ავტორი:

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არ არის სუიციდი - მამაჩემი სიცოცხლისთვის იბრძვის, გვსურს, რომ დავეხმაროთ იცოცხლოს" - ედუარდ სააკაშვილი

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არ არის სუიციდი - მამაჩემი სიცოცხლისთვის იბრძვის, გვსურს, რომ დავეხმაროთ იცოცხლოს" - ედუარდ სააკაშვილი

"წელიწადნახევრის წინ დავიწყე საკუთარი თავის მომზადება იმ შესაძლებლობისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდებოდა და იმისთვის, რომ ის, შესაძლოა, ციხეში წასულიყო და თანაც დიდი ხნით. თავიდან ეს რთული მისაღები იყო, მაგრამ ამისთვის საკუთარი თავის მომზადება დავიწყე. რისთვისაც არ ვიყავი მზად, არის ის, რომ დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ ის იბრძოლებდა საკუთარი სიცოცხლისთვის. ამისთვის არც ერთი ჩვენგანი არ ვიყავით მზად", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც გაიმართა დისკუსია თემაზე: "პოლიტპატიმრები, რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს: კარა-მურზა, გორინოვი და მიხეილ სააკაშვილი“.

  • ედუარდ სააკაშვილმა მისი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რაც მეტად იქნება კონსენსუსი საერთაშორისო საზოგადოებაში, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად რთულია და რომ სააკაშვილს სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება, მით რეალური იქნება, რომ ეს ნამდვილად ასე მოხდეს.

"მოდი გადავინაცვლოთ იმაზე, რა მოხდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატიული მიზნებიდან გამომდინარე ხელისუფლება გადააბარა. ის იყო ქვეყნიდან გაძევებული მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა და ეს იყო ძალიან რთული დრო მისთვის. ვფიქრობ, ბოლო პერიოდში უკვე იყო წმინდა ნოსტალგიის კულმინაცია და განცდის, რომ მას კიდევ შეუძლია წვლილის შეტანა.

ის ცხოვრობდა უკრაინაში, უკანასკნელ პერიოდში იყო პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი, მაგრამ სულ უფრო მეტს საუბრობდა საქართველოში დაბრუნებაზე. ბევრი ჩვენგანი ამის წინააღმდეგი ვიყავით, რადგან გულწრფელად ვიცოდით, რა გამოვიდოდა აქედან, ვიცოდით, რომ იყო დაპატიმრების ძალიან დიდი რისკი და ამის ნახვა არ გვსურდა. წელიწადნახევრის წინ მე დავიწყე საკუთარი თავის მომზადება იმ შესაძლებლობისთვის, რომ ის საქართველოში დაბრუნდებოდა და იმისთვის, რომ ის შესაძლოა, ციხეში წასულიყო და თანაც დიდი ხნით.

თავიდან ეს რთული მისაღები იყო, მაგრამ ამისთვის საკუთარი თავის მომზადება დავიწყე. რისთვისაც არ ვიყავი მზად, არის ის, რომ დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ ის იბრძოლებდა საკუთარი სიცოცხლისთვის. ამისთვის არც ერთი ჩვენგანი არ ვიყავით მზად. ეს ნამდვილად შოკი იყო ჩვენთვის. ყოველ ჯერზე, როცა მას ვნახულობ უკანასკნელი თვეების განმავლობაში და ჩემთვის მისი ნახვა ყოველთვის მარტივი არ არის, რადგან ხშირად არ გვიშვებენ, მაგრამ როცა მას ვნახულობ, ყოველ ჯერზე ის არის უფრო სუსტად და სიმპტომები რომ უარესდება, ძალიან ცხადია.

ხელისუფლება საუბრობდა, რომ მამაჩემი სიმულირებდა, რომ მას უბრალოდ ციხიდან უნდოდა თავის დაღწევა. ცოტა ხნის წინ მათ ტონი აშკარად შეცვალეს, მას შემდეგ რაც ძალიან ბევრმა ექიმმა გამოიკვლია მამაჩემის მდგომარეობა, მათ შორის, უცხოელმა ექიმებმა აშშ-დან და ბრიტანეთიდან და დაასკვნეს, რომ ვითარება ძალიან მძიმეა. ცოტა ხნის წინ საავადმყოფომ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, თავად გამართა პრესკონფერენცია და აღიარა, რომ დიახ, ის არის მძიმე მდგომარეობაში და მისი ჯანმრთელობა უარესდება. ახლა მთავრობა უკვე აღიარებს, რომ ყალბი ამაში არაფერია და სააკაშვილის მდგომარეობა რეალურად მძიმეა, თუმცა იქვე ამატებენ, რომ ეს თვითმკვლელობაა და რომ ჯანმრთელობის გაუარესება, შესაძლო ლეტალური შედეგი მის მიერვე არის გამოწვეული. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არ არის სუიციდი. მამაჩემი სიცოცხლისთვის იბრძვის და სწორედ ამისთვის ვართ აქ, გვსურს, რომ მას დავეხმაროთ იცოცხლოს და გვსურს დავეხმაროთ იპოვოს გამოსავალი ამ საშინელი სიტუაციიდან.

როდესაც ის დააპატიმრეს, დაახლოებით, ერთი წლის წინ, ჩვენი ოჯახი და მისი მხარდამჭერები საქართველოში საკმაოდ მარტოსულად ვგრძნობდით თავს ამ ძლიერი ხელისუფლების წინაშე, რომელმაც ჯიუტად გადაწყვიტა, რომ სააკაშვილი ციხეში უნდა დატოვოს ნებისმიერ შემთხვევაში. მაგრამ იმედი მოგვცა საერთაშორისო საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებამ და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს და მადლიერი ვარ ამ ოთახში მყოფი ყველა ადამიანის, ვისაც წვლილი შეაქვს ამ მაღალი ცნობიერების შენარჩუნებასა და გაზრდაში. უკანასკნელ პერიოდში ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა და მეგობრებმა ისაუბრეს მამაჩემის შესახებ, გამართეს პრესკონფერენცია, გააკეთეს მისი გათავისუფლების მოწოდება.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოუწოდა მისი გათავისუფლებისკენ, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ მაღალ სახელისუფლებო დონეზე ასევე გააკეთეს ეს მოწოდება, Рuman Rights Watch-მა და Amnesty International- მა, ვნახეთ ბევრი რეზოლუცია, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან რაც მეტად იქნება საერთაშორისო კონსენსუსი, რომ მამაჩემის სიცოცხლე საფრთხეშია და რომ გამოსავალი, რომელსაც ჩვენ და ყველა სთავაზობს, რომ გაიგზავნოს ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ეს არის ცალსახა გამოსავალი, ეს გაზრდის იმის შანსს, რომ ეს ნამდვილად მოხდება. როდესაც მამაჩემი გათავისუფლდება და მას მკურნალობის საშუალება მიეცემა, ეს იქნება ამ ოთახში მსხდომი ადამიანების წყალობით და ასევე, სხვების წყალობით, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა, ამიტომ მე უსაზღვროდ მადლობელი ვარ“,- განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.