რენესანსის ეპოქის მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის შესახებ დღემდე ბევრი რამ ბუნდოვანია. იტალიელი პროფესორი, მკვლევარი კარლო ვეჩე ამბობს, რომ არქივში იპოვა დოკუმენტები, რომლითაც მტკიცდება, რომ და ვინჩის დედა იყო ჩრდილოეთ კავკასიის მთებიდან მოტაცებული ქალი, რომელიც ჯერ კონსტანტინოპოლში გაყიდეს მონად, ხოლო შემდეგ - ვენეციაში, შემდეგ ფლორენციაში ჩაიყვანეს.
მკვლევრის თქმით, მხატვრის დედა ჩერქეზი იყო. აღნიშნულის შესახებ კარლო ვეჩემ თავისი ახალი წიგნის პრეზენტაციაზე ისაუბრა და ლეონარდო და ვინჩის შესახებ კიდევ უფრო მწვავე დისკუსიას ჩაუყარა საფუძველი.
ვეჩეს თქმით, ფლორენციის არქივში აღმოაჩინა აქამდე უცნობი დოკუმენტები. ერთ-ერთ მათგანში კი საუბარია მონაზე, სახელად კატერინაზე და წერია, რომ ის მფლობელის ცოლმა, ჯინევრამ გაათავისუფლა. ჯინევრა ფლორენციელი კაცის ცოლი იყო, რომელსაც ჰყავდა შავი ზღვის ტერიტორიიდან ჩაყვანილი მონები. მკვლევარი ამბობს, რომ როგორც დოკუმენტებით ირკვევა, გათავისუფლების შემდეგ ქალი ახალგაზრდა პიერო და ვინჩის შეხვდა.
ვეჩე აღნიშნავს, რომ დოკუმენტი, სადაც ქალზეა საუბარი, დაწერილია პიერო და ვინჩის მიერ, რომელიც მხატვრის მამა იყო და ის დათარიღებულია 1452 წლით, როდესაც ლეონარდო და ვინჩი დაახლოებით, ექვსი თვის უნდა ყოფილიყო.
"თვალებს არ ვუჯერებდი. არასდროს მიფიქრია თეორიაზე, რომ ის (და ვინჩის დედა) მონა იყო საზღვარგარეთიდან. თვეები ვცდილობდი იმის დამტკიცებას, რომ ამ სანოტარო აქტში ნახსენები ქალი არ იყო ლეონარდოს დედა, მაგრამ საბოლოოდ, ყველა დოკუმენტი, რომელიც მე ვიპოვე, ამაზე მიუთითებდა“, - თქვა ვეჩემ NBC News-სთან.
სხვა მეცნიერები ვეჩეს აღმოჩენას სარწმუნოდ ვერ მიიჩნევენ და თვლიან, რომ მტკიცებითი ფორმით საუბარი აღნიშნულ საკითხზე ამ ეტაპზე არ შეიძლება.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ყველაზე სარწმუნოდ მიჩნეული თეორიის მიხედვით, მხატვრის დედა იყო კატერინა დი მეო ლიპი, ობოლი, რომელიც ფერმაში ცხოვრობდა. ამ თეორიის ავტორი ოქსფორდის უნივერისტეტის ხელოვნების ისტორიის პროფესორი, მკვლევარი მარტინ კემპია, კემპის თეორიის თანახმად ობოლი გოგონა პიერო და ვინჩისგან 1451 წლის ივლისში დაორსულდა. როდესაც მარტინ კემპს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ვეჩეს "აღმოჩენაზე", მან თქვა - "მე მაინც ჩემს თეორიას ვუჭერ მხარს."