"ნავალნი" - დოკუმენტური ფილმი, რომელიც ანტიკორუფციული კამპანიის რუსი მეთაურის და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, ალექსეი ნავალნის მკვლელობის შეთქმულებას იკვლევს, "ოსკარის" დაჯილდოებაზე საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარეს. ფილმის რეჟისორმა, დენიელ როჰერმა ჯილდო ნავალნის ოჯახთან ერთად მიიღო.
ფილმის პრემიერა 2022 წლის იანვარში, სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. პროექტს BAFTA-ს ჯილდოც აქვს მიღებული. ფილმში მოყოლილია ალექსეი ნავალნის პოლიტიკური აღზევების, მისი მოწამვლის მცდელობის და დაპატიმრების შესახებ. მედია ნავალნის კრემლის ყველაზე სასტიკ კრიტიკოსს უწოდებს. ის ამჟამად ცხრაწლიან პატიმრობას იხდის მოსკოვის აღმოსავლეთით მდებარე მაქსიმალური უსაფრთხოების სასჯელაღსრულების კოლონიაში და როგორც მისი მხარდამჭერები და ოჯახის წევრები ამბობენ, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
ფილმის რეჟისორმა, დენიელ როჰერმა "ოსკარი" ნავალნის და მთელ მსოფლიოში ყველა პოლიტიკურ პატიმარს მიუძღვნა:
"ალექსეი, მსოფლიოს არ დავიწყებია თქვენი სიტყვები, რომ არ უნდა გვეშინოდეს დიქტატორების და ავტორიტარიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევის,"- განაცხადა რეჟისორმა.
სიტყვით გამოვიდა ნავალნის მეუღლე, იულიაც:
"ჩემი ქმარი სიმართლის თქმისთვის მოხვდა ციხეში. ის მხოლოდ დემოკრატიის დაცვისთვის დააპატიმრეს. ალექსეი, მე ვოცნებობ იმ დღეზე, როცა შენ და ჩვენი ქვეყანა თავისუფლები იქნებით. იყავი ძლიერი, ჩემო სიყვარულო". დენიელ როჰერთან ერთად სცენაზე ნავალნის ცოლი, ქალიშვილი და ვაჟიშვილი ავიდნენ. დარიამ განაცხადა:
"არ შეწყვიტოთ ბრძოლა დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მთელ მსოფლიოში, ჩვენ მამას ციხიდან გამოვიყვანთ და ბრძოლას გავაგრძელებთ".
დაშა ნავალნაიამ ახლახან მიცემულ ინტერვიუში თქვა, - მამაჩემის მთავარი მიზანია, რომ რუსეთი თავისუფალი სახელმწიფო გახდეს, ჰქონდეს ღია არჩევნები, პრესის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და გახდეს ნორმალური დასავლური დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი. მან ასევე განაცხადა, რომ ოჯახისთვის რთულია ნავალნისთან შეხვედრა და რომ ნახევარ წელზე მეტია მას თავისი ოჯახი არ უნახავს.
წყარო: cnn
იხილეთ ასევე:
მოამზადა: ანა სიბოშვილმა