მივესალმებით "უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად გააუქმოს ეს კანონპროექტი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ტიპის კანონმდებლობა შეუთავსებელია საქართველოსა და ევროატლანტიკურ ღირებულებებთან.
"ნათელია, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და აყვავებული ევროპული მომავალია. ჩვენ - მიუხედავად იმისა, რომ მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას, "უცხოური გავლენის შესახებ“, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად გააუქმოს ეს კანონპროექტი და არ გააგრძელოს ამ ტიპის კანონმდებლობა, სწორედ იმიტომ, რომ ის შეუთავსებელია საქართველოსა და ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ერთობლივად სერიოზულად იმუშაონ იმ რეფორმებზე, რომლებიც სასწრაფოდ არის საჭირო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც საქართველოს მოქალაქეებს ძალიან სურთ“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.
მისი თქმით, არა მხოლოდ ბოლო კვირების განმავლობაში, არამედ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა თავისი ხმით, გამოხატვით, რომ სურს დემოკრატიული საქართველო, რომელიც არის აყვავებული და ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირებული.
"მათ ეს კიდევ ერთხელ გააკეთეს და შეერთებული შტატები კვლავაც იქნება ამ მისწრაფებების პარტნიორი“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.