მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება პოლიტპატიმართა შორის, მეტყველებს იმ კორუფციულ პრობლემებზე, რომლებიც არის, სამწუხაროდ, წარმოდგენილი ევროპარლამენტში, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს, როდესაც ევროპარლამენტი პოლიტპატიმრების საკითხზე მსჯელობისას მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვასაც გეგმავს.
ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი კორუფციულ პრობლემებს უახლოეს მომავალში დაძლევს.
"ჩვენთვის ეს ფაქტი არის, რა თქმა უნდა, უკიდურესად მიუღებელი. მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც აქვს მისჯილი სასჯელი კონკრეტული უმძიმესი დანაშაულებისთვის. ეს არის უმძიმესი დანაშაულები და მისი მოხსენიება პოლიტპატიმართა შორის, მეტყველებს იმ კორუფციულ პრობლემებზე, რომლებიც არის, სამწუხაროდ, წარმოდგენილი ევროპარლამენტში. მე იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტი ასეთ პრობლემებს უახლოეს მომავალში დაძლევს“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ. მოსმენა პოლიტპატიმრების შესახებ ადგილობრივი დროით 16:30-17:00 საათზე არის ჩანიშნული.
კერძოდ, საუბარი შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას და მოსკოვის კრასნოსელსკის მუნიციპალური ოლქის დეპუტატს, ალექსეი გორინოვს.