ავტორი:

"ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული, ვინც არ უნდა იყოს ის, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი" - რას ამბობს თეა წულუკიანი სამხარაძე-რამიშვილის სკანდალზე?

"ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული, ვინც არ უნდა იყოს ის, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი" - რას ამბობს თეა წულუკიანი სამხარაძე-რამიშვილის სკანდალზე?

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრესკონფერენციაზე ბოლო დღეებში თათია სამხარაძის გარშემო მომხდარი მოვლენების შესახებ ისაუბრა. მას ამის თაობაზე კითხვა დაუსვეს.

"არ ვიცნობ ქალბატონ თათია სამხარაძეს, არ ვიცნობ მას, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ის და რას წარმოადგენს. მე ვარ ის ქალი მინისტრი, რომელმაც 2014 წლის 19 ივნისს სტრასბურგში ბატონ გენმდივან იანგლანდთან ერთად ხელი მოვაწერე ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, რასაც ჰქვია "სტამბოლის კონვენცია.“ შემდეგ იუსტიციის მინისტრობისას ფუნდამენტურ რეფორმას ჩავუდექი სათავეში და "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ამ კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა პარლამენტში.

მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ სიტუაციას, რაზეც მესაუბრებით, განსხვავებული პოზიცია ვერ მექნება, გარდა იმისა, რომ ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული, ვინც არ უნდა იყოს ის, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, კანონით, ჩვენს ქვეყანაში ქალი კბილებამდე შეიარაღებულია, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას. იმედი მაქვს, რომ თუ მისი უფლებები დაირღვა, ის ამას შეძლებს", - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ბოლო დღეების განმავლობაში, "პოსტივის" ხელმძღვანელს შალვა რამიშვილს რამდენიმე ქალმა სექსუალურ ძალადობაში საჯაროდ დასდო ბრალი, ამ კონტექსტში თათია სამხარაძისა და რამიშვილის სასამართლო გარჩევის ამბავი კვლავ აქტუალური გახდა, "POST TV" -ის ეთერში გავიდა სიუჟეტი სამხარაძისა და "ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის სამდივნოს წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის საეჭვო კავშირის შესახებ.

26 მარტს კი ამავე ტელევიზიის წამყვანები ამტკიცებდნენ, რომ თათია სამხარაძე სამი დღის განმავლობაში ჩიქოვანის ბინაში იმყოფებოდა და იქედან ვერ გამოდიოდა, რადგან დალურჯებები ჰქონდა. სწორედ ამ გადაცემის პარალელურად ჩაწერა თათია სამხარაძემ ვიდეო საკუთარი სახლიდან და განაცხადა, რომ ის, რასაც მის შესახებ "პოსტს ტვ" - ის ეთერში ლაპარაკობდნენ, სრული სიცრუე იყო.

შეგახსნებთ, საქმე "თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ“, ახალგაზრდა ქალმა სასამართლოს 2 ინსტანციაში მოიგო, ის შალვა რამიშვილს ბრალს სდებდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალურად შევიწროვებაში.

იხილეთ ასევე: