ავტორი:

"მძიმედ ავად იყო, მიუხედავად ამისა, მაინც მღეროდა, ებრძოდა დაავადებას..." - კოლეგები "ცისფერი ტრიოს" სოლისტს, თამაზ სეფერთელაძეს იხსენებენ

"მძიმედ ავად იყო, მიუხედავად ამისა, მაინც მღეროდა, ებრძოდა დაავადებას..." -  კოლეგები "ცისფერი ტრიოს" სოლისტს, თამაზ სეფერთელაძეს იხსენებენ

დღეს ქართულ სასიმღერო ხელოვნებას შესანიშნავი მომღერალი, "ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე გამოაკლდა. „ცისფერმა ტრიომ“ ქართული ქალაქური სიმღერა აკადემიურ დონეზე აიყვანა.

"გული მატკინე და გაპატიე, ტკივილით უფრო მემახსოვრები… ჩემო სეფო, მშვიდობით, შეხვედრამდე იმ ქვეყნად მოსვლის ჩემი დრო როდესაც მოვა, მანამდე კი ტკივილთან ერთად სიკეთით, სიყვარულით, სიხარულით, თანადგომით, გულშემატკივრობით, სიმღერით, ენერგიით, მადლიერების გამოხატვის იშვიათი უნარით და მუდამ ოპტიმისტური ბუნებით მემახსოვრები... ჩვენგან წავიდა ცისფერი ტრიოს თამაზ სეფერთელაძე, უძვირფასესი და უმაგრესი ადამიანი, გულს მიმშვიდებს და ვამაყობ, რომ ამ უნიკალური ანსამბლის ბოლო საკონცერტო გამოსვლები ჩვენს პროექტს "მეხსიერების ბარათი N2“ დაუკავშირდა და მათდამი უდიდესი სიყვარულის გამოხატვა ეროვნულ ორკესტრთან ერთად დარბაზში მობრძანებულმა მრავალათასიანმა აუდიტორიამ ყოველ ჯერზე ფეხზე წამოდგომითა და დაუსრულებელი ხანგრძლივობის ოვაციებით შეძლო. როგორი ბედნიერი იყო ხოლმე ჩვენი სეფო… თანავუგრძნობ თამაზის ოჯახს, ტრიოს - დათოს, მალხაზს და მაღალი გემოვნების ქართული სიმღერის ყველა ქომაგსა და მოყვარულს“... - დაწერა სოციალურ ქსელში მუსიკოსმა ნიკოლოზ რაჭველმა.

ლაშა ღლონტი, მომღერალი:

- ბატონი თამაზი რამდენადაც კარგი მომღერალი, იმდენად უბრალო და ძალიან თბილი ადამიანი იყო. არ დამავიწყდება მისი დამოკიდებულება ახალბედა მომღერლების მიმართ, მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა სცენაზე პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. მისი სიტყვები, ქართული სიმღერის უდიდესი სიყვარული და მოწიწება, დამოკიდებულება გარშემომყოფების მიმართ, სამაგალითო გახლდათ.

"ცისფერი ტრიოს“ არაჩვეულებრივი სიმღერა კი, დიდი ხანია, კლასიკაა... ახლა არა მარტო "ცისფერი ტრიო“ დაობლდა, საერთოდ, ქალაქური მუსიკა და ხელოვნება. ეს ყველასთვის დიდი ტკივილია. ვიცოდი, რომ მძიმედ ავად იყო, მიუხედავად ამისა, მაინც მღეროდა, ებრძოდა დაავადებას, იმედიანად იყო და ახლა ძალიან დაგვწყვიტა გული...

...შემიძლია ვთქვა, რომ "ცისფერ ტრიოს“ რეპერტუარზე ვარ გაზრდილი. ჯერ კიდევ ლაპარაკიც არ ვიცოდი, მათ სიმღერებს რომ ვუსმენდი. ჩვენს ოჯახში დედაჩემის დამსახურებით, სულ ჩართული იყო ტრიოს მუსიკა. თუკი ამ სფეროში რამეს წარმოვადგენ და მივაღწიე, ეს ამ ადამიანების უდიდესი დამსახურებაა. საერთოდ ვფიქრობ, რომ თაობები ისე უნდა აღიზარდოს და ისე უნდა გაზარდონ, რომ "ცისფერი ტრიოს“ სიმღერები ოჯახში ფონად იყოს სულ ჩართული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, "ცისფერი ტრიოს“ დათო აბესაძე, გენიალური პირველი ხმაა და მალხაზ თავართქილაძე გენიალური ბანია, მაგრამ მეორე ხმას ქართულ სიმღერაში კიდევ სხვა დატვირთვა აქვს. ბალანსის დაჭერაა საჭირო და ბევრი ტექნიკური ნიუანსი, რაც უკვე პროფესიონალების სასაუბროა, მაგრამ ამ პოზიციის საოცარი მომღერალი იყო ბატონი თამაზი. შეუცვლელი მეორე ხმა...

თეონა ჯორბენაძე, სცენარისტი კონცეპArt-ის დამფუძნებელი:

- "ცისფერმა ტრიომ“ ძალიან დიდი სასიმღერო ეპოქალური კულტურა შექმნა და აკადემიურ მუსიკად აქცია ტრიოს მრავალხმიანი შესრულება. ეს არის ღვაწლი და ასე უნდა ვუწოდოთ მათ დამსახურებას ქართულ კულტურაში... მახსოვს, გერმანიაში ვიყავი ფესტივალზე, სადაც გამორჩეული მუსიკოსები მონაწილეობდნენ, მათ იცოდნენ მხოლოდ "ცისფერი ტრიო“ და ამ ჯგუფის ჩანაწერებს უსმენდნენ...

"ცისფერი ტრიო“ ჩემთვის კიდევ სხვა რამ არის. მის წევრებთან გამორჩეული სიყვარული მაკავშირებდა. ისინი მამაჩემის, თამაზ ჯორბენაძის სიმღერის, "ზამთარია, სიცივეა“ - შემსრულებლები იყვნენ. გარდა ამისა, მამას გარდაცვალების შემდეგ, ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ახლობელი ადამიანები გახდა ყველა ის, ვინც მისი დატოვებული ხელნაწერი ნოტების გაცოცხლებაში დამეხმარა. სიმღერა, რომელიც ყველაზე მეტად შეიყვარა ხალხმა, სწორედ "ცისფერმა ტრიომ“ ჩაწერა. საოცარი სანახავი იყო ის, თუ როგორ მუშაობდნენ, როგორ ძერწავდნენ, რა დამოკიდებულება ჰქონდათ.

გარდა ამისა, გასული წლის სექტემბრიდან, მათთან ერთად უბედნიერესი პერიოდი გავატარე, რადგანაც ვმუშაობდით პროექტზე "მეხსიერების ბარათი N2,“ სადაც ქართული კინომუსიკის შედევრები მე და ნიკა რაჭველმა გავაკეთეთ. "ცისფერი ტრიოს" სცენაზე გამოჩენა ისეთი დღესასწაული იყო, ვერც წარმოიდგენთ. როდესაც მაყურებელი მათ ხედავდა, საოცარი ამბავი ხდებოდა დარბაზში, იყო სიყვარულის გაზიარება და ოვაციები... დრო მართლა ისე აჩქარდა, რომ ცხოვრება ერთ წამზე ცოტა მეტია. ასეთი ადამიანის სიყვარული უნდა მოვასწროთ... 8 წარმოდგენა იყო და მერვეზე ვეღარ მოვიდა... 5 თებერვალს გვქონდა კონცერტი და 4-ში დავურეკე, - აბა, როგორ დაგაღალატებთო? სუსტად ვარ, მაგრამ თუ შევძელი ადგომა, მოვალო... დღეს დილას გავიგე, რომ გარდაიცვალა, ძალიან განვიცადე...

თურმე როგორ უმძიმდა და მაინც მოდიოდა. აი, რას ნიშნავს სცენა და მისი სიყვარული არტისტისთვის... გუშინ ვესაუბრე რუსუდანს, მის არაჩვეულებრივ მეუღლეს - რომ ჩამოვალ, თუ შეიძლება, მოვალთ-თქო, კარგიო. არ ვიცი, გული რას მიგრძნობდა, მაგრამ რომ გავთიშე ტელეფონი, ვინანე, ნეტავ, დღესვე მენახა-მეთქი... მხოლოდ ის მოვასწარი, რომ ვთხოვე, გადაეცა, როგორ ძალიან, ძალიან მიყვარდა...

ირაკლი ევსტაფიშვილი, ფლეიტისტი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსი:

- მათ ჩვენს პროექტში, რაზეც თეონამ ისაუბრა, ორკესტრანტების ძალიან დიდი სიხარული გამოიწვიეს. ალბათ რაღაც მომენტში მონატრებულები ვიყავით მათ ცოცხლად მოსმენას. ამ ცოცხალმა შესრულებამ საერთოდ სხვაგან წაიყვანა პროექტი. სულ სხვა მომენტები გააჩინა, რომელიც მათ გარეშე ვერ იქნებოდა. ნამდვილად სხვა მონატრების და ემოციის წინაშე აღმოვჩნდით. ეს კინომუსიკაც ამიტომაც იყო გენიალური. მაყურებელი ფეხზე იდგა...

საერთოდ, "ცისფერმა ტრიომ“ აკადემიურ დონეზე აიყვანეს ქართული ქალაქური სიმღერა. ის დონე ვეღარ "დაიდება“, რაც მათ შეძლეს. მათი "ლურჯი აპრილიც“ თითქოს აღარ იქნება ისეთი, როგორც ადრე იყო... ისინი ქართული კლასიკური ესტრადის წარმომადგენლები არიან. ამ ადამიანების გავლენით საქართველოში არაერთი ტრიო და კვარტეტი შეიქმნა. მეც მქონდა მათი ფირფიტები, რომლებსაც ვუსმენდი. ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაშიც დიდი როლი მიუძღვით.

  • ambebi.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომღერალ თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს.