საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დავით კაჭარავას მხარდაჭერას უცხადებს და მკაცრად გმობს მის მიმართ სხვადასხვა მედიასაშუალებით თუ სოციალური ქსელით გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"დავით კაჭარავა „ბორჯღალოსანთა“ იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც ქართული სპორტის გულშემატკივარს არაერთი დაუვიწყარი წუთი აჩუქა და თავის ქვეყანას ისტორიული გამარჯვებები მოუტანა. დავით კაჭარავა ის მორაგბეა, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით ოთხ მსოფლიოს თასზე ითამაშა (2007, 2011, 2015, 2019 წლებში) და საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასზე ნამიბიასთან მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაში თავისი წვლილი ლელოთი შეიტანა.ის არის სპორტსმენი, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით 122 თამაში ჩაატარა, 125 ქულა დააგროვა და „ბორჯღალოსნებთან“ ერთად 11-ჯერ მოიგო "რაგბი ევროპის" ჩემპიონატი, სხვა მეტოქეებთან ერთად, რუსეთის ნაკრების დამარცხებითაც.
კაჭარავამ და მისი თაობის მორაგბეებმა ქართული რაგბის განვითარებას მტკიცე საფუძველი ჩაუყარეს. მათი თავდადების საუკეთესო გამოძახილი იყო შარშან ჩვენი ნაკრების მიერ ორი ელიტური ნაკრების - იტალიისა და უელსის დამარცხება და დღეს ამ ადამიანის შეურაცხყოფა ჩრდილს აყენებს არა მარტო მას, არამედ ქართულ რაგბის, რომელმაც საქართველოს არაერთხელ მოუტანა დიდი სიხარული.
დღეს დავით კაჭარავასა და, საზოგადოდ, ქართულ რაგბის მშვიდი, სტაბილური გარემო სჭირდებათ იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები საფრანგეთში გასამართი (8 სექტემბერი-28 ოქტომბერი) მსოფლიოს თასისთვის საუკეთესო პირობებში მოემზადოს და იქ ქართული რაგბის ახალი ისტორია დაწეროს" - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ კაჭარავამ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ წერდა. მისი თქმით, ვერ აპატიებს იმ ადამიანებს, რომლებმაც ე.წ. აგენტების კანონის გამო ის და მისი თანაგუნდელები მოღალატეებად შერაცხა.
"ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი (გულისხმობს რაგბის სამოსს). 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე რომ კითხვაც არ დამისვა!!! რა ხდება კაჭიო?!" - დაწერა კაჭარავამ. მის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
ნახეთ ასევე: