ავტორი:

გლობალურ მოქალაქეობაზე ესეების კონკურსი ვებსტერ საქართველოში დასრულდა

გლობალურ მოქალაქეობაზე ესეების კონკურსი ვებსტერ საქართველოში დასრულდა

„გლობალური მოქალაქეობა“ - ვებსტერის უნივერსიტეტში აღნიშნულ თემაზე ესეების კონკურსი დასრულდა. უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს აბიტურიენტებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით. გამარჯვებულს კი ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით გადაეცა.

კონკურსი მიზნად ისახავდა, აბიტურიენტს ეფიქრათ გლობალური მოქალაქეობის კონცეფციასა და მის მნიშვნელობაზე, გამოეკვლიათ ეს თემა და გამოეხატათ საკუთარი ხედვები აღნიშნულ თემაზე.

ვებსტერ საქართველოს ვიცე-რექტორი ემინ ჰაჯიევი აღნიშნავს, რომ გლობალური მოქალაქეობა გახლავთ თემა, რომლის სწორი გააზრებაც დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

„ვებსტერის უნივერსიტეტში ღრმად გვწამს, რომ მსოფლიო მოქალაქეობა არის საფუძველი იმისა, რომ შევქმნათ უფრო მშვიდობიანი, სამართლიანი და მდგრადი მსოფლიო. ეს ეფუძნება ჩვენს საერთო მიზნებსა და გამოწვევებს, ჩვენს საერთო ქმედებასა და სწრაფვას, რომ ვიმუშაოთ ერთად და ერთიანობით შევქმნათ უკეთესო მსოფლიო. დღეს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი მხოლოდ საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული, მსოფლიო მოქალაქეობის მნიშვნელობის გააზრებას განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ესეების რიგით მეორე კონკურსის თემა ყოფილიყო „მსოფლიო მოქალაქეობა“. ამ ახალგაზრდებს, აბიტურიენტებს საშუალება მივეცით, დაფიქრებულიყვნენ და კარგად გაეაზრებინათ გლობალურ მოქალაქეობასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები: სიღარიბე, ადამიანის უფლებები, მდგრადი გარემო და სოციალური სამართლიანობა. აუცილებელია, რომ ჩვენ ახალგაზრდა თაობასთან ერთად ვიმსჯელოთ ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე. მინდა ესეების კონკურსის თითოეულ მონაწილეს მივულოცო. მათმა ნაშრომებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა გლობალურად ფიქრისა და მოქმედების მნიშვნელობა, უკეთესი მომავლის იმედი გაგვიჩინა,“ - განაცხადა ემინ ჰაჯიევმა.

კონკურსში 125 აბიტურიენტი მონაწილეობდა. მათგან რჩეულის გამოსავლენად კი ვებსტერ საქართველომ სპეციალური ჟიური მოიწვია. მისი წევრები იყვნენ:

  • ალექსანდერ დანიელსი - საქართველოში აშშ-ის საელჩოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების უფროსი
  • გიორგი ისაკაძე - Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი
  • გიორგი მუჩაიძე - საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი
  • ტიმოთი ბლაუველტი - ამერიკის შეერთებული შტატების საბჭოს რეგიონული დირექტორი

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მუჩაიძის განმარტებით, ესეების კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.

„დიდი მადლობა ვებსტერის უნივერსიტეტს ამ კარგი ტრადიციის შენარჩუნებისთვის. წერა არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის. თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოებისთვის კი კრიტიკული აზროვნება გადამწყვეტია. სწორედ ისეთი ქვეყნები არიან წარმატებული, რომლებსაც ბევრი კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქე ჰყავთ. წერა კი არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ამ უნარ-ჩვევის განვითარებისათვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ რამდენიმე ესეში შემხვდა ძალიან კარგად გავლებული პარალელები ეროვნულობასა და გლობალურობას შორის. გლობალურ მასშტაბზე აქტივობა შეუძლებელია თუ საწყისი ნაბიჯები ეროვნულ დონეზე არ გადაიდგა. საქმის ეროვნულ დონეზე კეთება საწინდარია იმისა, რომ მას მსოფლიო დონეზეც გააკეთებ. მე ვფიქრობ, რომ თითოეული ახალგაზრდა, რომელმაც ეს თემა დაწერა, უკვე გამარჯვებულია. მათ ვუსურვებ, არ დაკარგო შემართება და მოტივაცია,“ - აღნიშნა გიორგი მუჩაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეს გახლდათ ვებსტერის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული რიგით მეორე ესეების კონკურსი, რომელიც აბიტურიენტებისთვის ჩატარდა.

R