ავტორი:

"დღეს ხელისუფლება აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას, ესენი, ფაქტობრივად, "პუტჩისტები" არიან" - გია ხუხაშვილი

"დღეს ხელისუფლება აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას, ესენი, ფაქტობრივად, "პუტჩისტები" არიან" - გია ხუხაშვილი

მმართველმა გუნდმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების დაჩქარებული წესით გადაწყვეტილება მიიღო.

საკითხის განხილვა ხუთშაბათს იყო გადაწყვეტილი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ "თავდაცვის კოდექსის“ დღეს დაგეგმილი განხილვა გადაიდო, ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტების განხილვა დღეს დაეწყოთ.

"ეს პროექტები ჩვენი განსახილველია მიმდინარე კვირის განმავლობაში, განხილვას და საპარლამენტო დებატებს საზოგადოებაც მოელის და ალბათ, ჯობს, რომ დღეს დავიწყოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს. მოქალაქეები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს პარლამენტთან აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და კანონპროექტები საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას. ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მოქალაქეები და სტუდენტები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "მონებო", "არა რუსულ კანონს".

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვაზე განმარტებას ambebi.ge - სთან პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აკეთებს:

"ესენი არიან წვრილმანი "ჟულიკები“, წვრილმანი "ჟულიკები“ გვყავს ხელისუფლებაში. ამათ ხომ თავისი პოლიტიკური ნება არ აქვთ, დავალება მიიღეს და ასრულებენ. ამათ თვითონ აფერისტობის თავიც არ აქვთ და სხვისი აფერისტობის მსხვერპლნი არიან. ვინც დაურეკავს დილას და ეტყვის ყურებზე გაიარეთო - გაივლიან, საღამოს - თავდაყირა დადექითო და დადგებიან, ანუ რასაც უბრძანებენ, რა მესიჯიც მოუვათ, იმას გააკეთებენ.

ესენი ასრულებენ ბიძინას დავალებას ან ბიძინა უკვე გაწეულია და პირდაპირ კრემლიდან ურეკავენ. ვითომ რატომ ვერ შეძლებენ კანონის დამტკიცებას, ვერ გავიგე? კი შეძლებენ, მაგრამ საით მიდის ეს ყველაფერი, ეგაა მთავარი - კარგი არაფრისკენ ან ვის აინტერესებს ვენეციის კომისია, ამას სიტყვის მასალად იყენებენ.

დეგრადაციის პროცესი და კატასტროფული ვითარებიაა. დღეს ხელისუფლება აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას, ესენი, ფაქტობრივად, "პუტჩისტები" არიან და ამ დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩამობრძანდა ღარიბაშვილი ევროპიდან (ბერლინიდან), თქვა რაღაც აგენტებზე და დაიწყეს მოქმედება ან ღარიბაშვილს ვინ რას ეკითხება? მასაც დავალება მისცა სხვამ.

ახლა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე, ჩვენ ვართ პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების პროცესში. ხალხმა უნდა აიღოს ხელში ძალაუფლება და დააბრუნოს ხელისუფლება კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში. ხელისუფლება ამაზე უარს თუ იტყვის, მაშინ სხვა გზით უნდა აღადგინოს წესრიგი. ამის ბევრი ფორმა არსებობს“.