საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრა გააუქმა და საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
როგორც მან აღნიშნა, ის პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონს ვეტოს დაადებს. ზურაბიშვილის თქმით, პირობას დებს, რომ ქვეყანას "ევროპაში გაიყვანს".
"მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე. მე აქ ვდგავარ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, რისთვისაც მოვედით დღემდე. მე ვარ თქვენს გვერდით. თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობებს. ეს მომავალი არის ის, რომელსაც ჩვენი წინა თაობები ამზადებდნენ. არავის აქვს უფლება, რომ წაგართვათ მომავალი.
ეს კანონი, რომელიც არავის სჭირდებოდა, არის გასაუქმებელი. არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში. მე ამ კანონს დავადებ ვეტოს, არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა. მე მაინტერესებს საქართველოს მომავალი, მე მაინტერესებს ის კონსტიტუცია, რომლის გარანტი ვარ მე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული. ყველა ვინც ამ კანონს მისცა ხმა, გვაშორებს ევროპულ გზას. ჩვენ ამ ქვეყანას ევროპაში გავიყვანთ, ამ პირობას გაძლევთ თქვენ" - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, პირველი მოსმენით მიიღო პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭურა. კანონპროექტის საარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.
პროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.