ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა, ბევრი ამჩატდა - როგორ დავიჯერო, რომ კანონის არსი ვერ გაიგო მზექალა შანიძემ და ჩემთვის ძვირფასმა ადამიანებმა, „ფეიკის“ სივრცეში არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა კრიტიკულ განცხადებებს.
„როცა საქმე საქმეზე მიდგა, ვთქვით, აბა დაამტკიცეთ, რა არის რუსული და ვერავინ ვერაფერი მსგავსება ვერ მოიტანა რუსულ კანონთან, ვერავინ ვერაფერი დაასახელა, მაგრამ ახლა დაკვეთაა, რომ როგორმე ვნებათაღელვა გამოიწვიონ, აქ დაასახელეს ახლა კლუბები, ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა და შეფასებები გააკეთა, არ სჭირდება დაკონკრეტება", - განაცხადა ყაველაშვილმა.
კითხვაზე გულისხმობს, რომ "გაგრა", "დინამო", მზექალა შანიძე ამჩატდა, ყაველაშვილი ამბობს - "ბევრი ამჩატდა, კი, ამჩატდა, სამწუხაროდ".
მისი თქმით, პოლიტიკოსები და "მასთან მიტმასნილი NGO სექტორი" ეძებს მიზეზებს, რომ ვნებათაღელვა გამოიწვიონ საზოგადოებაში, რომ როგორმე მიიტანონ ნეგატივი მათთვის "ძვირფას საზოგადოების წევრებამდე."
"თითქოს კურსი შეცვალა ხელისუფლებამ, რუსულ კანონს იღებს და ევროპაზე უარს გვათქმევინებენ - მსგავსი შეფასებებით, მარტივი პრიმიტიული შეფასებებით... როგორ შეიძლება დავიჯერო, რომ კანონის არსი ვერ გაიგო ან მზექალა შანიძემ, ან არ ვიცი, იმ ჩემთვის ძვირფასმა ადამიანებმა და აზრი ვერ გამოიტანონ, რა არის მასში რუსული. როცა ამაზე პასუხს ვერ ვიგებ, ჩემთვის საეჭვო ხდება, რომ ეს ადამიანები სამწუხაროდ, "ფეიკის" სივრცეში არიან და გავლენის ქვეშ არიან",- განაცხადა ყაველაშვილმა.