ავტორი:

ქორწინება სტუდენტობისას, გატაცება ცხენოსნობით და გზა იურისტობიდან პოლიტიკისკენ - რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი?

ქორწინება სტუდენტობისას, გატაცება ცხენოსნობით და გზა იურისტობიდან პოლიტიკისკენ - რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი?

უკვე რამდენიმე თვეა პარლამენტში სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე პროცესი ჩიხში მას მერე შევიდა, რაც ომბუდსმენობის 19-ვე კანდიდატი ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატებმა მათთან საუბარსა და განხილვაზე უამრავი დრო დაკარგეს. მათ შორის ჩავარდა არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერილი სამი კანდიდატი, რომლებსაც ოპოზიციის დიდი ნაწილიც ემხრობოდა.

ახლა შერჩევის პროცესი ისევ თავიდან იწყება, ახალი ნაკადის პირველი კანდიდატი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი მისმა თანაგუნდელმა, ალეკო ელისაშვილმა დაასახელა.

"გარკვეული კონსულტაცია გვქონდა როგორც ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე მმართველ პარტიასთან... ის იყო ადვოკატი, ვიდრე პოლიტიკაში ჩაერთვებოდა. ადამიანის უფლებები უცხო არ არის ლევანისთვის", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.

Ambebi.ge ლევან იოსელიანის პორტრეტით დაინტერესდა. როგორი იყო დეპუტატის გზა პარლამენტამდე, ვინ არიან მისი ოჯახის წევრები და რატომ აირჩია წარმატებულმა იურისტმა პოლიტიკა...

  • პოლიტიკური ბიოგრაფია

44 წლის პოლიტიკოსმა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში დეპუტატის მანდატი 2020 წელს ჩაიბარა. 2021 წლის 4 თებერვლიდან იოსელიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა ჩიკაგოს კენტის სამართლის სკოლაში გააგრძელა, სადაც მაგისტრის ხარისხს დაეუფლა. მისი კარიერა ერთ-ერთ ბანკში იურისტობით დაიწყო, შემდეგ კი საკუთარი იურიდიული კომპანია "ასლანიშვილი და იოსელიანი“ დააფუძნა. 2008 - 2016 წლებში კი "ლევან იოსელიანის“ იურიდიული კომპანია. 2018 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო მოძრაობა“. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ორი წლის შემდეგ კი ალეკო ელისაშვილთან ერთად პოლიტიკაში მოდის და საარჩევნო ბლოკით "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ პარლამენტში ხვდება...

  • ოჯახი

ლევან იოსელიანის მეუღლეც იურისტია. თეა ნასარიძეს ბავშვობიდან იცნობდა, სწავლობდნენ ერთ სკოლაში, ოჯახი კი სტუდენტობისას შექმნეს.

"ხშირად ვხუმრობთ, - ერთად ბევრად მეტი დრო გვაქვს გატარებული, ვიდრე ერთმანეთის გარეშე-თქო. სამი შვილი გვყავს.

უფროსი ქალიშვილი, 22 წლის ანა, "თავისუფალი უნივერსიტეტის" სტუდენტია. 18 წლის კოტე და ნაბოლარა 12 წლის ნიკუშა. მგონი, შვილებისთვის, განსაკუთრებით ანასთვის, მეგობარი უფრო ვარ, ვიდრე მამა. ჩვენს ურთიერთობას რომ შეხედოთ, და-ძმა უფრო გეგონებით, ვიდრე მამა-შვილი. სხვათა შორის, ანა პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად მეხმარება. წინასაარჩევნო კამპანიაშიც ჩემ გვერდით იყო. ყველა ღონისძიებაში ჩემთან ერთად მონაწილეობდა“, - ამბობს კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

  • სპორტული ცხოვრება

დეპუტატი სპორტით არის გატაცებული, განსაკუთრებულად კი ცხენოსნობა მოსწონს. ამას იმით ხსნის, რომ საბურთალოს ქუჩაზე, იპოდრომთან ახლოს გაიზარდა და მთელი ბავშვობა იქ გაატარა. 15 წელზე მეტია რაც ცხენოსნობით არის დაკავებული. მონაწილეობს შეჯიბრებებშიც და მისი ყოველი დილა 7 საათზე, იპოდრომზე ვარჯიშით იწყება.

  • ქონებრივი დეკლარაცია

2023 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში, ლევან იოსელიანს ოჯახის წევრებად მეუღლე თეა ნასარიძე და უმცროსი შვილი ნიკოლოზი ჰყავს მითითებული.

თეა ნასარიძემ 2020 წელს 62 000 ათას დოლარად კიკეთში 1398 კვ.მ ნაკვეთი შეიძინა.

ლევან იოსელიანის ანგარიშზეა საირმეზე მდებარე 201.25 კვ.მ. ბინა, რომელიც 2007 წელს 126 000 დოლარად შეიძინა, მაგრამ მშენებლობის დაგვიანებით ჩაბარების გამო, უძრავი ქონება საჯარო რეესტრში 2022 წლის ივნისში დარეგისტრირდა.

დეპუტატის მფლობელობაშია ორი მანქანა. მსუბუქი ავტომანქანა Toyota RAV4 2013 20 000 დოლარად შეიძინა. იოსელიანს ჰყავს ასევე Toyota Corolla, რომელიც 2012 წელს 9000 დოლარად იყიდა.

დეკლრაციის შევსებისას იოსელიანს სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 9115,29 ლარი და 375,92 დოლარი. თეა ნასარიძეს შემნახველ ანგარიშზე 1130 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე 5629,83 ლარი, 999,18 კი ევრო ჰქონდა

თეა ნასარიძე შპს CBD Development-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსია, სადაც ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 91976,43 ლარი მიიღო. ნასარიძე ასევე BD Property-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსია, საიდანაც სახელფასო სარგოს სახით ერთი წლის განმავლობაში 17088,6 ლარი დაერიცხა.

ლევან იოსელიანს საქართველოს პარლამენტის აპარატის წევრობისა და ვიცესპიკერის თანამდებობრივი სარგო წელიწადში 61168,32 ლარს შეადგენს.

ლევან იოსელიანი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ალეკო ელისაშვილი მოქალაქეების" მოწვეული ლექტორი/ტრენერი გახლდათ, საიდანაც საჯარო ლექციის სანაცვლოდ, გასულ წელს, ერთჯერადად 1025,51 ლარი დაერიცხა.

დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ლევან იოსელიანს ძმამ 7100 ლარი აჩუქა.

  • საინტერესო დეტალები...

შესადარებლად, პოლიტიკოსის 2022 წლის დეკლარაციასაც გადავხედეთ, რომელშიც ჩანს, რომ 2020 წელს იოსელიანმა 700 დოლარად სკუტერი შეიძინა. ასევე იგი ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღს - HK USP Compact, რომლის საბაზრო ფასიც 3500 ლარი გახლდათ და მეგობრისგან საჩუქრად მიიღო. წელს იარაღი დეკლარაციაში აღარ მოხვედრილა.

ასევე დეკლარაციაში აღარ მოხვედრილა დეპუტატის შვილების სწავლის გადასახადი, რომელიც გასულ წელს საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

2022 წლის შევსებული დეკლრაციიდან ირკვევა, რომ თეა ნასარიძემ კონსტანტინე იოსელიანის სწავლის გადასახადის სახით წლის განმავლობაში 4300 დოლარი გაიღო. 4300 დოლარი გადაიხადა ნიკოლოზ იოსელიანის სწავლის გადასახადში. ანა იოსელიანის სწავლისთვის კი მამამ - ლევან იოსელიანმა 4000 ლარი გაიღო.

ომბუსმენად არჩევის ყველაზე დიდი შანსი ამ გადმოსახედიდან ლევან იოსელიანს აქვს. მას როგორც მმართველი პარტია, ასევე ოპოზიციის ნაწილი უჭერს მხარს .

იხილეთ ასევე: