ავტორი:

"არ შეიძლება მაშინ, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, ჩვენ დავრჩეთ სახლში" - რა ხდება პარლამენტთან?

"არ შეიძლება მაშინ, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, ჩვენ დავრჩეთ სახლში" - რა ხდება პარლამენტთან?

პარლამენტთან საზოგადოების სპონტანური შეკრება დაიწყო, მას მერე, რაც "ქართულმა ოცნებამ" გადათქვა საკუთარი განცხადება, რომ ე.წ. აგენტების კანონპროექტების განხილვას პარლამენტში 9 მარტს დაიწყებდა და მოულოდნელად 7 მარტის საღამოს დაგეგმა განხილვა. ეს იმით ახსნეს, რომ "თავდაცვის კოდექსის“ დღეს დაგეგმილი განხილვა გადაიდო. ე.წ. აგენტების კანონპროექტების დღეს განხილვის ინიციატივით ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა. მისი თქმით, დღესვე თუ ვერ დასრულდება პროცესი, ხუთშაბათს გაგრძელდება.

საინტერესოა, რომ აქცია დღეს დილიდან იმართებოდა პარლამენტთან, მაგრამ საღამოს აქცია დაიშალა, თუმცა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შემდეგ მოქალაქეებმა სპონტანურად დაიწყეს ისევ შეკრება.

პარლამეტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “მონებო", "არა რუსულ კანონს" და ა.შ.

პროტესტანტებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.

"არ შეიძლება მაშინ, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, ჩვენ დავრჩეთ სახლში", - განაცხადა მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ, რომელიც ერთ-ერთი პირველი მივიდა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან.

"ყველა პარლამენტთან!

არათუ შიგნიდან ფარულად, შეფარვით ყვირილით ყოველგან სინდისის ხმა ისმის:

- არ მიცე უფლება 25 თებერვალს შენი 26-ის მოაშთოს მაისი. ხვალ აღარ გექნება, დღეს ამ საღამოთი სახლში თუ დარჩები. ადექი, გამოდი", - წერს პოეტი რატი ამაღლობელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე. ის ამჟამად რუსთაველზეა.

"სამშობლოს ბედი წყდება! ახლა უკვე პარლამენტის წინ!" - ამბობს აქციაზე მყოფი ლაშა ბაქრაძე.

შეგახსენებთ, კანონპროექტებს, რომელიც ე.წ. ხალხის ძალამ მოამზადა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. ე.წ. გავლენის აგენტების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივებს ევროკავშირი თავის პრინციპებსა და რეკომენდაციებთან შეუსაბამოდ აფასებს.

იხილეთ ასევე: