ავტორი:

"საქართველოს მოსახლეობის ადგილი ევროკავშირშია, ამიტომ ჩამოვედი კონკრეტული გზავნილით..." - ანალენა ბერბოკი

"საქართველოს მოსახლეობის ადგილი ევროკავშირშია, ამიტომ ჩამოვედი კონკრეტული გზავნილით..." - ანალენა ბერბოკი

ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავს მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება გვქონდეს.

"დიდი მადლობა ამ მეგობრული მიღებისთვის თბილისში. გერმანიაში უდიდესი ინტერესია საქართველოს, ადამიანების, ისტორიის, საოცარი ბუნების და სამზარეულოს მიმართ. ინტერესი ვლინდება საქართველოში ჩამოსვლის მსურველი გერმანელი ტურისტების რაოდენობის ზრდაში - იმ ადამიანების რაოდენობა იზრდება, ვისაც საქართველოში ტურისტად ჩამოსვლა უნდა. ადამიანებისთვის, ხინკალი და ხაჭაპური აღარ არის უცხო სიტყვა, მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოთქმა არ არის მარტივი, მათ შორის, ჩემთვისაც. ეს არის ანეკდოტი გერმანული პრესისთვის.

გუშინ ვნახე არაჩვეულებრივი ქალაქი თბილისი, არაჩვეულებრივი არქიტექტურით, სადაც გერმანული არქიტექტურა შინაურია. ეს უკავშირდება ორმხრივ ურთიერთობას. ინტერესი საქართველოს მიმართ იმგვარად ვლინდება, რომ ჩვენ, გერმანიაში, გასული კვირების განმავლობაში ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რაც ხდებოდა „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ევროპული დროშები ფრიალებდა. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქალები და მამაკაცები, რომლებიც ევროპულ დროშას აფრიალებდნენ.

ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი გამოცდილება ევროპაში არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ეს არის არამხოლოდ შანსი, არამედ ევროპული ღირებულებების რწმენა. ასევე, არის სტიმული. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით შეიძლება იამაყო. საქართველო არის ევროკავშირი. ამაში დაგვარწმუნა არა გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წელმა. ადამიანების, საქართველოს მოსახლეობის ადგილი ევროკავშირშია. ამიტომ, საქართველოში ჩამოვედი კონკრეტული გზავნილით. ჩვენ გვინდა ვნახოთ, საქართველო ევროკავშირში, გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეთ. გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს გზა ერთობლივად, გულწრფელად გავიაროთ “,- აღნიშნავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მან "აგენტების შესახებ" კანონპროექტის გაწვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა პოლიტიკის ამოცანაა, პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება.

"ყოველთვის მარტივი არ არის ევროკავშირში ინტეგრაციის გზის გავლა. ჩვენ გასული წლების და ათწლეულების განმავლობაში ცალკეულ ქვეყნებში ვნახეთ, რომ აუცილებელია რეფორმები, გარკვეული მუხტის არსებობა. რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდანაც ძალისხმევა. ეს გზა ვერ შემოკლდება. განსაკუთრებით, ღირებულებების მხრივ. ძალიან გვიხარია, რომ საგრძნობი წინსვლა გვაქვს, განსაკუთრებით 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ. ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანი ამოცანა. ერთობლივი მუშაობა აუცილებელია. გაწევრიანების პროცესში აუცილებელია კანონის უზენაესობა და დემოკრატიული სტანდარტების შესრულება.

დემოკრატიის დანერგვის განუყოფელი ნაწილია მოსმენა, ყურის დაგდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აზრები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მათ შორის, საზოგადოებაში. ამიტომ, „აგენტების შესახებ“ კანონპროექტების გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა, პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება. აუცილებელია ამ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რათა საქართველომ ევროკავშირში შესვლა შეძლოს. საქართველოს მხოლოდ მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე და პირიქით. ჩვენ გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხში, ამის გაძლიერებაში. ეს არის ევროკავშირის მამოძრავებელი ძალა. ევროკავშირი განსხვავებული წევრებით ხასიათდება, ეს არ არის სისუსტე, არამედ სიძლიერეა. ევროკავშირის არაოფიციალური დევიზია - ერთობა, სიმრავლეში. სამომავლოდ, გვინდა ამის საქართველოსთან ერთად განხორციელება. ამიტომ, აუცილებელია დრო აღარ დაიკარგოს. ეს მომენტია ისტორიაში, როდესაც უკან არ უნდა დავიხიოთ“,- აღნიშნავს მინისტრი.