამენტის მიმართვა

"პალიტრა მედიის“ იურიდიული დეპარტამენტი ვებგვერდ www.ongo.ge -ზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ამ ვებგვერდის მფლობელს, ქეთი ხატიაშვილს მიმართავს.

"მოგეხსენებათ, რომ თქვენს მფლობელობაში არსებულ ვებგვერდზე 2023 წლის 27 მარტს, 16 საათსა და 30 წუთზე განთავსდა სტატია შემდეგი სათაურით: "კეზერაშვილი პალიტრა მედიას აფინანსებს“. აღნიშნულ სტატიაში მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და არ არის დაფუძნებული რეალურ ფაქტებზე. სტატიაში მოყვანილი არგუმენტი, თითქოს ეს ინფორმაცია კონკრეტული წყაროსგან არის მიღებული, ასევე წარმოადგენს სიცრუეს.

"პალიტრა მედია“, მისი მრავალწლიანი არსებობის მანძილზე, არასდროს ყოფილა მართული რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ, ის ყოველთვის ინარჩუნებდა დამოუკიდებლობასა და კეთილსინდისიერად ასრულებდა ვალდებულებას, საზოგადოებისათვის მიეწოდებინა სწორი და უტყუარი ინფორმაცია. ზემოთხსენებულ სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ცილისწამებას. "პალიტრა მედიის“, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედია საშუალებათა ერთობლიობის დისკრედიტაციას და მისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას. ასევე აღსანიშნავია, რომ მსგავს "ფეიკ“ ინფორმაციას დაეყრდნობიან სხვა უპასუხისმგებლო მედიები და მოახდენენ ყოველგვარი გადამოწმების გარეშე აღნიშნულის გავრცელებას. თუმცა, ე.წ. სანდო წყაროს მოშველიებით, სხვისი დაზიანების მიზნით, სიცრუეზე აგებული სტატია, ვერ მიაღწევს მიზანს.

თქვენი ვებგვერდის მიერ, აღნიშნული სტატიაში მოყვანილი ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ირღვევა ჟურნალისტური ქარტიის შემდეგი პრინციპები: პრინციპი 1.ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია; პრინციპი 3. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია; პრინციპი 11. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება; ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აიღოთ თქვენი ვებგვერდიდან ცრუ ინფორმაციის შემცველი სტატია, მოახდინოთ თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და საზოგადოებას მიაწოდოთ სწორი, უტყუარი ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულნი ვიქნებით, მივმართოთ კანონით გათვალისწინებულ სხვა საშუალებებს“.