ავტორი:

"უმცროსი ძმის, 3 წლის ბიჭუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა" - რას ამბობს ოჯახის ახლობელი ბათუმის ბულვარში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რა დროსაც 10 წლამდე ბავშვი დაიღუპა

"უმცროსი ძმის, 3 წლის ბიჭუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა" - რას ამბობს ოჯახის ახლობელი ბათუმის ბულვარში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რა დროსაც 10 წლამდე ბავშვი დაიღუპა

12 მარტს, საღამოს ტრაგედია დატრიალდა ბათუმის ბულვარში, სადაც 10 წლამდე ბავშვი სასიკვდილოდ დაშავდა. მოზარდი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაშავებული ბავშვი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.

ძლიერმა ქარმა ბათუმის ბულვარში დამონტაჟებული ბატუტი გადააბრუნა, რომელზეც ბავშვები იმყოფებოდნენ.

მომხდარის გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ამავე საფუძვლით, 64 წლის ე.ა. დააკავეს. მისდამი წარდგენილი ბრალდებით, დაკავებული პასუხისმგებელი იყო აღნიშნული ბატუტის უსაფრთხოებასა და წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო. როგორც "კვირის პალიტრასთან" ბათუმის მკვიდრი ამბობს, გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი უკრაინიდან არის ლტოლვილი. მისი თქმით, მეორე დაშავებული გარდაცვლილის უმცროსი ძმაა.

"ქართულ-უკრაინული ოჯახია, ბავშვებს მამა ქართველი ჰყავთ, დედა კი - უკრაინელი. უკვე წლებია ბათუმში ცხოვრობენ, საქართველოს მოქალაქეები არიან. სამწუხაროა, რომ ასეთი საშინელება მოხდა, უმცროსი ძმის, 3 წლის ბიჭუნას ჯანმრთელობის მდგომარეობაც კვლავ მძიმეა, უფლის წყალობით, იმედია ყველაფერი კარგად იქნება”, - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.