ავტორი:

"საქართველოს რაგბის კავშირი მოუწოდებს პარტიული დღის წესრიგის მქონე ყველა დაჯგუფებას თავი შორს დაიჭირონ ქართული რაგბისგან" - სპეციალური განცხადება

"საქართველოს რაგბის კავშირი მოუწოდებს პარტიული დღის წესრიგის მქონე ყველა დაჯგუფებას თავი შორს დაიჭირონ ქართული რაგბისგან" - სპეციალური განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს რაგბის კავშირი წუხილს გამოთქვამს პოლიტიკურ-პარტიულ დაპირისპირებაში ქართული რაგბის ჩათრევის სისტემური და მიზანმიმართული მცდელობის გამო.

ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო რაც ქართულმა რაგბიმ მსოფლიო ასპარეზზე ისტორიულ გამარჯვებებს მიაღწია: პირველად შეძლო 6 ერის წევრი ქვეყნების დამარცხება, რაგბის კავშირში განხორციელებული რეფორმებისა და მიმდინარე სწორი კურსის გამო უმაღლესი შეფასება დაიმსახურა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტისგან, არაერთხელ მოექცა საერთაშორისო მედია საშუალებების ფოკუსში და შედეგად ქართული დროშა ახალ სიმაღლეზე ასწია, - მთელ მსოფლიოს დაანახა ქართულ რაგბიში მიმდინარე სწრაფი აღმასვლა როგორც კავშირის ადმინისტრაციის, მთავრობისა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო მხარდაჭერის შედეგი; - სწორედ ეს გახდა ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების გაღიზიანებისა და აგრესიის მიზეზი, - სწორედ ამის შედეგად იქცა ქართული რაგბი მათი შეტევების სამიზნედ. ძალიან დასანანია, რომ ქართული სპორტის, საქართველოს მსოფლიო წარმატებას ოპოზიციურად განწყობილი ცალკეული ჯგუფები პირადი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნევენ და ცდილობენ ქართული რაგბის რეპუტაციის შელახვას.

ამუშავებულია სიცრუის მანქანა, რომელიც თხზავს და ავრცელებს დისკრედიტაციულ ტყუილებს ქართული რაგბის კავშირის გაურკვეველ თანამშრომლობასა თუ სიმპათიაზე ხან რუსი ოლიგარქების, ხან - რუსეთის პოლიტიკური სისტემის მიმართ. შეტევის ფრონტი ღია პროვოკაციით ამ ცოტა ხნის წინ "ტვ პირველმა" დაიწყო - გამოგონილი ამბით, თითქოს იმ სასტუმროში სადაც საქართველოს ნაკრები იტალიასთან ისტორიული მატჩის წინ ისვენებდა, კავშირის ხელმძღვანელობა ვერტმფრენით ჩასულ რუს ოლიგარქს მასპინძლობდა, - მართალია, პროვოკაცია ჩავარდა, რადგან ვერტმფრენის მგზავრებმა თავად უარყვეს ეს აბსურდი და გაავრცელეს დამამტკიცებელი ფოტო-მასალაც, თუმცა ამან დისკრედიტაციის მიზანმიმართული პროცესი ვერ შეაჩერა - დაიწყო შეტევები ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრთა მიმართ, - სოციალურ ქსელებში მათი სისტემური დაბულინგების მცდელობა და მოწოდება დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას, რასთან დაკავშირებითაც რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გუშინ სპეციალური მიმართვაც გაავრცელა (იხ.) მოწოდებით - შეწყდეს თავდასხმები უფროს და უმცროს ბორჯღალოსნებზე, რომელთაც ორივეს წელს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული თამაში და საქართველოსთვის ახალი დიდი გამარჯვებების მოპოვება მოეთხოვებათ, - ეს შიდა ბრძოლები კი მათთვის დამაზიანებელია. ამ განცხადებას გუშინვე მოჰყვა კიდევ ერთი დემარში, კერძოდ პეტიცია-ჯი-ზე რაგბის კავშირის თავმჯდომარის, სახელგანთქმული ვეტერანი მორაგბის დავით კაჭარავას შეურახმყოფელი განცხადების გავრცელება, რუსეთისადმი პოლიტიკური კეთილგანწყობის დაბრალებით და რაგბისგან მისი ჩამოშორების მოთხოვნით. პეტიციის ინიციატორი ანონიმური “რაგბი საპორტერია”.

რაგბის კავშირი დესტრუქციულ ძალებს განუმარტავს, რომ გამგეობის თავმჯდომარის არჩევა ბოლოდროინდელი რეფორმების შედეგად, არის სრულიად გამჭვირვალე, დემოკრატიული, ხმათა უმრავლესობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება: საერთო ყრილობამ, რომელიც ძირითადად რაგბის კლუბების წარმომადგენლებისგან შედგება, აირჩია გამგეობის 13 წევრი, რომლებმაც შემდეგ ღია კენჭისყრით აირჩიეს თავმჯდომარედ დავით კაჭარავა. არანაირ “რაგბის გულშემატკივართა” პეტიციას არ აქვს რაიმე ლეგიტიმაცია დემოკრატიული არჩევნების ამ სისტემის ფონზე, რაც დარწმუნებული ვართ მისმა ინიციატორმა ანონიმუსმაც იცის, თუმცა ამ გზით ქართული რაგბის დისკრედიტაციას ემსახურება.

საქართველოს რაგბის კავშირი მოუწოდებს პარტიული დღის წესრიგის მქონე ყველა დაჯგუფებას თავი შორს დაიჭირონ ქართული რაგბისგან, ნუ ცდილობენ პირადი პოლიტიკურ-მერკანტილური მიზნებისთვის ქართული რაგბის, საქართველოს ღირსების დაკნინებას".