ავტორი:

"ბებიაჩემი საბერძნეთში 13 წელი მუშაობდა.. გადავწყვიტე, მისთვის სიურპრიზი მომეწყო" - ქუჩის მუსიკოსობიდან დიდ სცენამდე: რას ჰყვება "ბერძნული ხმის" ქართველი ფინალისტი

"ბებიაჩემი საბერძნეთში 13 წელი მუშაობდა.. გადავწყვიტე, მისთვის სიურპრიზი მომეწყო" - ქუჩის მუსიკოსობიდან დიდ სცენამდე: რას ჰყვება "ბერძნული ხმის" ქართველი ფინალისტი

ქართველებისთვის გასული კვირა შესანიშნავი იყო. არაერთი სასიხარულო ამბავი მოხდა - "აგენტების კანონპროექტის" ჩაგდებით დაწყებული, მერაბ დვალიშვილის რუს პიოტრ იანზე გამარჯვებით დასრულებული. ასევე იყო ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი გოლი "ატალანტას" კარში.

ახლა კიდევ ერთ კარგ ამბავზე გიამბობთ, ქართველი მომღერალი დოდონა ნამორაძე "ბერძნული ხმის" ფინალში გავიდა. ის ოთხ საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა.

ფინალში გამარჯვება 16 წლის ბერძენმა შემსრულებელმა მოიპოვა, ქართველი მომღერალი კი ხმების მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა. მას ემიგრანტები განსაკუთრებით გულშემატკივრობდნენ და მართალია, გული სწყდებათ, რომ გამარჯვება სხვამ მოიპოვა, თუმცა უცხო ქვეყნის პროექტში ქართველის ამგვარი წარმატება, თუნდაც მეორე ადგილზე გასვლა, ძალიან ახარებთ.

  • "ჩემო მეგობრებო, ვინ ვის სჯობდა უკვე აღარაფერს ნიშნავს, გაიმარჯვა 16 წლის ბავშვმა პატარა საყვარელი გოგონაა, გთხოვთ ცუდ კომენტარებს ნუ დაუწერთ! წარმოიდგინეთ რას იგრძნობს, როცა ამას წაიკითხავს. უდიდეს წარმატებას ვუსურვებ", - დაწერა ფინალის შემდეგ მომღერალმა.

დოდონა ნამორაძე 2023 წლის თებერვალში ჟურნალ გზას ესაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- ბერძნული "ვოისი" რატომ აირჩიეთ?

- ბებიაჩემი საბერძნეთში 13 წელი მუშაობდა. შემდეგ ინსულტის გამო, საქართველოში ჩამოსვლა მოუწია. საბერძნეთი ძალიან უყვარს. თავად სულ ჰქონდა სურვილი, იქ რომელიმე მუსიკალურ კონკურსში გამოვსულიყავი. როდესაც ბერძნული "ვოისისთვის" კასტინგი გამოცხადდა, ამის შესახებ იქ მცხოვრებმა მეგობრებმა მაცნობეს. გადავწყვიტე, ბებოსთვის სიურპრიზი მომეწყო: კასტინგისთვის ჩემი მონაცემები გავგზავნე. როდესაც კონკურსზე მოვხვდი, ბებოს მხოლოდ მაშინ ვუთხარი. ყველას გაუხარდა. თან, საბერძნეთი საქართველოსთან ახლოს არის - ამ 2 ქვეყანას შორის მიმოსვლა ჩემთვის უფრო იოლია.

- საბერძნეთში გიცხოვრიათ?

- არა, პირველად ვიყავი. იქ მეგობრები, ნაცნობები და ნათესავები მყავს. ბებიის მსგავსად, ჩემი რამდენიმე ნათესავი იქ მუშაობს და კონკურსის შესახებ სწორედ მათგან შევიტყვე.

- პროექტში მონაწილეობისთვის ბერძნული ენის ცოდნა საჭირო არ იყო?

- იქ ინგლისურად თითქმის ყველა საუბრობს. ეთერში ჩემი ინტერვიუც ინგლისურად გავიდა, სცენაზე გასულსაც ინგლისურად მესაუბრებოდნენ... ბერძნული საერთოდ არ ვიცი. ცოტ-ცოტას ახლა ვსწავლობ.

- საქართველოში, შარშან "ნიჭიერში" მონაწილეობდით, მანამდე - "X-ფაქტორში". ამ კონკურსებმა თქვენს ცხოვრებაში რა შეცვალა?

- პირველ რიგში, სცენაზე დგომა მასწავლა. 17 წლის ვიყავი, როცა "X-ფაქტორში" გავედი. მაშინ მივხვდი, რომ სცენა ჩემი სახლია - ყველაზე კომფორტულად თავს სწორედ აქ ვგრძნობ. სცენაზე მდგომი ოდნავაც არ ვნერვიულობ და ეს ჩემთვის ნორმალურია. იმისთვის ვიბრძვი, რომ მთელი ცხოვრება "სახლში ვიყო".

- ფილიპინებზე ცხოვრების რა ეტაპი გაატარეთ?

- "X-ფაქტორში" ფილიპინებიდან ჩამოსვლის მერე გავედი. იქ ჩემი მშობლები დოქტორანტურაზე სწავლობდნენ. 10 წლის ვიყავი, როცა გავემგზავრე. იქაურობა ძალიან მიყვარს, "მეორე სამშობლოს" ვუწოდებ, რადგან იქ გავიზარდე, იქაური კულტურა, ღირებულებები შევიძინე. ფილიპინებზე მართლა კარგი ხალხი ცხოვრობს. უარს არაფერზე გეტყვიან, ყველა გიღიმის. მათი ენაც ვისწავლე. იქაური ყველაფერი მიყვარს. მინიმუმ 1 წლით სიამოვნებით დავბრუნდებოდი, მაგრამ საცხოვრებლად არ წავიდოდი, რადგან საქართველო ისე ძლიერ შემიყვარდა, რომ სხვაგან ცხოვრება არ მინდა - ბუდე აქ მაქვს... ცოტა ხნის წინ ჩემი მშობლები და ძმა ამერიკაში გაემგზავრნენ, მათ არ გავყევი. ეს ძალიან ბევრს უკვირს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ საქართველოდან წასვლა არ მინდა. ყველანაირად ვცდილობ, აქ ჩამოვყალიბდე ისეთ მომღერლად, როგორიც მინდა ვიყო. იმედია, გამომივა.

- ქუჩის მუსიკოსი როგორ გახდით?

- 3-4 წელია, რაც ქუჩაში ვმღერი. ეს იმან გამოიწვია, რომ "X-ფაქტორში" მონაწილეობის შემდეგ, გული ძალიან დამწყდა, ბავშვი ვიყავი... თან, ჩემი მენტორი თამთა გოდუაძე იყო, რომელიც გეცოდინებათ, საბერძნეთშია. ახლა ვხვდები, რომ რაც "X-ფაქტორზე" მოხდა, საჭირო იყო: სიმაღლეს გემოს ვერ გაუგებ, თუ დაბლა ნამყოფი არ ხარ, თუ ერთხელ მაინც არ დავარდნილხარ. მოკლედ, მაშინ არსად გამოსვლა აღარ მინდოდა. ასე ვთქვათ, ქუჩაში სიმღერა გადამირჩინა - მივხვდი, ჩემი საქმე ეს არის... მე და ჩემი ერთ-ერთი დაქალი რიყის პარკისკენ დავდიოდით ხოლმე. ერთხელაც, იმ ადგილას რომ გავიარეთ, სადაც იოსებ ახალკაციშვილი უკრავდა, მივედი და ვუთხარი, - მამღერე-მეთქი (იღიმის). ვუთხარი, რომელი აკორდი დაეკრა და Feel good ვიმღერე, ვისიამოვნე. ამის შემდეგ მასთან ხშირად მივდიოდი და ვმღეროდი და ბოლოს ისე მოხდა, რომ დავრჩი.

ძალიან ბევრი მეკითხება, - შენი შემოსავლის წყარო ეს არისო? ქუჩიდან 1 ლარიც კი არასდროს ამიღია, რადგან ჩემთვის ქუჩაში სიმღერა სულ სხვა რამეს ნიშნავს. შემოსავლის სხვა წყარო მაქვს - ვმუშაობ, საღამოობით კი სამღერად გავდივარ. უბრალოდ, ეს სიამოვნებას მანიჭებს. ალბათ, ის ფაქტორიც არის, რომ როგორი მაღალი დონის და პოპულარული მომღერალიც უნდა გავხდე, ქუჩაში სიმღერა ჩემთვის ყოველთვის თავმდაბლობის ასოციაციაა, რადგან ხალხს უმღერი, ჩვეულებრივი მათგანი ხარ - სცენაზე, შემაღლებულ ადგილზე არ დგახარ. გარშემო მყოფები იმიტომ მოდიან და ჩერდებიან, რომ მოგისმინონ და არა იმიტომ, როგორც სასტუმროში სიმღერისას ხდება - ხალხი ვახშმობს და თან, სიმღერის მოსმენა უწევს. ქუჩაში ხალხი იმიტომ ჩერდება, რომ ჩემი მოსმენა უნდათ და ამაზე კარგი გრძნობა მართლა არ არსებობს.

წაიკითხეთ ინტერვიუს სრულად