ავტორი:

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - უსაფრთხოების სამსახურმა სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანა (ვიდეო)

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - უსაფრთხოების სამსახურმა სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანა (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტში, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, ხმაური და დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, პაატა მანჯგალაძე.

აღნიშნული კანონპროექტი გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჟიული შარტავას სახელობის სხდომათა დარბაზში უნდა განეხილათ. კანონპროექტის განხილვის და საერთოდ სხდომის ჩატარების წინააღმდეგ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით დარბაზიდან გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები.

ჟიული შარტავს სახელობის სხდომათა დარბაზში აყირავებულია სკამები და მაგიდები, გრძელდება შეძახილები "არა, რუსულ კანონს“. ხმაურისა და დაპირისპირების გამო ამ დრომდე არ დაწყებულა სხდომა, დარბაზში შევლის უფლებას არ აძლევენ მედიას და მესამე სექტორის წარმომადგენლებს.

პარალელურად პარლამენტის ფოიეში პროტესტს გამოხატავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

დაძაბული ვითარებაა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელთანაც.

შალვა პაპუაშვილთან შესვლას ითხოვს "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, თუმცა, დაცვის სამსახური მათ ამის საშუალებას არ აძლევს და ადგილზე შეხლა- შემოხლაა.

"არა რუსეთს, მონებო!" - სკანდირებენ ისინი.