ცალფეხზე უნდა ვიდგეთო, დადექით ბატონო ცალფეხზე და თუ გინდათ, ნუ იდგებით! ჩვენ ცალფეხზე დგომას არ ვაპირებთ, ჩვენ ღირსეულად ვაპირებთ ევროკავშირში ინტეგრაციას, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ.
მანამდე სიტყვით ისარგებლა „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე ისაუბრა. ამავდროულად მიხელ სააკაშვილთან მიმართებით რიტორიკულად დასვა შეკითხვა „ჭინკასავით რომ დახტოდა, იყო თუ არა ეს, რუსული საქმე?“, რა დროსაც მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე დაუპირისპირდა სიტყვიერად. ანა წითლიძეს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მიმართა.
„ქალბატონო ანა, ჩვენ ვართ ქართველ ხალხთან ერთად ქართველი ხალხის მხარდაჭერით.
თქვენ თქვენს ხალხს არ ეკუთვნით, თქვენ ხართ უსამშობლო. ცალფეხზე უნდა ვიდგეთო, დადექით ბატონო ცალფეხზე და თუ გინდათ, ნუ იდგებით! ჩვენ ცალფეხზე დგომას არ ვაპირებთ, ჩვენ ღირსეულად ვაპირებთ ევროკავშირში ინტეგრაციას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.