ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ, ყველანი იყვნენ დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან ან მათ სატელიტ ორგანიზაციებთან, 60-მდე პოლიციელია დაშავებული, რამდენიმე პოლიციელი ლამის ცოცხლად დაიწვა, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?! ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად იქნება დასჯილი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბასვილის თქმით, სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტში დააარსეს ე.წ. "ფრანკლინის კლუბი", სადაც ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აქციაზე "ფრანკლინის კლუბის" ახალგაზრდები და დატრენინგებული, დესტრუქციული ზურაბ ჯაფარიძის "გირჩის" მოძრაობის წევრები ყველაზე მეტად პროვოკაციულად და გამომწვევად იქცეოდნენ და მათ დავალება ჰქონდათ მიცემული, რომ შესულიყვნენ პირდაპირ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან, პოლიციასთან.
"ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ და სათითაოდ ვიცით ვინ ვინ არის, ესენი ყველანი იყვნენ დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან ან მათ სატელიტ ორგანიზაციებთან, იქნებოდა ეს "ევროპული საქართველო", "გირჩი" , ვაშაძის პარტია და სხვები. ასევე, ერთ- ერთი საინტერესო, უკვე გამოიკვეთა მათი მონაწილეობა ე.წ "ფრანკლინის კლუბის" ახალგაზრდები, რომლებსაც წამლავენ, პირდაპირ უნდა ითქვას ამის თაობაზე. მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო ან მეორეს მხრივ გამოძიებას ხელი შევუშალო, მაგრამ ეს არის პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი, ძირგამომთხრელი საქმიანობა. ძალიან ბევრ ახალგაზრდას, მათ შორის მოსწავლეებს, ურეცხავენ ტვინს ამ ე.წ ფრანკლინის კლუბში. ეხლა რა ხდება "ფრანკლინის კლუბში" და სად არსებობს აღნიშნული კლუბი. ეს კლუბი არის შექმნილი სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტში, რომელიც სხვათაშორის, მე მინდა ახალგაზრდებს შევახსენო, რომ ეს უნივერსიტეტი, როცა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, 1 ლარად გადასცა თავის დედას. ამ უნივერსიტეტში შექმნილია ეს ერთგვარი ანკლავი, ძალიან ბევრი უცხოელი ფიქსირდება ამ დაჯგუფების გარშემო და მიდის ახალგაზრდების მოწამვლა, მათი ტვინის გამორეცხვა. აი, პირდაპირ მაგალითს გეტყვით, დადასტურებული ინფორმაცია მინდა გავუზიარო ჩვენს ხალხს. განსაკუთრებით ეს "ფრანკლინის კლუბის" ახალგაზრდები და ეს დატრენინგებული, დესტრუქციული "გირჩის", ზურაბ ჯაფარიძის "გირჩის" მოძრაობის წევრები იქცეოდნენ ყველაზე მეტად პროვოკაციულად და გამომწვევად. მათ ჰქონდათ პირდაპირ მიცემული დავალება, რომ შესულიყვნენ პირდაპირ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან, პოლიციასთან, მოეხდინათ მათი პროვოცირება მოლოტოვის კოქტეილებით. საიდან გაჩნდა მოლოტოვის კოქტეილები "მშვიდობიან აქციაზე"?! მე მინდა ახლა მივმართო ჩვენს საზოგადოებას და ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, ჩვენს ძმებს და დებს, ყველას. როგორი საზოგადოების მშენებლობა გვინდა? როგორი ქვეყნის მშენებლობა გვინდა? ჩვენ ვიძახით, რომ გვინდა ნამდვილად ევროპული საზოგადოება ავაშენოთ და ამისკენ ვისწრაფით. გვინდა იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ, ეკონიმიკა ფეხზე დავაყენოთ. ვინ ბედავს, როგორ ბედავენ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებენ ფარად, რომ იტყვიან წინა ხაზზე უშვებენ, ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს. თქვენ ნახეთ კადრები, 60-მდე პოლიციელია დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?! ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად იქნება დასჯილი, მე ეს მინდა განვაცხადო",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პირველ რიგში, მინდა საჯაროდ, თქვენი ეთერის საშუალებით, მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, ჩვენს მეგობარს, მის გუნდს, თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, მის ხელმძღვანელობას, აბსოლუტურად ყველას, ყველა პოლიციელს, რომელმაც, შეიძლება ითქვას, იდეალურად დაგეგმა და შეასრულა ეს ღონისძიება" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი იყო იდეალურად განსაზღვრული, გათვლილი და ყველაფერი იყო კონტროლის ქვეშ.
"მე ამ პროცესს ვაკვირდებოდი თავიდან ბოლომდე და ვიცი, რამდენად მაღალპროფესიონალურად შეასრულეს ბიჭებმა ეს ურთულესი გამოწვევა. ძალიან რთული იყო, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ იქ რაღაც უბედურება არ მომხდარიყო, ღმერთმა დაგვიფარა და მადლობა უფალს, რომ ეს ყველაფერი ძალიან, მეტ-ნაკლებად ნაკლები დანაკარგის, ნაკლები პრობლემების, გართულების გარეშე დასრულდა. ჩვენმა პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა, სიმტკიცე გამოიჩინეს, მაღალი პროფესიონალიზმი და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სახე - ჰუმანურობა - კიდევ ერთხელ წარმოჩინდა.
ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ, რომ თითქოს პოლიციამ გადაამეტა. ეს არის სიცრუე, ეს არის სისულელე. ვინ დაიწყო ძალადობა, ძალადობა დაიწყო, რაც მე ჩამოგითვალეთ, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ეგრეთ წოდებულმა გირჩის მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და "ფრანკლინის კლუბის" ანარქისტებმა. მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს, მე არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება უბრალოდ. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" უკვე გადაქცეული არის რაღაც არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია.
მე დავყავი, პირველი ნაწილი იყო, რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობა", ეს იყო კოორდინირებული, ამის უკან იდგა მერაბიშვილი, რომელიც კეზერაშვილთან ერთად აკონტროლებს პარტიას. დღეს მათ ჩაიგდეს, მანამდე თუ იყო ახალაიას გავლენები და მელია იყო მათი გავლენის ქვეშ, დღეს ხაბეიშვილი არის მერაბიშვილი-კეზერაშვილის ტანდემის მიერ მართული. ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მეორე დაპირისპირებული ფრთა არის ახალაია-მელიას ფრთა. სხვათა შორის, ის, რაც მე ახლა გითხარით, გუშინ ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა, თქვა, რომ მათი ამოცანა, მათი მიზანი არის ხელისუფლების გადატრიალება, შეცვლა და ომის დაწყება. კაცმა აღიარა, რომ მათი მიზანი არის ომის წარმოება რუსეთის წინააღმდეგ, ანუ მეორე ფრონტის გახსნა, რასაც ჩვენ ვუყვებოდით ხალხს, ჩვენს საზოგადოებას მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში. ყველა ეს პროვოკაცია, დაწყებული სააკაშვილის შემოგზავნით, დამთავრებული უამრავი პროვოკაციით, რომელიც თავიდან ავიცილეთ. ახლა უკვე ეს გუშინდელი და რამდენიმე დღის წინანდელი აქციები", - განაცხადა პრემიერმა.
ასევე იხილეთ: