დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში მიასვენეს.
"საღსალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია - ვიღაცის ძალადობა. ასეთი უბედურება დაგვემართა. დავიღუპეთ", - ამის შესახებ დიდ დიღომში ნაპოვნი, გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის ბაბუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ჩემს დისშვილს რომ უთხრეს, უნდა გავკვეთოთო, გაგიჟდა, ბავშვი არ გამიკვეთოთო, პანიკაშია. საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია - ვიღაცის ძალადობა. ასეთი უბედურება დაგვემართა. დავიღუპეთ," - აღნიშნავს ბაბუა.
მისივე თქმით, ამ დრომდე არ უპოვიათ გოგონას ტელეფონი.
"ტელეფონი სად გაქრა? არ გვიპოვია. ტელეფონი რომ გვეპოვა, ხომ ჩვენამდე მოვიდოდა. არც კრიმინალისტებს აქვთ, არც ჩვენ გვაქვს. გამორთულია," - აღნიშნავს ის.
ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.